ღია წერილი ბათუმელებს

ავტორი: გიორგი თავაძე

ჩემო  ბათუმელებო!

1970 წელს ფრანგულ გაზეთ „პარი მატჩ“-ში გამოქვეყნდა ინტერვიუ ცნობილ ფრანგ მწერალ ჟორჟ სიმენონთან. კითხვაზე, მისი მრავალრიცხოვანი მოგზაურობებიდან რომელმა ქალაქმა მოახდინა მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება, ბათუმმა-ო, უპასუხა.

მას შემდეგ თითქმის ორმოცდაათი წელი გავიდა. ბათუმში ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი კარგი  საქმეც  გაკეთდა, მაგრამ რატომ აქვს უამრავ ბათუმელს ძველი ბათუმის ნოსტალგია? რატომ ქვეყნდება მედიაში გულისტკივილით სავსე წერილები: „როგორ გადავარჩინოთ ბათუმი თვითმკვლელობას?“; „ბათუმს – არაქათქათას“;   „სირცხვილია!“  და სხვ? როგორც ჩანს, საამისო სერიოზული მიზეზები არსებობს, თორემ ამ სტატიების ავტორები ბათუმის გულშემატკივარი  ხალხია.

ერთად  ვნახოთ, რას წერენ ისინი ჩვენი საყვარელი ქალაქის შესახებ:

ნუგზარ ფოფხაძე – „ეს დღეები ბათუმში გახლდით ინვესტიციის ჩასადებად განწყობილ რამდენიმე ევროპელ მეგობართან ერთად. საკუთარი თვალით უნდოდათ ენახათ რამდენად მართალი იყო ჩემეული ლეგენდები ბათუმის შესახებ.

დაკვირვებულ თვალს არაფერი გამოეპარება: ბათუმის სიღრმე –  ისევ მოუვლელი,  ისევ ჭუჭყიანი… ისევ „პოტიომკინის სოფელი.“

ტრანსპორტის მოძრაობა – „სასწაული“.  კაფეებში –  ფასების ნამდვილი “ხანძარი”…

ჩემმა სტუმრებმა, რომლებიც ტურისტულ ბიზნესში ჩახედულები არიან,  დაასკვნეს: ასე  თქვენ  შორს ვერ გაფრინდებით, კიდევ  ბევრი  გაქვთ  გასაკეთებელი“-ო.

ლევან ღამბაშიძე – „თბილისს და ბათუმს რაც სჭირს,  გასაგებია უკვე. პრინციპში,  აღარც არაფერი ეშველება ამ ქალაქებს, მაგრამ იგივე გაუაზრებელი და მავნებლური ხელწერა სხვა ქალაქებსაც გადაედო“.

ც. კახაბერიძე, ნ. კვაჭაძე – „ძველი ბათუმის არქიტექტურა შველას საჭიროებს.  ისტორიული  ქალაქი  განადგურებულია… ძველი  ბათუმი  მრავალსართულიანი  კორპუსების  მწკრივში იკარგება.“

 ნუ დავამახინჯებთ   ბათუმს!

მეგობრებმა რომ არ გვითხრან, ჩვენც ხომ კარგად ვხედავთ, რომ ბათუმი თვალსა და ხელს შუა კარგავს თავის იერსახეს, იმ განუმეორებელ შარმს, ასე რომ დაამახსოვრა თავი სახელგანთქმულ ფრანგს? გულახდილები თუ ვიქნებით, სახელოვანი მწერალი, ეჭვგარეშეა, ბულვარით და ძველი ბათუმით მოიხიბლა, თორემ ქალაქის მეორე  ნახევარი არც მაშინ რომ არ გამოირჩეოდა დიდი სილამაზით და არც ახლა გვტაცებს  თვალს,  დამეთანხმებით,  ალბათ.

ზემოთაც ვთქვი და ვიმეორებ: ბევრი კარგი რამ გაკეთდა ბათუმში და მადლობა ბათუმელებს და მათ, ვინც ამ საქმეებს უწინამძღვრა, მაგრამ რაც არ გაკეთდა, ან, ცუდად გაკეთდა, ხომ უნდა გაკეთდეს და გამოსწორდეს? სამწუხაროდ, ხშირად, გაფუჭებულის გამოსწორება შეუძლებელი ხდება: რა ეშველება ბათუმის შუაგულში, ფოსტის ულამაზესი შენობის უკან მონსტრივით დაყუდებულ კორპუსს, ყველაფერს რომ ამძიმებს ირგვლივ? ან, მთელ ბათუმში მიმოფანტულ, ერთმანეთის წინ აღმართულ უსახურ, მრავალსართულიან სიმახინჯეებს? ან ვის მოუვიდა აზრად ისედაც ვიწრო ქუჩების დავიწროება და ქალაქის თეთრი იალქნის –  წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიის გადაკეთება? ბათუმმა სახე აკარგა – საერთო სათქმელი თქვა გიორგი ქართველიშვილმა (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა.“ 17.02.2017).          

ბათუმი – ტურიზმის  მექა  თუ …

ბათუმის „ურბანულ კატასტროფად“ შეფასებულ მდგომარეობას უმუშევრობის საკმაოდ მაღალ დონესაც თუ მივამატებთ,  ჩვენი ქალაქი არც ისე სახარბიელოდ გამოიყურება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბათუმის უსისტემო განვითარებაშია. არაა გამოკვეთილი ქალაქის მომავალი. ბათუმი სტიქიურად, ქალაქის განაშენიანებისა და სივრცითი მოწყობის გეგმის გარეშე ვითარდება (უფრო სწორად, იზრდება. ამას განვითარება არ ჰქვია!).

ყველაფერს ამქვეყნად თავისი მიზანი, ფუნქცია დ ა დანიშნულება უნდა გააჩნდეს. მათ შორის ქალაქსაც, რომელსაც ამ ფუნქციამ სარგებელი უნდა მოუტანოს. როცა ბათუმში ტურისტული ინფრასტრუქტურა შენდება, რაა  მიზანი – ბათუმის გადაქცევა ტურისტების მექად და მოსამსახურეების ქალაქად?  არ მგონია,  მოკლე,  ორ-სამთვიანმა ტურისტულმა სეზონმა ბათუმი ან ტურიზმის მექად აქციოს, ან მისი სტაბილური განვითარება  უზრუნველყოს.

ჩვენ ქალაქს, თანამედროვე „აბრეშუმის გზის“ მნიშვნელოვან სატრანსპორტო-სატრანზიტო კვანძს, უზარმაზარი პერსპექტივა აქვს სხვა უმნიშვნელოვანესი ფუნქციაც შეასრულოს. კერძოდ,  კავკასიისა  და  ახლო  აღმოსავლეთის    კულტურული,   საფინანსო  და  კომერციული  ცენტრის  ფუნქცია!  

ბათუმს  ყველა პირობა აქვს ასეთი მისიის შესასრულებლად.  საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ინფრასტრუქტურა, ზომიერი, სუბტროპიკული კლიმატი, განათლებული, კეთილგანწყობილი ხალხი ყველანაირ საშუალებას იძლევა ბათუმი ვაქციოთ მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენციების, ფესტივალების (კინოს, თეატრის, მუსიკის), ოფიციალური თუ არაოფიციალური დიპლომატიური შეხვედრების, სპორტული შეჯიბრებებისა და კომერციის აღიარებულ ქალაქად, რაც, გარდა იმისა, რომ  გააჩენს  მრავალ სამუშაო  ადგილს  და  არნახულ  სარგებელს   მოუტანს  ბათუმელებს,  ტურისტული სეზონის გახანგრძლივებასაც შეუწყობს ხელს.

ტურიზმი მომგებიანი და სასარგებლო საქმეა. კარგია, რომ აშენდა „ჰილტონი“ და „შერატონი“, „კემპინსკი“ და „რედისონი“, „რიქსოსი“ და „სქაი ტაუერიც“ კარგია, მაგრამ ქალაქის მხოლოდ ერთი მიმართულებით განვითარება გარკვეული საფრთხის მატარებელია. რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევის (კონფლიქტის ან ტერაქტის) შედეგად ის, წლების განმავლობაში, შესაძლოა უფუნქციოდ დარჩეს, რაც არაერთხელ მოსვლიათ ეგვიპტისა და თურქეთის ცნობილ კურორტებს. ასეთი საფრთხის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ქალაქი სხვა მიმართულებებითაც განვითარდეს.

                                                  მთავარი  საქმე  –  დასაქმებაა!

შეიძლება ბევრს მყუდრო და პატარა ქალაქში ცხოვრება ერჩივნა, მაგრამ ფაქტია, რომ ბათუმი გაიზარდა და კიდევ უფრო გაიზრდება. დიდ ქალაქს თავისი დადებითი მხარეები აქვს, მაგრამ თუ ადამიანი დასაქმებული არ იქნა და გარანტირებული შემოსავალი არ ექნა, ამ სიკეთეებით ვერ ისარგებლებს. ამიტომ, ქალაქისა და მოსახლეობის ზრდასთან ერთად შესაბამისი რაოდენობის ახალი სამუშაო ადგილებიც უნდა იქმნებოდეს, რასაც მხოლოდ ტურისტული ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს. თუ მრეწველობის აღდგენა-განვითარება ვერ მოხერხდა, ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ფონზე  კიდევ უფრო დამძიმდება დასაქმების პრობლემა, ხოლო უმუშევრობა ბათუმს კრიმინალურ ქალაქად გადააქცევს.

ბათუმის დასახვა კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის კულტურის, ფინანსებისა და კომერციის ცენტრად  არც თვითმიზანია, არც იდეაფიქსი და არც პარანოიდული აკვიატება. ეს საშუალებაა ვიცხოვროთ მთელი წლის განმავლობაში ეკონომიკურად და კულტურულად აქტიურ ქალაქში. ამ მიზნის განხორციელება პირდაპირ კავშირშია ბათუმში ახალი სამრეწველო საწარმოების მშენებლობასთან,   მცირე  და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და აქედან გამომდინარე,  ხალხის დასაქმებასთან.

ბათუმი მხოლოდ ბულვარი და სანაპირო არაა. „სასროლეთი“, „სტეფანოვკა“, „გარადოკი“, „ბენზე“, „ბონი“, „ბარცხანა“, „ფერია“,  „მანთაშევი“, „არდაგანი“, „ახალშენი“, „კახაბერი“,  „ანგისა“, „ადლია“, „ჭაობი“, „ლუდის ქარხნის დასახლება“ და ქალაქს ახალმიერთებული ტერიტორიებიც ბათუმია. თუ  გვინდა, რომ  ბათუმი  მართლა გახდეს ახლო  აღმოსავლეთის  კულტურული,  საფინანსო  და კომერციული ცენტრი, ზემოჩამოთვლილი უბნები XXI- საუკუნის შესაფერ კეთილმოწყობილ დასახლებებად უნდა ვაქციოთ  თანამედროვე საცხოვრებელი სახლებით (ძველების ადგილზე), სასტუმროებით, პარკებითა და სკვერებით, სპორტული, მუსიკალური და გასართობი ცენტრებით. ეს, გონიოს პოლიგონის განაშენიანებასთან ერთად (სადაც ბავშვებისათვის დიდი გასართობი ცენტრიც, „ქართული დისნეილენდი“ აშენდება) ათეული წლების განმავლობაში უზრუნველყოფს ათასობით სამუშაო ადგილს სამშენებლო კომპლექსსა და მასთან დაკავშირებულ დარგებში დასაქმებულთათვის  და კიდევ  მრავალ  სამუშაო  ადგილს  გააჩენს.

ამიტომ, მოვუწოდებ ბიზნესმენებს იფიქრონ სამშენებლო ინდუსტრიის საწარმოების მშენებლობაზე. ჩვენ, ყოველგვარი ეკოლოგიური მოთხოვნების დაცვით, უნდა  განვავითაროთ სამშენებლო ინდუსტრია და არამხოლოდ მშენებლობა. გაუმართლებელია, რომ როგორც სასტუმროებისთვის საჭირო ინვენტარი და კვების პროდუქტები, ასევე მშენებლობისთვის საჭირო კერამიკული ნაწარმი, კარ-ფანჯარა, სანტექნიკა, მოსაპირკეთებელი თუ სხვა მასალები თითქმის მთლიანად უცხოეთიდან შემოდიოდეს, როცა მათი წარმოება ადგილზეა შესაძლებელი. ბათუმელების დასაქმების მიზნით მერია ყოველმხრივ  შეუწყობს ხელს ადგილობრივ მეწარმეებს  ასეთი საწარმოების დაარსებასა  და  დაფინანსებაში.

როგორადაც არ უნდა  ვზრუნავდეთ ქალაქზე, მთავარი  საზრუნავი ადამიანია ქალაქში     მისი დასაქმება,  მისი კეთილდღეობა.

                                         კონსტიტუცია  – ბათუმს!

 თუ დროზე არ მიეხედა, ბათუმში მიმდინარე ქაოტური მშენებლობები საუკუნის დანაშაულად შეიძლება იქცეს ბათუმისა და ბათუმელების მომავალი თაობების წინაშე. ქალაქის მამების თავისმართლება – კერძო საკუთრებას და ინვესტიციებს ხომ არ შევზღუდავთო, არ მიიღება. მერია იმისთვის არსებობს, რომ საზოგადოებრივი ინტერესებიც გაათვალისწინებინოს ზოგიერთ გათავხედებულ მენაშენეს, როცა საქმე საერთო ქალაქს ეხება.

ამ უსისტემო და ქაოტური მშენებლობების მთავარი მიზეზი ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის არქონაა. ასეთი გეგმის უქონლობის გამო, გარდა იმისა, რომ ქალაქის ცალკეული უბნები ქვის ჯუნგლებად იქცა, რამდენიმე უბანი ეროვნულ ანკლავად ყალიბდება.

ამიტომ, დაუყოვნებლივ უნდა შემუშავდეს ქალაქის სტრატეგიული განვითარებისა და სივრცითი მოწყობის გეგმა, სადაც წინასწარ იქნება განსაზღვრული რა, სად და როდის აშენდება. სად ქუჩა იქნება, სად სახლი, სად თეატრი, საკონცერტო დარბაზი, სკვერი, პარკი თუ პარკინგი. არ

შეიძლება, ვისაც უნდა, როგორც უნდა და სადაც უნდა იქ აშენებდეს საკუთარი გემოვნებით  (უგემოვნოდ) და სულ არ ანაღვლებდეს როგორ ეწერება შენობა ქალაქის სინამდვილეში, სტილში, ლანდშაფტურ განაშენიანებაში. ყოველი სახლი, რომელიც ბათუმში აშენდება, არქიტექტორულ შედევრს უნდა წარმოადგენდეს. მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ძველი ბათუმის არქიტექტურა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

ისმის  კითხვა – რატომ  აქამდე  არ  შემუშავდა  ზემოაღნიშნული  გეგმა?  იმიტომ,  რომ  მისი შემუშავება არც მენაშენეებს აწყობდათ და არც მათ ზედამხედველებს სახელისუფლო სტრუქტურებიდან. ასეთი დოკუმენტი, რომელსაც ბატონმა გიგა ბათიაშვილმა „ქალაქმშენებლობის კონსტიტუცია“ უწოდა, ურბანული თვალსაზრისით სერიოზული ბორკილია მენაშენეებისა და ქალაქის ხელმძღვანელებისთვის თვითნებური გადაწყვეტილებების მიღებისა და  სამშენებლო  კოეფიციენტებით მანიპულირების წინააღმდეგ. ასე, რომ, კონსტიტუცია… (სამშენებლო!) – ბათუმს!

„ნამეტანს  ნუ  ვიზამთ, ამხანაგებო!“

საპორტო ქალაქები, როგორც წესი, ინტერნაციონალური ქალაქებია, სადაც მრავალი ეროვნების ხალხი იყრის თავს. ქართველებს  სხვა ერებთან  ტოლერანტული თანაარსებობა  არ  გვესწავლება, მაგრამ  გადაჭარბებული არაფერი ვარგა.

კარგად  ვიცი, რომ ეროვნებათაშორისი  ურთიერთობები  დელიკატური  და  ფაქიზი  თემაა,  მაგრამ დელიკატურობა და მოკრძალება სტუმარსა და მასპინძელს თანაბრად მოეთხოვება. სტუმრის  ხათრი და პატივისცემა იმის უფლებას  არ  იძლევა,  რომ  ქალაქის  უბნები  ეროვნული ნიშნით დანაწილდეს.  ვერავინ დამარწმუნებს, რომ ქალაქის ეროვნულ უბნებად დაყოფა  ხალხებს  შორის  მეგობრული  ურთიერთობების  გაღრმავებას  უწყობდეს  ხელს.

სხვა ერებისადმი კეთილგანწყობა  ჩვენი  ერის  გენეტიკური ნიშანთვისებაა, მაგრამ როგორც  მუხრან მაჭავარიანი  იტყოდა,  „ნამეტანს ნუ  ვიზამთ,  ამხანაგებო!“

 ვინ  უყვარს  ღმერთს  ყველაზე  მეტად?

ცივილიზებულ სამყაროში  ქალაქების  მნიშვნელობა საერთაშორისო  საგანმანათლებლო სივრცეში მათ მიერ წარმოდგენილი უნივერსიტეტების დონით განისაზღვრება. უნივერსიტეტებმა მოუტანეს მსოფლიო  სახელი  და  ცნობადობა ბათუმზე მცირე ქალაქებს – კემბრიჯს, ჰაიდელბერგს, გეტინგენს, გრაცს  და ა.შ.

ჩვენ მიერ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის კულტურულ, საფინანსო და კომერციულ ცენტრად შეგულებულ ქალაქში შესაბამისი დონის უნივერსიტეტები უნდა ფუნქციონირებდეს. მერიამ ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი ბათუმის უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის პრესტიჟულობისა და ცნობადობის ამაღლებას. გასაგებად რომ ვთქვა, დროთა განმავლობაში ბათუმი კავკასიისა და ახლო  აღმოსავლეთის პრესტიჟულ საუნივერსიტეტო ქალაქადაც უნდა ვაქციოთ, აქედან გამომდინარე კულტურული და ეკონომიკური სარგებლით. ზემოთჩამოთვლილი უნივერსიტეტები, თავიანთი სახელით და პრესტიჟულობით, შეიძლება ითქვას რომ „არჩენენ“ თავიანთ ქალაქებს.

„თუ გსურთ მზარდი ეკონომიკა და დასაქმების მაღალი მაჩვენებელი, მაშინ უმაღლეს განათლებაზე უნდა გააკეთოთ აქცენტი“ – APPLE-თან და iPhone-თან ერთად დაგვიტოვა წარმატების ფორმულა ოცდამეერთე საუკუნის გენიოსმა  სტივ  ჯობსმა.

„ღმერთს  ყველაზე  მეტად ის უყვარს, ვინც ცოდნით დადის“ – ოცდაერთი საუკუნის წინ გაანდო კაცობრიობას უფლის  საიდუმლო  ბრძენმა ზირაქმა.

 ტრანსპორტის პრობლემა მოგვარებადი საქმეა

ქალაქი,  ზოგადად,  დემოკრატიული  ინსტიტუტია. მასში კომფორტულად უნდა გრძნობდეს  თავს  შეძლებულიც და ღარიბიც, პროფესორიც და მუშაც, ხელოვანი და ხელოსანი, ავტომოყვარული და ფეხითმოსიარულე. ქალაქის მესვეურებმა ყველას ინტერესი უნდა გაითვალისწინონ.

მოსახლეობისა და დამსვენებლების უპირველესი ინტერესი სუფთა ჰაერის სუნთქვაა. საოცარია, მაგრამ ფაქტია – მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბულვარის მქონე ქალაქში მწვანე ნარგავები ოთხჯერ(!) ნაკლებია ნორმასთან შედარებით. ამიტომ, განსაკუთრებული  ყურადღება მიექცევა ქალაქის ეკოლოგიურ გაჯანსაღებას, ახალი პარკებისა და სკვერების გაშენებას, არსებული ნარგავების დაცვას.

თუ  რაიმე ანგრევს  ბათუმის ეკოლოგიას  და  უამრავ პრობლემას  უქმნის  ბათუმელებს  და ჩამოსულ სტუმრებს, ტრანსპორტით გადატვირთული გზები და გამონაბოლქვი აირებია. ეს პრობლემა მოგვარებადია და მოგვარდება ასე: ტურისტული სეზონის პიკში, ივლის-აგვისტო-სექტემბერში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში,  ყველა მიმართულებით, მცირე ინტერვალებით, მუდმივად, იმოძრავებენ ათ და ოცადგილიანი საზაფხულო ტიპის ელექტროავტობუსები. ქალაქის სტუმრები თავიანთ ავტომობილებს დატოვებენ ბათუმის შემოსასვლელებში სპეციალურად აგებულ მიწისზედა თუ მიწისქვეშა ავტოსადგომებზე. მათ იქ დახვდებათ (ისევე, როგორც რკინიგზის სადგურთან) ზემოაღნიშნული ავტობუსები. ასეთი ავტობუსები იმოძრავებენ აეროპორტი-სარფისკენაც. მოიხსნება საკუთარი ავტომობილებით გადაადგილების აუცილებლობა. დასახულია სხვა ღონისძიებებიც. ძველი ბათუმი გამოცხადდება შემოსული მანქანებისგან  თავისუფალ ზონად.

„…განმგებელთა  გონიერებით კი  ქალაქი აშენდება!“

მერობა საპასუხისმგებლო  სამეურნეო  თანამდებობაა, რომელიც მრავალმხრივ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს.  „მრავალნაცადმა კაცმა  ბევრი  იცის  და გამოცდილი  გონივრულს  გვაუწყებს… განმგებელთა  გონიერებით კი ქალაქი აშენდება!“(„ ძვ. აღთქმა“)

თუ ბათუმის მომავალთან დაკავშირებით აქ წარმოდგენილი მოსაზრებები თქვენთვის მისაღებია, მზად ვარ ჩემი ორმოცწლიანი სამეცნიერო, პოლიტიკური და სამეურნეო საქმიანობის გამოცდილებით შემოდგომაზე ქალაქის მერის რანგში შემოგთავაზოთ  ჩემი სამსახური  ბათუმელებს. იმის დასტურად, რომ საქმიანი თვისებები არ დამეწუნება, 1997/2004 წლებში აჭარის ენერგოსისტემის ხელმძღვანელად ჩემი მუშაობის პერიოდიც გამოდგება, როცა შვიდი უმძიმესი ენერგეტიკული წლის მანძილზე ბათუმი ყველაზე  განათებული ქალაქი იყო ქვეყანაში, რაც, იმედი მაქვს, თქვენც გახსოვთ. ეს,  „აჭარის ენერგოკომპანიის“ შესანიშნავ კოლექტივთან ერთად, ჩემი „მოხერხებული“ იყო.

ბათუმში კიდევ ბევრი რამეა მოსაგვარებელ-მოსახერხებელი. საზღვაო პორტის საკითხით დაწყებული,  მათხოვრების პრობლემით  დამთავრებული.  კარგად ვიცი ბათუმელების  განწყობები,  მათ შორის,  პატრიოტული…

ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, რომ ბათუმში გამეფებული სამშენებლო ბაკქანალიის შეჩერებას და ქალაქის განაშენიანების სწორი მიმართულებით წარმართვას ჩემი პრინციპების კაცი სჭირდება. მე, ვინც ბათუმს თავისი დროის  ურთულესი პრობლემა  გადავუწყვიტე,  სხვა  პრობლემებსაც   გადავუწყვეტ.  ყველა საკითხს გონივრულად მოევლება.

ველი თქვენს გამოხმაურებას.

თუ  არჩევანს  ჩემზე  გააკეთებთ, გპირდებით, რომ ბათუმი გახდება კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის კულტურული, საფინანსო და კომერციული ცენტრი,  ხოლო თქვენ  და  თქვენი  შვილები  თანაბრად  ლამაზ,  ეკონომიკურად  და კულტურულად  აქტიურ,  მოწესრიგებულ ქალაქში იცხოვრებთ.

გიორგი   თავაძე, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ენერგეტიკისა და საინჟინრო აკადემიების ნამდვილი წევრი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
Author with nice biographical info Wordpress dev for Netgazeti