ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქეებს შუახევში სამედიცინო მომსახურებას ადგილზე გაუწევენ

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შუახევის სოფლებსა თუ დაბებში მცხოვრები, მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებისთვის, ადგილზე სამედიცინო და მედიკამენტოზური მომსახურების განსახორციელებლად მიზნობრივი პროგრამა შეიმუშავა. პროგრამის – „თემზე დაფუძნებული მობილური გუნდების მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის“ – დასაფინანსებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28 800 ლარი გამოიყო.

გამგეობის სოციალური პროგრამის ფარგლებში, მომსახურება იმ პაციენტებს გაეწევა, რომლებიც აღრიცხვაზე იმყოფებიან და სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსს ბათუმში გადიან.

ფსიქონერვოლოგიური პაციენტებისთვის ადგილზე, ოჯახში მკურნალობის განსახორციელებლად, ბიუჯეტიდან გამოყოფილი 28 800 ლარი პროგრამულად 2017  წლის ბოლომდე გაიწერა.

შუახევის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის სოციალურ საკითხებში, რუსუდან კეკელიძის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში წინასწარ შერჩეული სამედიცინო ჯგუფი თვის განმავლობაში მინიმუმ 50 ვიზიტს განახორციელებს და პაციენტებს ოჯახში, ადგილზე კონსულტაციასთან ერთად, მედიკამენტოზურ მომსახურებასაც გაუწევს.

შუახევის გამგეობის ინფორმაციით, შუახევის დაბებსა თუ სოფლებში მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე  705 პაციენტია აღრიცხული ,მათგან, გამგეობის ინფორმაციით, რეგულარულად სამედიცინო დაწესებულებას მკურნალობისთვის მხოლოდ 200-მდე პაციენტი მიმართავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი