სამთო–სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ვერტმფრენის დანიშვნასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობა ტექნიკურ-ეკონომიკურ საჭიროებას იკვლევს. კურორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ლაშა ველიაძის თქმით, კვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, დაინიშნება თუ არა ვერტმფრენი კურორტზე და რა რაოდენობის თანხა გამოიყოფა სუბსიდიის სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვერტმფრენის რეისების შესასრულებლად. კვლევის პარალელურად კურორტის ადმინისტრაცია მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან ახორციელებს.
„მიმდინარეობს მოლაპარაკებები ერთ-ერთ ავიაკომპანიასთან, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, ყაზბეგისა და მესტიის მიმართულებით მსგავს რეისებს ასრულებს. რაც შეეხება კონკრეტულ თარიღს, თუ როდის დაინიშნება ვერტმფრენი, გადაწყვეტილი არ არის. ამ ეტაპზე კურორტის ტექნიკურ-ეკომოკური საჭიროების კვლევა მიმდინარეობს, თუ რამდენად მოთხოვნადია და სჭირდება კურორტს ვერტმფრენი. იმ შემთხვევაში, თუ კვლევები ვერტმფრენის დანიშვნის საჭიროებას აჩვენებს და შედგება მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან რეისების შესასრულებლად, ვერტმფრენი სეზონის გახსნისთანავე დაინიშნება. ვერტმფრენის რეისების შესრულებასთან დაკავშირებით სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდება. ვერტმფრენის მგზავრობისას შეღავათიანი ტარიფი გავრცელდება როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ტურისტებზე, “ – ამბობს ლაშა ველიაძე.
სამთო–სათხილამურო კურორტ გოდერძიზე სეზონი ოფიციალურად დეკემბერს გაიხსნება.