რაში დახარჯავს ბათუმის მერია აჭარის მთავრობისგან გამოყოფილ 2 მილიონს

ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებები შედის. სახელმწიფო ბიუჯეტმა ბათუმისთვის 207 700 ლარი გამოყო, აჭარის მთავრობამ – მილიონ 974 973 ლარი. ამას გარდა, ბათუმის მერიას საკუთარი შემოსავლებიც დაუგროვდა 750 ათასი ლარის ოდენობით. ჯამში ბათუმის ბიუჯეტი 2 მილიონ 932 773 ლარით იზრდება. ცვლილებების პროექტის განხილვას რიგგარეშე სხდომაზე ბათუმის საკრებულო ხვალ, 21 აგვისტოს გეგმავს.

ცვლილებების პროექტის მიხედვით, თანხის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს. გონიო-კვარიათის ქუჩების და ტროატუარებისთვის ბიუჯეტიდან 963 700 ლარის დახარჯვა იგეგმება. პროექტი ასევე ითვალისწინებს 51 700 ლარით ტროტუარის კეთილმოწყობის დაფინანსებას ჭავჭავაძის ქუჩაზე – თბილისის მოედნიდან „პლაზამდე“. ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, მოეწყობა ქვეითთა გადასასვლელი ხიდი ბარცხანაში, თამარ მეფის ქუჩაზე, სადაც ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. თანხა გათვალისწინებულია სასაფლაოზე მისასვლელი გზებისთვისაც 288 ათასი ლარის ოდენობით.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოიცავს სახურავებზე თოვლდამჭერების მონტაჟს – 49 261 ლარი.  სახურავების შეკეთებისთვის ბათუმის მერია ამჯერად მხოლოდ 4 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს. პროექტის ფარგლებში მერია აპირებს ორი სახლის ფასადის შეღებვასაც, რაშიც სავარაუდოდ 65 ათას ლარს გადაიხდის.

ბათუმის მერია აპირებს სარაგბო კლუბი „ბათუმის“ დაფინანსების გაზრდასაც ჯამში – 120 ათასი ლარით. ცვლილების მიხედვით, იზრდება ამ კლუბში შრომის ანაზღაურებაც 38 ათასი ლარის ოდენობით.

ბათუმის მერია ასევე აპირებს, მოაწყოს სილამაზის კონკურსი „მის საქართველო“ 50 ათას ლარად.

ცვლილებების პროექტის ჩამონათვალშია კიდევ ერთი ღონისძიება – ექსკურსია ქუთაისში უსინათლოთა კავშირის წევრებისთვის. ამისთვის 1600 ლარი დაიხარჯება.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი