მწვანე კონცხზე მიწა ბერა ივანიშვილმაც იყიდა

მწვანე კონცხზე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის შენობა აღარ დგას. დაინგრევა უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის მრავალსართულიანი შენობაც. ეს შენობები და მიწის ნაკვეთები აქ აჭარის მთავრობამ „ბიზნეს დეველოპმენტს“ მიჰყიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. აქვე 6003 კვ/მ ტერიტორია, რომელიც საერთო საცხოვრებელს ესაზღვრება,  სახელმწიფომ აჭარას გადასცა საკუთრებაში. ამ ნაკვეთის შეძენითაც „ბიზნეს დეველოპმენტია“ დაინტერესებული. მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთი იყიდა შპს „ურეკი რეზიდენსმაც“, რომლის 100% წილის მფლობელი ბერა ივანიშვილია.

მწვანე კონცხი /2017 წლის მარტი / მანანა ქველიაშვილის ფოტო

მწვანე კონცხი, უნივერსიტეტის ყოფილი შენობა[მარჯვნივ] /2017 წლის მარტი / მანანა ქველიაშვილის ფოტო

მწვანე კონცხი /2017 წლის 22 ოქტომბერი / მანანა ქველიაშვილის ფოტო

მწვანე კონცხი, უნივერსიტეტის ყოფილი შენობა დანგრეულია /2017 წლის 22 ოქტომბერი / მანანა ქველიაშვილის ფოტო

„ურეკი რეზიდენსმა“ 18 ოქტომბერს მწვანე კონცხზე მდებარე ის ნაკვეთი დაირეგისტრირა საკუთრებაში, რომლის დარეგისტრირებას საკუთრებაში შპს „ბიზნეს დეველოპმენტი“ 4 ოქტომბერს ითხოვდა. რეესტრმა საქმის წარმოება 5 ოქტომბერს იმ მიზეზით შეაჩერა, რომ „მყიდველის წარმომადგენლის მინდობილობას ვადა ჰქონდა გასული“; ამასთან, არ იყო წარდგენილი „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი“ [საქმის წარმოება 12 ოქტომბერს შეწყდა].

მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთი, რომლის საკუთრებაში დარეგისტრირებას „ბიზნეს დეველოპმენტი“ ცდილობდა და შემდეგ „ურეკი რეზიდენსმა“ დაირეგისტრირა, კერძო პირისგანაა შესყიდული. ეს ნაკვეთი ქობულეთი-ბათუმის ავტომაგისტრალსა [ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან ახლოს] და ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის შენობას შორის მდებარეობს.

საქართველოს მთავრობამ, 6003 კვ/მ მიწის ნაკვეთი, რომელიც უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის მიმდებარედაა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 5 ოქტომბერს გადასცა საკუთრებაში. ამ ნაკვეთის მოსარგებლედ ამ დრომდე რეესტრში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტია [ბსუ] მითითებული.

რა მიზნით გადმოეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი აჭარას? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ამ ნაკვეთით დაინტერესებულია „ბიზნეს დეველოპმენტი“. კითხვაზე, რა ფორმით გადაეცემა ქონება კერძო კომპანიას [პირდაპირი მიყიდვა, გამოცხადდება აუქციონი, თუ სხვა]? –  სამინისტროში გვითხრეს, რომ „სამინისტრო შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით იმოქმედებს“.

მწვანე კონცხი, უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობა [მარცხნივ] / 22.10.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო

მწვანე კონცხი, უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობა [მარცხნივ]. ამ შენობის უკან არის ნაკვეთი, რომელიც სახელმწიფომ აჭარას გადასცა / 22.10.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის [ბსუ] ინფორმაციით, უნივერსიტეტს დღეს მწვანე კონცხზე სარგებლობაში დარჩა 16 სხვადასხვა ნაკვეთი, რომელთა შემოღობვას ჯამში 20 კმ-ზე მეტი სიგრძის ღობე სჭირდება. ბსუ-ში გვითხრეს, რომ შემოღობვა დაწყებულია, თუმცა არის ფინანსების პრობლემაც, კოორდინაციაში არიან აჭარის მთავრობასთან, ამასთან, ოცამდე ადგილობრივი მოსახლე გამოთქვამს პრეტენზიას, რომ ამ მიწის ნაკვეთებთან გადაფარვაშია ის ნაკვეთები, რომლებითაც ისინი სარგებლობენ.

ყოფილი აგრარული უნივერიტეტის ტერიტორიაზე „ბიზნეს დველოპმენტს“ მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექს „მაგნოლიას“ მშენებლობა დაწყებული აქვს. დასასვენებელ კომპლექს  [Magnolia – Resort & SPA] პროექტის ინიციატორი და ინვესტორი კი ბიძინა ივანიშვილია. ამის შესახებ თავის დროზე ივანიშვილისვე დაფუძნებულ „თანაინვესტირების ფონდში“ განაცხადეს.

„ბიზნეს დეველოპმენტი“ მწვანე კონცხზე პლაჟის მიმდებარე ნაკვეთებსაც [ფართობი 6 346 კვ.მ] ითხოვს საკუთრებაში, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 2 მილიონ 500 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების პირობით. ასევე ითხოვს პლაჟის უსასყიდლოდ გადაცემას 49 წლით. ეს ნაკვეთები ჯერ აჭარის საკუთრებაშია. აჭარას კი ეს ქონება ბათუმის საკრებულომ გადასცა.

„ბიზნეს დეველოპმენტმა“ ამ დროისთვის, მთლიანობაში, მწვანე კონცხზე სახელმწიფოსგან 48 047 კვ/მ მიწის ფართობი შეისყიდა და აპირებს იყიდოს 7 294 კვ/მ მიწის ნაკვეთიც, რაზედაც სახელმწიფო, ფაქტობრივად, თანახმაა. „ბიზნეს დეველოპმენტს“ ასევე სურს 49 წლით უსასყიდლოდ მიიღოს მწვანე კონცხის პლაჟი, ფართობით – 6346 კვ/მ.

მწვანე კონცხი / პლაჟი, რომელსაც „ბიზნეს დეველოპმენტი“ 49 წლით ითხოვს / თედო ჯორბენაძის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

მწვანე კონცხი / პლაჟი, რომელსაც „ბიზნეს დეველოპმენტი“ 49 წლით ითხოვს / თედო ჯორბენაძის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

„ბიზნეს დეველოპმენტი“ მწვანე კონცხზე ყოფილი საბაგირო გზის ნაცვლად ახალი საბაგირო გზის [მშენებარე „მაგნოლიადან“ პლაჟამდე] აშენებას გეგმავს. შესაძლოა საბაგირო მეორე მხარესაც აშენდეს, სადაც ნაკვეთი „ურეკი რეზიდენსმა“ დაირეგისტრირა.

ბათუმში, ასევე მწვანე კონცხის დასახლებაში, 20 366 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სექტემბერში, საქართველოს მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 931 ათას ლარად, საკუთრებაში გადასცა კომპანია „ელიტ კონსტრაქშენ გრუპს“, რომელიც კერძო პირმა ქონების გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com