მთავარი,სიახლეები

ავტობანი – ახალი ხიდი და გზა ჭოროხიდან სარფამდე

06.06.2017 • 22207
ავტობანი – ახალი ხიდი და გზა ჭოროხიდან სარფამდე

მდინარე ჭოროხიდან სარფამდე მონაკვეთში ასაშენებელი ავტობანი ბათუმის შემოვლით გზას, სავარაუდოდ, აეროპორტის მიმდებარედ შეუერთდება. ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი დამტკიცებულია და მისი მშენებლობა 2017 წელს უნდა დაიწყოს. რაც შეეხება ჭოროხი-სარფის მონაკვეთს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კომპანიაც კი არ არის შერჩეული, რომელიც ამ გზას დააპროექტებს. შესაბამისად, დეპარტამენტში ვერ ამბობენ, თუ სად გაივლის ახალი მაგისტრალი გონიო-კვარიათი-სარფის მონაკვეთში.

დეპარტამენტში ვერც იმას აკონკრეტებენ, თუ სად აშენდება მდინარე ჭოროხზე ახალი საავტომობილო ხიდი, რომელიც, ასევე სავარაუდოდ, ბათუმის შემოვლით და ჭოროხი-სარფის ახალ გზებს ერთმანეთთან დააკავშირებს. დეპარტამენტში ადასტურებენ, რომ ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობა განიხილება.

„როგორც ჭოროხი-სარფის მონაკვეთის, ასევე მდინარე ჭოროხზე გადასასვლელი ახალი ხიდის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადებულია და ბუნებრივია, ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვინ შეასრულებს ამ სამუშაოებს. ვინც დააპროექტებს, ის შემოგვთავაზებს გზის ალტერნატიულ ვარიანტებს – სად გაივლის ახალი გზა, და ასევე იმას, თუ სად აშენდება ახალი ხიდი,“ – გვითხრეს გზების დეპარტამენტში.

მდინარე ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობა წინა ხელისუფლების დროსაც განიხილებოდა. თავდაპირველად ხიდს ბათუმის ახალი ბულვარი და აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია გონიოს ყოფილ პოლიგონთან უნდა დაეკავშირებინა. როგორც ჩანს, ეს ვარიანტი დღეს უარყოფილია.

რაც შეეხება მოქმედ ხიდს მდინარე ჭოროხზე [„გონიოს ხიდი“], მას დეპარტამენტი უკვე მეხუთე წელია არემონტებს და სავარაუდოდ, წელს უნდა დასრულდეს.

IMG_20160806_145809

ძველი და მოქმედი [მარჯვნივ] ხიდები მდინარე ჭოროხის დელტაში / ფოტო: თედო ჯორბენაძე

სად გაივლის ახალი საავტომობილო მაგისტრალი და ემუქრება თუ არა საფრთხე პლაჟებს კვარიათსა და სარფში? – მიუხედავად იმისა, რომ ახალი გზის მარშრუტი გარკვეული არ არის, საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პლაჟებს საფრთხე არ ემუქრება:

„ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, რა მიმართულებით გაივლის გზა, მაგრამ შეგვიძლია მოსახლეობა დავამშვიდოთ და დავარწმუნოთ, რომ საზღვაო ზოლის დაზიანებისა და გამოყენების ხარჯზე გზა არ გაივლის. გზისთვისაც არახელსაყრელია, რომ წყალთან იყოს ახლოს.“

თავის დროზე განიხილებოდა რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის მაგისტრალი სანაპიროს გასწვრივ – ფაქტობრივად გონიო-კვარიათი-სარფის პლაჟების ხარჯზე. ალტერნატივა კი, ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფლიდან სარფამდე გზის გვირაბების გავლით გაყვანა იყო. დეპარტამენტში გვითხრეს, რომ მათი წინამორბედების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ახლა კომენტარებს ვერ გააკეთებენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით: „პროექტანტი როცა დაასრულებს მუშაობას, შემოგვთავაზებს ალტერნატიულ ვარიანტებს და რაც მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის ყველაზე ნაკლებად საზიანო იქნება, იმას ამოვირჩევთ. მითუმეტეს, ასეთი დონის პროექტების დამტკიცება მარტო დეპარტამენტში არ წყდება. შესაბამისად, სანაპირო ზოლს განადგურება არ ემუქრება.“

გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები, თუმცა უცნობია როდის დასრულდება. დასრულების შემდეგ კი, როცა ხელი მოეწერება შესაბამის ხელშეკრულებას, დამპროექტებელს ექნება ვადა 12-დან 17 თვემდე, რათა დეპარტამენტს მზა პროექტი წარუდგინოს. თუმცა, დეპარტამენტში ისიც გვითხრეს, რომ პროექტის სირთულიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, რა მოლაპარაკებები იქნება, წინასწარ არ იციან: „მხოლოდ დეტალური პროექტის წარმოდგენის შემთხვევაში გვეცოდინება თუ რა გზებით, რა სოფლებით, რა მთებით  გაივლის ეს [ჭოროხი-სარფი] მიმართულება“.

sarfi-k

საორიენტაციო ხაზი, სადაც ჭოროხი-სარფის ახალი მაგისტრალი უნდა დაპროექტდეს / წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

აჭარის ტერიტორიაზე ამჯერად სამუშაოები მიმდინარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოსთან ასევე ჩაქვში, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბის მიმდებარედ. გზების დირექციაში აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულება [ქობულეთის შემოვლითი გზა] 2018 წლის მარტისთვისაა დაგეგმილი.

saqarTveloo

ახალი ავტობანი სარფიდან წითელ ხიდამდე დაახლოებით ასე გაივლის [დაგეგმილი, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების მიხედვით] / წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: