ვაჟა-ფშაველას #13-სთვის სტატუსის მოხსნაზე სააგენტომ უარი თქვა

ვაჟა-ფშაველას #13-ში დანგრეულ კულტურულ მემკვიდრეობის შენობას ისევ ძეგლის სტატუსი ექნება. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ უარი უთხრა კომპანია „სლავა 2015″-ს სტატუსის მოხსნის შესახებ განცხადების განხილვაზე. სწორედ ამ კომპანიამ დაანგრია მე-19 საუკუნეში აგებული სახლი 2015 წლის ბოლოს.

„სააგენტომ ერთხელ უკვე განიხილა ამ კომპანიის განცხადება მიმდინარე წლის იანვარში. ახლად აღმოჩენილი ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს, რის გამოც შეიძლებოდა სააგენტოს განსხვავებული გადაწყვეტილება მიეღო,” –  უთხრა „ბათუმელებს” თეა ონიანმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსმა.

რა შეიძლება იყოს ახალი ფაქტობრივი გარემოება, როცა სახლი დანგრეულია? – თეა ონიანი განმარტავს, რომ ახალი გარემოება იქნება ამ საქმეზე სისხლის სამართლის კუთხით მიმდინარე გამოძიების შედეგი, ან საქმის შეწყვეტა ვაჟა-ფშაველას #13-ში ძეგლის დანგრევის ფაქტზე.

„სტატუსი რომ მოგვეხსნა, გამოძიებაც უნდა შეწყვეტილიყო მაშინ. გარდა ამისა, სააგენტო ამ კომპანიისგან მოითხოვს ძეგლის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას,”-  დასძენს თეა ონიანი, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი.

ძეგლის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენაზე პროცესი ბათუმის სასამართლოში იმ მოტივით გადაიდო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს ვაჟა-ფშაველას #13-სთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების კანონიერებას.

ერთი კვირის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოშიც გადაიდო სხდომა. კომპანია “„სლავა 2015”-მა ამ პროცესზე განაცხადა, რომ უშუალოდ სააგენტოს მიმართა წერილობით და თუ სააგენტო სტატუსს მოხსნიდა განადგურებულ შენობას, სასამართლო დავის საფუძველიც აღარ იარსებებდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი