„ოცნების“ მერობის კანდიდატი ქედაში: რეორგანიზაციის და დათხოვნის წინასწარი ხედვა არ მაქვს

ქედაში მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ პროფესიით ექიმი, აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან გორგილაძეა. მინისტრად დანიშვნამდე იგი სხვადასხვა პერიოდში უბნის ექიმად, აჭარის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო კრიმინალისტიკური განყოფილების გამგედ, „რესპუბლიკური ნარკოლოგიური ცენტრის“ დირექტორად და სასამართლო ექსპერტიზის ერონული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის სამსახურის უფროსად მუშაობდა. ლევან გორგილაძე ქედის მერობის კანდიდატად წარდგენამდე ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორად მუშაობდა. მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ქედაში „ბათუმელების“ კითხვებს პასუხობს.

ატონო ლევან, გაჟღერებული ინფორმაციით, ქედის მერობა არ გინდოდათ. რატომ დათანხმდით პარტიას ამ შემოთავაზებას? რატომ გაგიჩნდათ მერობის სურვილი?

საკმაოდ ბევრი თანამდებობა მაქვს გამოცვლილი და არც ერთხელ საკუთარი კანდიდატურა მე თვითონ  არ წამიყენებია, ყოველთვის წყვეტს გუნდი, სად ვარ საჭირო. რადგან გუნდმა გადაწყვიტა, რომ აქ ვარ საჭირო, აქ ვიქნები, რა თქმა უნდა, თუ მოსახლეობა ამირჩევს.

წლების განმავლობაში ბათუმში მუშაობდით, საიდან იღებდით ინფორმაციას ქედაზე და რა იცით, რა პრობლემებია?

ამ მუნიციპალიტეტში დავიბადე და გავიზარდე. დღესაც დედაჩემი ქედაში, სოფელში ცხოვრობს, არასდროს გამიწყვეტია კავშირი ქედასთან, ვიცი ამ სოფლების გასაჭირი, გამოწვევა და  პრობლემები. საკუთარი შრომა მაქვს ჩადებული სოფელში ბავშვობასა და შემდეგ პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ბათუმში ვმუშაობდი, ყოველთვის მქონდა კონტაქტი ქედასთან და მთლიანად აჭარის მოსახლეობასთან, რადგან ისეთი მუშაობის  შესრულება მიწევდა, რაც მუნიციპალიტეტებთან კავშირში იყო, უცხო არ არის მუნიციპალიტეტი ჩემთვის.

 თვლითუ არა, რომ მერობა პოლიტიკური თანამდებობაა და რა პოლიტიკური გამოცდილება გაქვთ?

კანონით პოლიტიკური თანამდებობაა, თუმცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი უფრო ხალხის რჩეულია და ხალხის წინა პლანზე დაყენებაც მნიშვნელოვანია. რაც შეეხება გამოცდილებას, საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს, ადმინისტრირებისა და მართვის მიმართულებით სადოქტორო დისერტაცია მაქვს დაცული, ამ მიმართულებით ვკითხულობ ლექციებს, შესაბამისად,  არამარტო პოლიტიკური გამოცდილება, თეორიული ცოდნაც მაქვს.

რატომ უნდა მოგცეთ ხმა ამომრჩეველმა, რას გააკეთებთ მათთვის?

 ყველა ჩემს ამომრჩეველს ვაცნობ ჩემს შესაძლებლობებს, ასევე იმ პროგრამას, რითაც უნდა ვიმუშაო.

კონკრეტულად რა დაპირებებით მოდიხართ?

ვაგრძელებთ იმ დაწყებული პროექტების განხორციელებას, რაც აქტიურად მიმდინარეობს. ყველა სოფლის ცენტრამდე გზა მყარი საფარით უნდა დაიფაროს. განათება და წყალი ყველა სოფელში – ეს უნდა დასრულდეს 2018 წლის ბოლომდე. შემდეგი პროექტი იქნება საუბნო გზების მოწყობა, განსაკუთრებით იმ საუბნო გზების, სადაც მსუბუქ ავტომობილსა თუ  სასწარფოს გადაადგილება უჭირს, ან წვიმის დროს რთულია მისვლა. როცა ჩვენ ამ პროექტებს მოვრჩებით, დადგება გაზიფიკაცის საკითხი სოფლებში – სოფლის ცენტრებამდე მიყვანა და იქედან – ოჯახებამდე.

სახელისუფლებო თუ არასახელისუფლებო პარტიები მოსახლეობას ყოველთვის გზის, განათებისა და წყლის პრობლემის მოგვარებას ჰპირდებიან, რას ფიქრობთ, რამდენად მომგებიანია ერთი და იგივე დაპირებები ყველა არჩევნებზე? 

სოფლების დიდი ნაწილი შემოვიარე, ცენტრებამდე გზების  80%-ი თითქმის გაკეთებულია, ცენტრებში ამავე პროცენტულობით განათება გაკეთებულია, აქედან გამომდინარე, ვამბობ, რომ 2018 წელს სრულად უნდა დასრულდეს ეს პროექტები.

არსებული პრობლემების მოგვარებას რა თანხა დასჭირდება?

2018 წლის ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის მოქმედი შემადგენლობით დგება, ჩემი არჩევის შემთხვევაში ბიუჯეტს დეტალურად გავივლით, შესაბამისად, მაშინ უფრო მეცოდინება რა თანხობრივი გადანაწილებაა საჭირო.

თუ არ არსებობს გათვლები, პირობითი ხომ არ არის თქვენი განცხადება, რომ 2018 წლამდე პრობლემები მოგვარდება?

გათვლები არსებობს, თუმცა ამ დროისთვის ხელთ არ მაქვს ბიუჯეტი, ის რომ 80% გაკეთებულია და 20%-ია დარჩენილი, ამის გაკეთება 2018 წლისთვის პრობლემა არ უნდა იყოს.

 

 იცის თუ არა რამდენია ქედის ბიუჯეტი?

 10 მილიონამდეა.

 თქვენი აზრით, რა პერსპექტივა გააჩნია მუნიციპალიტეტს და რა მიმართულებით უნდა დაიგეგმოს პროგრამები?

ისეთი პროექტები უნდა განხორციელდეს, რომლებიც მუნიციპალიტეტის შემოსავალს გაზრდის. ვიწყებ მუნიციპალიტეტის საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შედგენას. სტრატეგიული გეგმის შედგენის გამოცდილება მაქვს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც წარმატებით ხორციელდება, ჩემი აქტიური მონაწილეობითაა გაკეთებული, თუ საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, მოწვეულ ექსპერტებსაც დავიხმარებთ. პირველ წელს ჩვენ ანალიზს ჩავატარებთ, თუ რა შესაძლებლობები, ძლიერი და სუსტი მხარეები გვაქვს. სტრატეგიის მიზანი იქნება სოციალურად დაცული და ეკონომიურად ძლიერი ოჯახები ჯანსაღ გარემოში. ყველა ჩვენი პროექტი, ხალხზე და ხარისხზე ორიენტირებული და სხვა პროექტებთან ინტეგრირებული იქნება, ისე, რომ პროექტები ერთმანეთთან კოორდინაციაში იყოს და არა ცალკე.

მუნიციპალიტეტში, სადაც მერობისთვის კენჭს იყრით, მოსახლეობის ძირითადი შემოსავალის წყარო სოფლის მეურნეობაა. როგორ გესახებათ ამ სფეროს განვითარება, რას უნდა მიენიჭოს პრიორტეტი და რატომ?

ჩვენ უნდა დავნერგოთ გარკვეული სწავლების ფორმები, ფერმერებს განათლების საშუალება უნდა მივცეთ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში წამყვანი თანამდებობა გეკავათ, რა შეიცვალა თქვენი მუშაობის დროს ჯანდაცვის სისტემაში სოფლად? შუქის და წყლის გარეშე არიან სოფლებში სამედიცინო პუქნტები.

აჭარა არის ერთადერთი რეგიონი, რომელმაც შეინარჩუნა თემის სამედიცინო პუნქტები. როცა ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობა დავიწყე,  არა მხოლოდ შუქის, არამედ ყველა გადასახადს იხდიდნენ – გათბობისა და წამლების ფულს, ჩვენ მოვამარაგეთ წამლებით, კომუნალურ გადასახადებს ვუხდით, ელექტროენერგია გვრჩება სუსტ წერტილად. დარწმუნებული ვარ 2018 წლამდე მოხდება გამრიცხველიანება და შესაბამისად, ელექტროენერგიის საფასურის გადახდა.

ქედის მოსახლეობისთვის ადგილზე სამედიცინო მომსახურება თითქმის ხელმიუწვდომელია. საავადმყოფოს სპეციალისტები არ ჰყავს, უფრო მეტიც, კრიტიკულ სიტუაციაში მყოფი პაციენტები რეანომობილს ბათუმში გადაჰყავს. როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?

არც ერთი ქვეყნის მუნიციპალურ დასახლებაში არ არის ისეთი საავადმყოფოები, როგორიც ცენტრებში. აქედან გამომდინარე, კრიტიკულ სიტუაციაში მყოფი პაციენტის მოვლა გაცილებით დიდი რისკის შემცველია, ვიდრე მისი დროული გადაყვანა დიდ კლინიკებში. რეფერირების სისტემა სწორი სისტემაა. მსოფლიო ორგანიზაციების მიერ აღიარებულია, რომ რეფერირება ყველაზე სწორი გამოსავალია.

აჭარის მაღალმთიანეთშიმათ შორის ქედაშიც, დაბალი ანაზღაურება აქვთ საბავშვო ბაღების, კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. თქვენი მერობის შემთხვეაში, გადაიხედება თუ არა სახელფასო პოლიტიკა? 

ამ საკითხებს მაშინ გავივლით, როცა საშუალება მომეცემა სისტემურად შევხედო ბიუჯეტს, პირდაპირ არ შემიძლია დაპირება მივცე, რომ ჩემი მისვლისთანავე ხელფასები გაიზრდება.

როგორ წარმოგიდგენიათ ტურიზმის განვითარება სოფლად?

ამისთვის პირველ რიგში მოსახლეობის მოტივაციაა საჭირო, რომ ამ მიმართულებით იმუშაონ. მეორე ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დაეხმარონ მოსახლეობას საგრანტო პროექტების დაწერაში, მოსახლეობის ნაწილმა დამოუკიდებლად შექმნა ტურისტული ობიექტები, რომლებიც წარმატებულად მუშაობს.

თქვენ ისაუბრეთ მოსახლეობის ჩართულობაზე, რაც შეეხება სახელმწიფოს ჩართულობას, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ?

სახელმწიფო აკეთებს ამისთვის იმას, რაც მნიშვნელოვანია, ანუ  სადაც ბიზნესის განვითარება შეიძლება, ჩვენი დახმარება იქნება ხელი შევუწყოთ კარგი პროექტის დაწერაში. თანხის პრობლემა არ არის, უფრო მნიშვნელოვანია დავეხმაროთ კარგი პროექტის დაწერაში.

ქედაში დაგეგმილია ჰესების მშენებლობა. რამდენად გაითვალისწინებთ მოსახლეობის ინტერესებს პროექტის განხორციელებისას?

განსხვავებით  იმ პროექტებისა, სადაც იყო გვირაბების  გაყვანა აფეთქებით, აქ ასე არ იქნება. აქ იქნება სპეციალური ტექნიკა, ამიტომ ნაკლები შემხებლობა იქნება მოსახლეობასთან დაზიანების თვალსაზრისით. სხვა დანარჩენი თუ პრობლემა იქნება, მოსახლეობასთან ერთად ვიმუშავებთ, მე აუცილებლად ჩავერთვები ხელშეკრულების გაფორმების დროს, რომ ყველაფერი მოფიქრებული და ზუსტად გათვლილი იყოს.

პირველადი გეგმით გვირაბი გეოლოგიურად აქტიურ ზონაში, სოფელ ჯალაბაშვილებში უნდა გასულიყო, თუ პროექტი არ შეიცვლება, წახვალთ პროექტის წინააღმდეგ?

პირველადი გეგმა შეიცვალა, თუ კითხვითი ნიშნები დარჩება, პროექტს  ხელი მანამდე არ მოეწერება, ვიდრე საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა არ დაიდება მოსალოდნელი ზიანის შესახებ.

ქედაში წამყვან პოზიციებზე ქალები თითქმის არ გვხდებიან, რას ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქალები იყვნენ წამყვან პოზიციებზე? 

მე ვემხრობი გენდერულ თანასწორობას, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია და არის კადრი, დაინტერესებული ვარ მეტი ქალი ჩაერთოს მართვაში.

თუმცა პარტიას, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, არც ერთი მაჟორიტარი ქალი კანდიდატი არ ჰყავს ქედაში, პარტიულ სიაშიც მხოლოდ რამდენიმე ქალია. ამ საკითხებზე არ იმსჯელეთ?

ქალბატონებს სურვილი არ გამოუთქვამთ, ალბათ, თორემ ჩასვამდნენ.

თუ აგირჩევენ ქედის მერად, იმ პოზიციებზე, რომლებზეც გამგებელი ერთპიროვნულად ნიშნავს და ათავისუფლებს თანამშრომლებს, შეიცვლება თუ არა კადრები?

არანაირი რეორგანზაციის, რესტრუქტურიზაციის და დათხოვნის წინასწარი ხედვა არ მაქვს, ყველა ადამიანის რაღაც სფეროში გამოყენება შეიძლება.

ყველა ხელისუფლების დროს პოლიტიკურ ნიშნით ხდებოდა თანამშრომელთა აყვანა-გათავისუფლება, თქვენს შემთხვევაში რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს მოსახლეობას?

გადახედეთ ჩემს წინა სამსახურებს, არც ერთ შემთხვევაში ეს არ მომხდარა… ჩემი ნათესავიც არ მიმიყვანია ვიღაცის ნაცვლად. თუ ვაკანსია გაჩნდებოდა, ობიექტურად ინიშნებოდა კადრი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი