“დაიცავი რვაფეხა!“ – ბათუმში აქცია იგეგმება

 

ბათუმში შაბათს, დღის ორ საათზე ყოფილი კაფე „ფანტაზიას“, იგივე რვაფეხას დასაცავად აქცია იგეგმება. „ბოლო პერიოდში გვესმის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კაფე “ფანტაზია” არ ექვემდებარება აღდგენას, რეაბილიტაციასა თუ რემონტს. ადგილობრივი ხელისუფლების ორაზროვანი განცხადებები გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ძეგლის მიზანმიმართულ დისკრედიტაციასთან. ამავდროულად ფარული თუ ნახევრად ღია მოლაპარაკებები კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს იმის შესახებ, რომ რვაფეხას მიმართ მიზანმიმართული სახელისუფლებო კამპანია მიმდინარეობს. ბათუმელებო და არა მხოლოდ, გთხოვთ მობრძანდეთ შაბათს 14:00 საათზე, კაფე “ფანტაზია” დასაცავად“ – აღნიშნულია ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში.  

სასტუმრო „ჰილტონის“ წინ მდებარე კაფე „ფანტაზია“, რომელიც წლების მანძილზე ბათუმის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად მიიჩნეოდა, შესაძლოა „ჰილტონის“ ინტერესებს შეეწიროს. აჭარის  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია სამინისტროს ამ ადგილას 9 მილიონი ევროს ინვესტიციის განხორციელებას, ორი საცურაო აუზის მოწყობასა და მცენარეებით გამწვანებული ხიდის მშენებლობას სთავაზობს. კაფე „ფანტაზიას“, რომელიც ცნობილი ქართველი არქიტექტორის, გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ნამუშევარია, ჯერჯერობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არა აქვს.

 

ქართველი არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები, საზოგადოება „ბათომი“ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დამცველები ხელისუფლებას კაფე „ფანტაზიას“, როგორც უნიკალური და ბათუმისათვის მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვას და შენარჩუნებას სთხოვენ.   

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


"ბათუმელები"