ისტორიულ სახლს ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #31-ში, დანგრევა ემუქრება

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #31-ში, ინვესტორი მრავალბიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. ამ ადგილზე ბათუმური ბელეტაჟია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლების დამცველები მიიჩნევენ, რომ ის თავისი არქიტექტურითა და მნიშვნელობით ძეგლის სტატუსს იმსახურებს.
3-3

სახლი ძეგლის დაცვის ზონაშია, სწორედ ამიტომ ინვესტორმა პროექტის შეთანხმების მიზნით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიმართა.

ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე  ძეგლის სტატუსის მატარებელი რამდენიმე შენობაა. ძეგლის სტატუსი აქვს ვაჟა-ფშაველას 27 -ში მდებარე შენობას. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ინვესტორს ტერიტორიის ათვისება სწორედ ვაჟა-ფშაველას #27 – მდე სურს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ის პროექტის განხორციელებაზე თანხმობას მიიღებს, შეძლებს ააშენოს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ორ ძეგლს შორის, ვაჟა-ფშაველას #27-დან სინაგოგამდე.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონით, დაუშვებელია მშენებლობა ძეგლის დაცვის ზონაში, თუ ის ძეგლს დაჩრდილავს. სააგენტოს იურისტის განმარტებით საკითხის განხილვა დაინტერესებული პირის თხოვნით ჯერჯერობით შეჩერებულია.

ვაჟა-ფშაველას 31-ში მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობით კომპანია „მს ჯგუფია“ დაინტერესებული. საჯარო რეესტრის მონაცემებით კომპანია 2017 წლის მაისშია დაფუძნებული. კომპანიის ასი პროცენტის მფლობელია გივი მუთიძე, ხოლო დირექტორი ბექა თვალაძე.

ვაჟა ფშაველას #31 უკანა ეზო ფოტო: ცაგო კახაბერიძე

ვაჟა-ფშაველას #31. უკანა ეზო. ფოტო: ცაგო კახაბერიძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი