მთავარი,სიახლეები

შენობაში, სადაც ბათუმის მუზეუმი უნდა გაიხსნას, წყალი ჩადის

04.07.2017 • 2760
შენობაში, სადაც ბათუმის მუზეუმი უნდა გაიხსნას, წყალი ჩადის

უკვე მესამე წელია „ბათუმის მუზეუმი“ ვერ იხსნება. ამჟამად პრობლემა შენობის გუმბათოვანი, აგურით მოპირკეთებული სახურავია, რომელიც წვიმის დროს წყალს ატარებს.

„შენობაში ჩადის წყალი. აგური [რომლითაცაა მოპირკეთებული სახურავი] იწოვს წყალს და შიდა სამუშაოების ჩატარებას აზრი ეკარგება, ამიტომ ვმუშაობთ, პროექტზე, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს გადახურვა. რაღაც კონცეფციას ვეძებთ, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ ეს საკითხი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საბჭომ უნდა განიხილოს, რადგან პროექტში ცვლილებების შეტანა იქნება საჭირო და აუცილებლად უნდა გავიაროთ ეს თემა. საბჭოს უახლოეს სხდომაზე უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. ეს არ არის გადასაწყვეტად იოლი თემა“ – ამბობს ლაშა ასლანიშვილი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. მისივე თქმით, თავის დროზე, საპროექტო და სარემონტო სამუშაოებისას, ეს საკითხი ვერ იქნა გათვალისწინებული.

შენობაში, რომელშიც ბათუმის მუზეუმის გახსნა იგეგმება, ძველ ბათუმში აბანო იყო განთავსებული. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ბათუმის მუზეუმის გახსნის იდეა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს და ამჟამად „ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის“ დირექტორის მოადგილეს, ბიძინა აფხაზავას ეკუთვნოდა. ბათუმის ძველი აბანოების შენობაში სარემონტო სამუშაოებისთვის 489 000 ლარი სწორედ მისი დირექტორობის დროს გამოიყო.

იდეის თანახმად, მუზეუმში ბათუმთან დაკავშირებული ექსპონატები უნდა განთავსდეს.

მთავარ ფოტოზე: ბათუმის მუზემისთვის გათვალისწინებული შენობა 

ამავე თემაზე: 

„ბათუმის მუზეუმი“ ძველი აბანოს შენობაში

როდის გაიხსნება „ბათუმის მუზეუმი“

ორი დაკეტილი მუზეუმი ბათუმში

გადაბეჭდვის წესი