მთავარი,სიახლეები

საპორტო ქალაქების როლი წარსულში და დღეს

06.09.2017 • 3898
საპორტო ქალაქების როლი წარსულში და დღეს

ბათუმში სასტუმრო „ჰილტონში“ მეორე დღეა საპორტო ქალაქების შესახებ კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციას სტუმრები რამდენიმე ქვეყნიდან ესწრებიან. კონფერენცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის ცენტრის მიერ არის ორგანიზებული და განხილვის თემაა, „საპორტო ქალაქები როგორც საკონტაქტო ზონები და საგანგებო ადგილები“.

„ბათუმელები“ კონფერენციის ერთ-ერთ მონაწილეს, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელს ზაალ ანდრონიკაშვილს ესაუბრა.

„საპორტო ქალაქის თავისებურება და მისი საგანგეობა მდგომარეობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მას აქვს გარკვეული წინააღმდეგობის გრძნობა იმისთვის რომ რომელიმე სახელმწიფოს ან ერთ რომელიმე ჯგუფს არ ადემორჩილოს ქალაქი.

საპორტო ქალაქი არ ემორჩილება ამ წესებს და ყოველთვის არის რაღაც სიახლის შემომტანი, რადგან ის დაკავშირებულია ერთის მხრივ თავის დედაქვეყანასთან, მეორეს მხრივ კი ის გახსნილია მსოფლიოს მიმართ და ამ გახსნილობას გადატყორცნის ქვეყნის შიგნითს“.

ზაალ ანდრონიკაშვილის თქმით, საპორტო ქალაქები კულტურათა სიმრავლეს უწყობს ხელს, მოსახლეობა არის უფრო მრავალფეროვანი და არა ეთნიკურად ერთგვაროვანი.  „გარდა ამისა, საპორტო ქალაქების მოსახლეობა რომელიც ჩართულია ასე თუ ისე ამ საზღვაო ურთიერთობებში,  მათთვის სიახლის შეგრძნება და შემოტანა უფრო იოლი ხდება“.

კონფერენციაზე ძირითადი ფოკუსი სამ საპორტო ქალაქზე – ბათუმზე, ოდესასა და ტრაპიზონზე კეთდება. ანდრონიკაშვილის თქმით, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ეს სამი ქალაქი მათი ისტორიული მნიშვნელობის გამო იქნა არჩეული.

კონფერენციის მონაწილეები

კონფერენციის მონაწილეები

„მათი ისტორია მეტ-ნაკლებად დაკავშირებულია ერთმანეთთან, რადგან სამივე ქალაქმა შეიცვალა იმპერიული მისამართი. ჯერ იყო დიდი ხნის განმავლობაში ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში, შემდეგ კი სამივე გადავიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. თუმცა, ტრაპიზონი ძალიან ცოტა ხნით.

ყოველშემთხვევაში, ეს ქალაქები დაკავშირებულია იმპერიული მემკვიდრეობით, რადგან ხდებოდა მოსახლეობის გაცვლა-გამოცვლა, მუჰაჯირები რომლებიც აჭარიდან და აფხაზეთიდან წავიდნენ, საქართველოში ჩამოვიდნენ მართლმადიდებელი ბერძნები და ა.შ. ბათუმი საინტერესოა იმითაც, რომ აქ ძალიან კარგად ჩანს მე-19, მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორია. ეს არის ის ადგილი, სადაც ყველაზე კონცენტრირებულად ჩანს ის პრობლემები რომელიც საქართველოს ისტორიას ჰქონდა.

ბათუმი იყო სტრატეგიულადაც ძალიან მნიშვნელოვანი და თერგდალეულთა პროექტისთვისაც, იმისთვის რომ ის დედა საქართველოს ნაწილი გამხდარიყო.

მეორე მხარე ისტორიის ის არის, რომ ბათუმი გახლდათ საქართველოში სოციალისტური მოძრაობის დაბადების ადგილი. მესამე დასი პირდაპირ იყო დაკავშირებული ბათუმთან. ასევე, მემარცხენე ლიბერალიზმიც დაკავშირებულია საპორტო ქალაქებთან, ფოთთან და ბათუმთან, ნიკო ნიკოლაძის და გიორგი წერეთლის დიდი მეცადინეობით. იმიტომ რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ინდუსტრიული მოდერნიზაცია და გიორგი წერეთელს პირდაპირ უწერია თავის რომანში „პირველ ნაბიჯი“ რომ ფოთის პორტმა და ბათუმმა საქართველო მრავალი საუკუნის შემდეგ დააბრუნა მსოფლიო რუკაზე და გადახადა ის გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი.“

როგორია დღეს საპორტო ქალაქების როლი და რამდენად შენარჩუნებული აქვთ ძველი ნიშა?  ზაალ ანდრონიკაშვილის თქმით,  კონფერენციის თემაც სწორედ ეს არის რომ საპორტო ქალაქების წარსული და მომავალი მნიშვნელობები დაინახოს.

„არსებობს გარკვეული მოსაზრებები, რომ თუკი მე-19 საუკუნეში საპორტო ქალაქები იყო კოსმოპოლიტური, დღეს უფრო პოსტკოსმოპოლიტურ მდგომარეობაშია. თითქოს საპორტო ქალაქები იწყებენ ამ როლის დაკარგვას, იმიტომ რომ კომუნიკაციის საშუალებები მრავალმხრივი გახდა, პორტი აღარ არის ექსკლუზიური ადგილი სიახლის შემოტანის, მაგრამ მეხსიერება არის მაინც ძალიან მნიშვნელოვანი რომელიც ამ ქალაქებს ჯერ კიდევ გააჩნიათ.

მომავალში ბუნებრივია დარჩება საპორტო ქალაქებს ის ნიშა რომ ზღვასთან იქნება დაკავშირებული, რადგან ზღვასთან არსებობა მაინც მნიშვნელოვნად განაპირობებს კულტურულ კონტექსტს. თუკი მე-19 საუკუნეში ქართული კულტურა ინდიფერენტული იყო ზღვის მიმართ,  რადგან ცნობიერება იყო რელიგიური და იერუსალიმი იყო ასე ვთქვათ სამყაროს ცენტრი, ზღვა თავისი არგონავტებით და ბერძნული მემკვიდრეობით მთლიანად იყო მიტოვებული, საპორტო ქალაქების მნიშვნელობის გაძლიერება დაიწყო მე-19 საუკუნეში როცა ნავთომის მაგნატები დაინტერესდნენ ბათუმით და ისინი აქცენდნენ ინდუსტრიალიზაციას და ეკონომიკას დიდ მნიშვნელობას და მათთვის ზღვა, განსხვავებით ზოგადად ქართული კულტურისთვის იყო შესაძლებლობების ადგილი, გახსნილობა და არა ვთქვათ კარჩაკეტილობა.  დღეს ჩვენ ისევ შევტრიალდით ზღვისკენ, თუმცა ზღვის კულტურის ნიშა ამ სამი ქალაქიდან ყველაზე მეტად მაინც ოდესას აქვს შენარჩუნებული“-ამბობს ანდრონიკაშვილი.

კონფერენციის მონაწილეები მოწვეული არიან  გერმანიიდან, იტალიიდან, თურქეთიდან და საბერძნეთიდან.

კონფერენციის მონაწილეები

კონფერენციის მონაწილეები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: