მთავარი,სიახლეები

რატომ არ არის გონიოში ავტობუსის მოსაცდელები – „წვიმის დროს გინდა ზღვაში შედი და გინდა აქ დადექი“

16.03.2024 •
რატომ არ არის გონიოში ავტობუსის მოსაცდელები – „წვიმის დროს გინდა ზღვაში შედი და გინდა აქ დადექი“

გონიოელები ითხოვენ, რომ ბათუმის მერიას გონიოდან ბათუმამდე მუნიციპალური ავტობუსი დანიშნოს და გონიო-კვარიათში ავტობუსის მოსაცდელი მოაწყოს.

„ავტობუსის გაჩერებებზე მარტო ფირნიშები დგას. ხალხი სველდება, განსაკუთრებით ზაფხულობით, საშინელი წვიმები იცის. ქარია. გინდა ზღვაში შესულხარ და გინდა აქ დამდგარხარ,“ – ამბობს გონიოელი ოთარ შაინიძე.

სარფიდან ახალსოფლის ცენტრამდე 16 გაჩერებაა.

აქედან 8 გაჩერებაზე მხოლოდ ტრაფარეტი დგას და არ არის გაჩერება ისე მოწყობილი, რომ მგზავრმა წვიმის დროს თავი შეაფაროს. 3 ადგილას კი გზის მხოლოდ ერთ მხარესაა მოსაცდელი მოწყობილი. ამასთან, არსად არ არის ტაბლო, რომელიც ავტობუსის მოსვლის განრიგს აჩვენებს.

გაჩერება კვარიათში

გაჩერებები გზის ორივე მხარესაა მოწყობილი გონიოს სკოლის მიმდებარედ. თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოსაცდელს ღიობი ისე აქვს, რომ წვიმა შედის.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც გონიოელებს აწუხებთ უტრანსპორტობაა.

გონიოდან ბათუმამდე ჩასასვლელად მგზავრები სარფიდან მომავალ ავტობუსს ან სამარშრუტო მიკროავტობუსს უნდა დაელოდონ. ტრანსპორტი იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყოველთვის სავსეა. ზოგჯერ ისეა გადაჭედილი, რომ ვერც ახერხებენ მგზავრები ასვლას.

„ავტობუსები არ არის საკმარისი. ხშირად იმ დონეზე იტენება ავტობუსი, ხალხი ერთმანეთს ხამსასავით არის მიწებებული, ამოსუნთქვა უჭირს ხალხს. გონიოელი ხალხი იტანჯება. გონიოელები ითხოვენ ავტობუსის დანიშვნას, რომელიც გონიოს ცენტრამდე მოვა და აქედან ბათუმში წავა. ასევე, არ ყოფნის ავტობუსები სარფზეც. 2-3 ავტობუსი ამ მიმართულებაზეც დაამატონ,“ – ამბობს ოთარ შაინიძე.

„გონიო არის ყველასგან მიტოვებული,“ – ამბობს გონიოში მცხოვრები ეთერ ბერიძე.

მას უკვე შეგროვებული აქვს 172 ხელმოწერა, რომლითაც გონიოელები დასახლების ცენტრიდან ბათუმის მიმართულებით მუნიციპალური ავტოტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ. ეთერის თქმით, იყვნენ მისული ადგილობრივ გამგეობაშიც, სადაც ტრანსპორტის დანიშვნა მოითხოვეს.

„გონიოს ცენტრში ავტობუსი არ შემოდის. საერთაშორისო მაგისტრალზე უწევთ გასვლა სკოლის მოსწავლეებს, ბაღისა და სკოლის მასწავლებლებს. საათობით ელოდებიან ტრანსპორტს, რომ როგორმე შევიდნენ. სარფიდან ავტობუსი სულ გადავსებული მოდის. განსაკუთრებით გაუსაძლისია ზაფხულის პერიოდი, ვერ ახვალ ავტობუსში,“ – ეუბნება „ბათუმელებს“ ეთერ ბერიძე.

ბათუმის ავტოტრანსპორტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მათთვის ცნობილია გონიოელების მოთხოვნა, მაგრამ მისი შესრულება ამ ეტაპზე „პრაქტიკულად შეუძლებელია“.

რას გულისხმობს „შეუძლებელში“ ბათუმის ავტოტრანსპორტი? – „ბათუმელები“ ვრცელ კომენტარს აქვე და იმ შემთხვევაში შემოგთავაზებთ, თუ ჩვენს კითხვებს უპასუხებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: