მთავარი,მულტიმედია,სიახლეები

შვილები დედების წინააღმდეგ

28.09.2017 • 36383
შვილები დედების წინააღმდეგ

ავტორი: ჯაბა ანანიძე 

„ძალიან რთულია მისცე ჩვენება საკუთარი შვილის წინააღმდეგ,“ – ეს ერთ-ერთმა დედამ უთხრა მოსამართლეს და ცრემლიანი მზერის დამალვა სცადა. მან პოლიციას საშველად მას შემდეგ მიმართა, როცა შვილმა ბებიასაც სცემა. სპეციალისტების თქმით, დედები უკიდურეს სიტუაციაში მიმართავენ სამართალდამცველებს, რადგან უჭირთ იმის გამჟღავნება, რომ შვილები მათზე ძალადობენ.

ოჯახში ძალადობის მუხლით სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებში რთული არ არის იპოვო საქმე, სადაც შვილები გასამართლდნენ, მაგალითად, იმიტომ, რომ არასრულწლოვანმა შვილმა დედას მუცელში დანა დაარტყა; 20 წლის ბიჭმა უსინათლო დედას სცემა; ან კიდევ: შვილისგან ძალადობით დაღლილმა დედამ მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტომით სცადა თვითმკვლელობა…

 

ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია

*****

ეს ამბავი გასული წის გაზაფხულზე მოხდა. 16 წლის აზამ [სახელები შეცვლილია] საკუთარი დედა მუცელში დანით დაჭრა.

„დაახლოებით საღამოს 6 საათზე, ბათუმში, ჯა…..ში მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ან……ვამ, ცივი იარაღის, დანის გამოყენებით, დედას ირ…..ვას მიაყენა მუცლის წინა კედლის ნაკვეთი ჭრილობა, შემავალი მუცლის ღრუში, მსხვილი ნაწლავის დაზიანებით, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო…“ – ვკითხულობთ მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის მიერ ხელმოწერილ განაჩენში. სასამართლომ არასრუწლოვნის ინტერესი გაითვალისწინა და აზას ორი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ორი წელი – გამოსაცდელი ვადით. არასრულწლოვანმა საპატიმრო დაწესებულებაში მხოლოდ სამი თვე გაატარა.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნახავთ პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს შეფასებასაც. „მოზარდს აქვს ემოციური და ქცევითი პრობლემები. ასევე დაფიქსირდა ქცევითი თავისებურებები -კონფლიქტური ქცევა, იმპულსურობა და თამბაქოზე დამოკიდებულების პრობლემა. ვლინდება წარსული ძალადობრივი ქცევები, როგორც არასრულწლოვნის მხრიდან, ისე დედის მხრიდანაც. მოწოდებული ინფორმაციით, მას ურთიერთობა აქვს არაკეთილსაიმედო პირებთან. მოზარდს უჭირს თვითკონტროლი, გამოხატავს აგრესიას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანების მიმართ,“ – აღნიშნულია დასკვნაში.

პრობაციის სააგენტოს სოციალური მუშაკის ინფორმაციით, განაჩენის გამოტანამდე, აზას ურთიერთობები დედასთან მოგვარდა, ასევე ბებიასთან, რომელიც დედა-შვილთან ერთად ცხოვრობს.

დედის დაჭრამდე აზას მინდობით აღზრდაში გადაცემა სურდა ოჯახს, რაზეც გოგოს უარი უთქვამს. აზა არაერთხელ გაქცეულა სახლიდან…

სოციალური მუშაკი აღნიშნავს იმასაც, რომ აზას გარკვეული აქვს თავისი მომავალი, აპირებს უცხო ენების შესწავლას და კაზინოში დასაქმებას, „ფიქრობს, რომ ამაში მეგობარი დაეხმარება, რომელიც კაზინოში მუშაობს მაღალ პოზიციაზე… მოზარდს აქვს გამოკვეთილი ჰობი და ინტერესები, რაც უკავშირდება ხატვას და ცეკვას. არასრულწლოვანი მოტივირებულია, რომ მისი ცხოვრება ძირეულად შეიცვალოს და გახდეს წარმატებული ადამიანი,“ – ამ სიტყვებით სრულდება პრობაციის სააგენტოს დასკვნა აზას შესახებ.

„სოციალური მუშაკი ან ფსიქოლოგი რაში უნდა დამეხმაროს, სასაცილოა…“ – მოგვწერა აზამ. ჩვენ მას „ფეისბუქში“ ვესაუბრეთ:

„ჩემი რაღაც მინდა შევქმნა, მაგრამ არ ვიცი, რა… ბევრი იდეა მაქვს, რომელსაც ვერ ვახორციელებ, ალბათ, ვერც ვერასდროს ვიზამ… სულ სხვა ცხოვრება მინდა. მინდა, რამე ვისწავლო, მაგალითად, სასტუმროს ადმინისტრირება, მაგრამ ყველაფერს ფული უნდა. სოციალურ დახმარებასაც არ გვაძლევენ… დიდი სიამოვნებით წავიდოდი საერთოდ აქედან და ჩემს ცხოვრებას მივხედავდი. ვიღაცა უნდა დამეხმაროს. ეს პირობითი სასჯელი, მაინც იძირება ადამიანი მაგ მომენტში. სკოლაში აღარ დავდივარ. მუშაობა მინდა და ამიტომ. დედასთან ისევ ვჩხუბობ. რატომ? ერთმანეთისთვის დათმობა ვერ ვისწავლეთ. მე ფინანსურად მათზე დამოკიდებული არ ვარ, ისინი არიან ჩემზე დამოკიდებული. სახლში ნაწილობრივ არ ვარ. მე საიდან მაქვს შემოსავალი? მეგობრები მეხმარებიან…“

აზას რეაბილიტაციის პროცესში ჩართულმა ერთ-ერთმა სოციალურმა აგენტმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ არასრულწლოვანი გოგო, სავარაუდოდ, პროსტიტუციაში იყო ჩართული. ამ თემაზე დასმულ კითხვაზე აზამ მოგვწერა, რომ აღარ სცალია ჩვენთან სალაპარაკოდ.

როგორია ამჟამად პრობაციის ეროვნული სააგენტოს დასკვნა დედის დაჭრისთვის მსჯავრდებულ პრობაციონერზე და რას სთავაზობს სახელმწიფო არასრულწლოვანს? – პრობაციის ეროვნული სააგენტოდან წერილობით გვიპასუხეს, რომ სასჯელის მოხდის გეგმას თითოეული პრობაციონერის შემთხვევაში ინდივიდუალურად ადგენენ – დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით.

„სასჯელის მოხდის დაწყებისთანავე, 2017 წლის თებერვალში, ა.უ.-ს შეხვდა სოციალური მუშაკი პრობაციის ბიუროში, რომელიც შემდეგ საცხოვრებელ მისამართზეც ეწვია. ზიანის რისკის შეფასებისას გამოკვეთილი გარემოებების გათვალისწინებით, პროცესში ფსიქოლოგი ჩაერთო, თუმცა პრობაციონერმა უარი განაცხადა ფსიქოლოგთან თანამშრომლობაზე და მხოლოდ სოციალურ მუშაკთან შეხვედრებს დათანხმდა. ა.უ.-სთან დაკავშირებით, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ საჭიროებების გათვალისწინებით, სასჯელის აღსრულების გეგმა გაიწერა. გეგმაში აქცენტები დასმულია სხვადასხვა, კონკრეტულად ამ პირობით მსჯავრდებულისთვის აუცილებელი მიმართულებებით. სასჯელის მოხდის გეგმის განხორციელების პროცესში, მასთან გამართული შეხვედრებისას, კონკრეტული პოზიტიური ცვლილებები დაფიქსირდა, რასაც ადასტურებდა ოჯახის სხვა წევრიც,“ – აღნიშნულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან მიღებულ წერილში.

„ბათუმელები“ აზას სახლშიც ესტუმრა იმისთვის, რომ მის დედას გავსაუბრებოდით. აზას ბებიამ გვითხრა, რომ შვილი და შვილიშვილი შინ არ არიან და არ იცის, როდის დაბრუნდებიან. ბებიას თქმით, დედა-შვილს ახლა კარგი ურთიერთობა აქვს და აღარ ჩხუბობენ.

„ეს გოგო თვითონ მსხვერპლია… მან უნდა ირწმუნოს საკუთარი თავის და იმის, რომ სახელმწიფო მის გვერდით დგას. ახლა ფსიქოლოგის მუშაობა მასთან ყველაზე მნიშვნელოვანია, მას სჭირდება საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება,“ – ამბობს მორის შალიკაშვილი, კრიმინოლოგი, ავტორი სამეცნიერო ნაშრომისა „ძალადობის კრიმინოლოგია“ და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

კრიმინოლოგი საუბრობს მოძალადის რეაბილიტაციის აუცილებლობაზე, ბავშვებზე, რომლებიც ძალადობრივ გარემოში იზრდებიან. „მე ვხედავ ამ არასრულწლოვანს, რომელმაც გააპროტესტა ის, რაც მის თავს ხდება. მან სხვა ალტერნატივა ვერ დაინახა. სახელმწიფოსგან უმოქმედობა ამ დროს დანაშაულია. ჩვენ ხშირად პრობლემას მაშინ ვხედავთ, როცა ურემი გადაბრუნდება. ვიდრე ტრაგიკული შემთხვევა მოხდება, მანამდე უნდა იზრუნოს სოციალურმა სამსახურებმა მსგავს რისკჯგუფზე, მით უმეტეს ბავშვებზე და, რაც მთავარია, ჩვენ კონფლიქტის აგრესიის გარეშე მოგვარება უნდა ვისწავლოთ. ჩვენს შვილებს უნდა დავანახოთ, რომ შესაძლებელია ადამიანებს შორის ურთიერთობა აგრესიის გარეშე“, – დასძენს მორის შალიკაშვილი.

 

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]„ის უკვე მოკვდა…“[/highlight]

 

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ერთ-ერთი მაღლივი კორპუსის მეთერთმეტე სართულის ბნელ სადარბაზოში კარს არავინ მიღებს. მეზობლების კარებზე ვაკაკუნებ. რამდენიმე წუთის შემდეგ ერთ-ერთი კარი იღება და შუახნის ქალი გამოდის. ვეუბნები, რომ იმ უსინათლო ქალის ამბავი მაინტერესებს, რომელსაც შვილმა სცემა. უკვე მოკვდაო, მპასუხობს ის. მერე იქვე მაჩერებს და მიყვება, რა მოხდა გარდაცვალებამდე….

გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 20 წლის ირაკლი ხ.-ს, ორივე წელი პირობით გამოსაცდელი ვადით. ირაკლის დედის მიმართ ძალადობაში დაედო მსჯავრი. განაჩენში წერია, რომ მან „დედას, რომელიც არის უსინათლო, ზურგის არეში დაარტყა ხელი, ასევე სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა პირსახოცი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია“.

„ხშირად კამათობდნენ ხმამაღლა, დედას ხმამაღალი მუსიკა არ უყვარდა… მეგობრებიც ხშირად ამოყავდა შვილს, ხმაურობდნენ, ბიჭი ფულს დედას სთხოვდა“, – მიყვება მეზობელი. – „ახლა საერთოდ ვეღარ ვნახულობთ ირაკლის. პლაჟზე შეზლონგებს აქირავებსო, ასე თქვეს. ხანდახან გვიან ღამით მოდის და დილით ისევ მიდის. ადრე ბარაკში ცხოვრობდნენ თურმე, იქ დაბადებულა ეს ბიჭი. ბოლო სამი წელია აქ არიან. როგორც ვიცი, მერიამ მისცა ეს ერთოთახიანი ბინა. კარგად გაცნობა ვერც კი მოვასწარი… ერთხელ თავისით შემოვიდა დედა და წნევის გაზომვა მთხოვა. მერე მე თვითონ შევდიოდი და წნევას ვუზომავდი. ვიცოდი, უსინათლო რომ იყო. მეუღლის სახელს არ ახსენებდა. დედა-შვილი მარტო ცხოვრობდა. ძალიან ნერვიულობდა ამ ამბავს, რომ პოლიციისთვის მოუწია მიმართვა. პოლიციელებიც ხშირად მოდიოდნენ მერე. სოციალურ დახმარებას იღებდა დედა-შვილი. ქალს სიმსივნე ჰქონდა. 55 წლის იყო მგონი…“

ირაკლის მოძებნა მეც ვცადე პლაჟზე. მისთვის მინდოდა მეკითხა, რა შეიცვალა მის ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გაასამართლა და დედა გარდაიცვალა. პლაჟზე ირაკლის ვერ მივაგენით.

 

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]დედა მოძალადე შვილზე: ნუღარ გამახსენებთ ამ ტრაგედიას[/highlight]

 

„თავს ნაწილობრივ ვცნობ დამნაშავედ… მეტადონის პროგრამას გავდიოდი, წამლებს ვსვამდი, ძალიან ცუდად ვიყავი, არ ესმოდათ ჩემი… არ მინდოდა, ასე მომხდარიყო. მე მხოლოდ საკუთარ თავს ვაზიანებდი. მეტი აღარ შემეძლო,“ – ასე უპასუხა დედისა და მამის მიმართ ძალადობაში ბრალდებულმა ცოტნემ მოსამართლის შეკითხვას: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?

ბათუმის საქალაქო სასამართლო. მანანა ქველიაშვილის ფოტო

ბათუმის საქალაქო სასამართლო. მანანა ქველიაშვილის ფოტო

ოჯახში ძალადობის გარდა ცოტნეს კიდევ ერთი მუხლით წაუყენა პროკურატურამ ბრალი – დედის თვითმკვლელობამდე მიყვანა. ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შემდეგ ცოტნეს დედა მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა. ამი შემდეგ შეიტყო პოლიციამ ცოტნეს მოძალადეობის შესახებ. სასამართლო სხდომაზე ბრალის არსი პროკურატურამ ასე ჩამოაყალიბა:

„მან თავის დედას ხელები მოუჭირა ყელში, რამაც ჰაერის უკმარისობა და მისი გონების დაბინდვა გამოიწვია, ხოლო მამას ხელების გამოყენებით სახის არეში მიაყენა დარტყმები. ბრალდებულის მიერ განხორციელებულმა ძალადობამ მისი მშობლების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია… სისტემატიურად განხორციელებული სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის, ფიზიკური ძალადობების, პატივისა და ღირსების დამცირების შედეგად, ლ.დ.-მ საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან გადახტომით სცადა თვითმკვლელობა, რის გამოც მიიღო მრავლობითი დაზიანებები, რის შედეგადაც ის გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც გაეწია სამედიცინო დახმარება და მისი გადარჩენა მოხერხდა.“

მოსამართლე ირაკლი შავაძემ ცოტნეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ერთი წელი რეალური პატიმრობით, ორი – პირობით გამოსაცდელი ვადით. ცოტნე ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს. მისი ადვოკატი, ნიკოლოზ კანკავა, არ გამორიცხავს შეწყალების გაფორმებას, თუმცა მისი ინფორმაციით, მსჯავრდებულის მამა ამის წინააღმდეგია.

„დედა დედაა და აპატია. მამა არ პატიობს შვილს, ის იყო მთავარი მოწმე ამ საქმეში. მათ შორის მამაშვილური ურთიერთობა ფორმალობაა, მაგრამ ძალადობა ამ ოჯახში აღარ იქნება“, – გვითხრა ადვოკატმა ნიკოლოზ კანკავამ.

კითხვაზე, რატომ გამორიცხავს შვილის მხრიდან განმეორებით ძალადობის ჩადენას, გვითხრა, რომ ცოტნე უკვე აღარ მოიხმარს ნარკოტიკს და მან ციხეში დაასრულა შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამა. „კონფლიქტის ძირითადი მიზეზი ეს იყო. ის მოძალადე მართლა არაა. უბრალოდ, რაღაც მომენტში კონტროლი დაკარგა,“ – დასძინა ადვოკატმა.

მორის შალიკაშვილი, კრიმინოლოგი: „ამ დედამ ფანჯრიდან გადახტომით სცადა ერთგვარად გამოუვალი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. ცხადია, ნარკოტიკის მოხმარება იქნებოდა მთავარი მიზეზი კონფლიქტის. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ფინანსურად კარგ მდგომარეობაში იყო, ჩვენ ვიცით, როგორ გადადიან ყველაფრის გაყიდვაზე ნარკოტიკის მომხმარებლები, ოღონდაც ნარკოტიკი მიიღონ. ამ ბიჭს, როგორც ჩანს, ისევ უჭირს იმის აღიარება, რომ მის გამო მოხდა ეს ტრაგედია. ეს შემთხვევაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოძალადის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის აუცილებლობას“.

ცოტნეს ოჯახი ძველ ბათუმში, ერთ ლამაზ ქუჩაზე, კერძო სახლში ცხოვრობს. იქ მისულს მეზობლებმა მითხრეს, რომ ცოლ-ქმარი ტრაგედიის შემდეგ ძალიან ჩაიკეტა, არ დაგელაპარაკებიან, მაგრამ მაინც სცადეო… მწვანებალახიან ეზოს გავდივარ და ვამჩნევ, მეორე სართულის ფანჯარას ქალი უახლოვდება, შეშფოთებულ მზერას მახვედრებს, არაფერს მეკითხება.

„რა გნებავთ?“ – მესმის პირველი სართულის კარიდან მოულოდნელად გამოსული კაცის ხმა. ვუხსნი, რის გამოც მივედი მათთან. „ვერ დაგელაპარაკებით“, – მოკლედ მპასუხობს ის და კარს მძიმედ ხურავს.

„გთხოვთ, ნუ გაგვახსენებთ ამ ტრაგედიას“, – მითხრა ისევ ფანჯარასთან მდგომმა ქალმა იმავე მზერით, მაგრამ ჩუმი ხმით.

 

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]„დედაზე ძალადობის ამბავი უფრო ჩაკეტილია, ვიდრე ცოლზე“[/highlight]

 

ეს ელისო ამირეჯიბმა გვითხრა, „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ კოორდინატორმა. მისი დაკვირვებით, დედებს რცხვენიათ და ფუთავენ ძალადობის შემთხვევებს. ისინი მხოლოდ მაშინ მიმართავენ პოლიციას, როცა დაძაბულობა ოჯახში უკიდურეს ზღვარზეა.

ელისო ამირეჯიბი გამოყოფს საერთო მახასიათებლებსაც, რაც ამ ისტორიებს აერთიანებს – მშობლებს ბუმერანგივით უბრუნდებათ შვილებზე ბავშვობის დროს განხორციელებული ძალადობა:

„მოძალადე შვილები წარსულში იყვნენ ძალადობის მსხვერპლი, ან ხედავდნენ, როგორ სცემდა მამა დედას. მათ ძალადობრივი ქცევა დასწავლილი აქვთ. ერთგვარი წრეა, საიდანაც ვერ გავდივართ. ერთი შემთხვევა იყო, შვილი მამას სცემდა. მოძალადე ამბობდა, რომ ასე იქცეოდა, რადგან ადრე მამა ძალადობდა დედაზე. ამ ყველაფერზე პასუხი არის გაეროს კვლევაშიც, სადაც ჩანს, რომ ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის დასაშვებია და მისაღები ბავშვზე ძალადობა. ჩვენ ძალადობრივ გარემოში ვზრდით ბავშვებს და ეს ნორმა გვგონია. ეს უბრუნდებათ შემდგომში მშობლებს ბუმერანგივით,“ – გვითხრა ელისო ამირეჯიბმა.

დასახმარებლად მიმართავენ მოხუცი დედები „ღირსეულ სიბერესაც“. ეს ორგანიზაცია, ძირითადად, ქობულეთის მოსახლეობასთან მუშაობს. იურისტი მარინე ჟღენტი ბოლო შემთხვევაზე გვიყვება, როცა ბებიას სახლიდან გაგდებით შვილიშვილი დაემუქრა:

„სასამართლო დავა ამ დრომდე გრძელდება. შვილიშვილმა ქონება გადაიფორმა და ბებიას სახლიდან გაგდებით ემუქრებოდა. ბებია ახლა შვილიშვილისთვის ნაჩუქარი ქონების დაბრუნებას ითხოვს, ჩვენ მას ადვოკატირებას ვუწევთ. შვილიშვილმა უძრავი ქონება მეორე ბებიას სახელზე გადააფორმა მას შემდეგ, როცა გაიგო, რომ ბებია უჩიოდა. მოხუცი ქალი ამჟამად მეორე შვილის ოჯახში ცხოვრობს. მოდავე ბიჭის მამა კი გარდაცვლილია…“

„ღირსეულ სიბერეში“ მოგიყვენ ისტორიებს, როგორ აიძულებდნენ მოხუცს, მაგალითად, დაეთმო პენსია შვილებისთვის. ერთი მოხუცი ქალი ღია ცის ქვეშ დარჩენილა იმის გამო, რომ შვილიშვილმა სახლი გაუყიდა. ამჟამად იგი ბათუმის თავშესაფარში ცხოვრობს.

მოხუც დედაზე ძალადობის შემთხვევა განიხილა ხელვაჩაურის საქალაქო სასამართლომაც. ამ შემთხვევაში მოძალადე შვილმა დედა თმებში ხელის ჩავლებით იატაკზე ათრია. ამ კონფლიქტამდე მოძალადეს გამოძიება სხვა პირისთვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას ედავებოდა, რის გამოც მას ხელვაჩაურის სასამართლომ პირობითი მსჯავრი შეუფარდა. სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა მსჯავრდებულმა იმავე დღეს დედაზე იძალადა. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა მოძალადეს 2 წლითა და 6 თვით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა.

 

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]„მოძალადე არჩევს, ვისთან გაუვა ძალადობა“[/highlight]

 

„მთავარი დამნაშავე საზოგადოებაა, რომელიც აგრესიას კონფლიქტის მოგვარების საშუალებად განიხილავს…“ – ამბობს კრიმინოლოგი, პროფესორი მორის შალიკაშვილი. ის მიიჩნევს, რომ პრობლემა არ მოგვარდება, ვიდრე არ შეიცვლება დამოკიდებულება თავად აგრესიის მიმართ:

„ჩვენ გვიჭირს იმის გაცნობიერება, რომ აგრესია ცუდია. პირიქით, აგრესიის გარეშე ვერც კი წარმოგვიდგენია არსებობა. მაგალითად, მიდიხარ ავტომანქანის გასარეცხად. თუ გინდა, რომ ყურადღება მოგაქციონ და ადეკვატურად მოგემსახურონ, მინიმუმ, ცოტა ხმა უნდა დაიბოხო და ისე ელაპარაკო. აგრესია ურთიერთობის ჩვეულებრივ ფორმად განიხილება. ეს ყოველდღიური ურთიერთობები ქმნიან ამ გარემოს. მაგალითად, ქალაქის არქიტექტურა და ურბანული მოწყობაც კი ერთ-ერთი მიზეზია, რაც ძალადობას იწვევს. ერთი მხრივ, ეს არის დამახინჯებული შენობები, მეორე – მწვანე სივრცის ნაკლებობა. შეზღუდული სივრცე აგრესიულ ფონს ქმნის.

ასევე მნიშვნელოვანია მამის ჩართვა აღზრდის პროცესში. პრობლემაა, როცა ქართველი მამები შვილის აღზრდას თავს არიდებენ. ეს შვილებში იწვევს თავდაჯერებულობის ნაკლებობას. თავდაჯერებულობის ნაკლებობა, ხშირ შემთხვევაში, არის ძალადობის მიზეზი და მოძალადე ცდილობს თვითდამკვიდრებას ძალადობრივი ქცევით,“ – ამბობს კრიმინოლოგი მორის შალიკაშვილი.

ძალადობის ისტორიებზე საუბრის დროს მორის შალიკაშვილს აქვს განცდა, რომ ეს უფრო ქალების წინააღმდეგ ძალადობაა და არა – დედების. განმარტავს, რომ როცა აგრესია არსებობს, ის ვიღაცისკენ უნდა მიემართოს. „მოძალადე ყოველთვის არჩევს ახლობელს და ობიექტს, ვისთანაც ძალადობა გაუვა“, – დასძენს კრიმინოლოგი. – „მამა ფიზიკურად უფრო ძლიერია. ამიტომ უმეტესად დედებზე ძალადობენ. გამოსავალი, პირველ რიგში, ლაპარაკის დაწყებაა იმაზე, რომ აგრესია ურთიერთობა არ არის.“

 

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“[/highlight]

____________________

სტატია მომზადებულია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის მონიტორინგის პროექტის  ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“. პროექტის პარტნიორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

esaa

გადაბეჭდვის წესი


ასევე: