ბათუმში მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ მოხდა. ადგილზე მისულმა სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა მშენებლობიდან გადმოვარდნილ მუშას მრავლობითი დაჟეჟილობა და კიდურების დაზიანება დაუფიქსირა. დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულ შუახნის მამაკაცს ფეხი აქვს მოტეხილი. დაწყებულია გამოძიება 240-ე მუხლის შესაბამისად, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.