სიახლეები

ნავთობპროდუქტები მდინარის კალაპოტში

31.07.2014 • 2883
ნავთობპროდუქტები მდინარის კალაპოტში

რუსუდან ზაქარაია დიმიტრი ბაქრაძის ქუჩაზე, 19 ნომერში ცხოვრობს. მდინარე ბარცხანა მისი სახლის უკან ჩაედინება. სახლის მოპირდაპირე მხარეს  ნავთობტერმინალია. მდინარის კალაპოტში კი გუბეა, რომელშიც ნავთობპროდუქტებია თავმოყრილი. რუსუდანი ამბობს, რომ ეზოში გაუსაძლისი, სპეციფიური სუნი დგას.

„შეუძლებელია აქ გაჩერება, პარასკევი, შაბათი, კვირა ვცდილობთ ბავშვები გავარიდოთ სახლს. ალერგიული გახდნენ ამ სუნის გამო. ვის არ მივმართეთ, მაგრამ არავინ აგვარებს პრობლემას,“ – ამბობს რუსუდან ზაქარაია.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექციამ ბარცხანაში არსებული მდგომარეობის შესახებ „ბათუმელებიდან“ შეიტყო და თანამშრომლები აღნიშნული ტერიტორიის შესამოწმებლად გააგზავნა.

„აჭარის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე. როგორც შესწავლის შედეგად დადგინდა, მიმდინარეობს ჯებირის სამაგრი სამუშაოები, რომელსაც აწარმოებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. ტექნიკისთვის  სავალი გზის გათავისუფლების პროცესში აღმოჩნდა, რომ მდინარის კალაპოტში წარმოიქმნებოდა ნავთობით დაბინძურებული წყლის გუბურები. სამშენებლო სამუშაოები წარმოების პროცესში გამოირეცხა ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული წყალი. იმისთვის, რომ არ შერეოდა მდინარე ბარცხანას და არ ჩასულიყო ზღვაში, სამშენებლო კომპანიამ გააკეთა თხრილები, სადაც შეგროვდა ეს ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული წყალი. უახლოეს დღეებში ამოიტუმბება ამ ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული წყალი. მას უსაფრთხო ადგილას გააუვნებელყოფენ“, – განუცხადა „ბათუმელებს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექციის მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ.

მისივე თქმით, მდინარე ბარცხანაში აღნიშნული მონაკვეთი ისტორიულად დაბინძურებული უბანია. მიმდებარე ტერიტორია ემიჯნება ტერმინალს, თუმცა როგორც მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ამბობს, ამ ეტაპზე დაბინძურება ტერმინალისგან არ არის გამოწვეული.

ბაქრაძის ქუჩაზე მცხოვრებნი შიშობენ, რომ ჯებირის გაკეთება, ნავთობპროდუქტების გადინების კერის პოვნის გარეშე დამატებით პრობლემას წარმოქმნის. კერძოდ, ნავტობპროდუქტები ამჟამად არსებულ კედელსა და ახლადაშენებულ ჯებირს შორის მოექცევა და ტერიტორია აღარ გაიწმინდება. თუმცა ნელი კორკოტაძე ამბობს, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოები არსებულ სიტუაციას გამოასწორებს.

„ეს ჯებირი, რასაც აკეთებენ, უზრუნველყოფს შემდგომში რომ არ ჩამოდინდეს ნავთობპროდუქტები მდინარეში. ეს იქნება ერთგვარი შემაკავებელი,“ – ამბობს ნელი კორკოტაძე.

ნავთობპროდუქტები მდინარე ბარცხანის კალაპოტში

კითხვაზე, მას შემდეგ, რაც დაბინძურების არსებული კერა ამოიტუმბება, როგორ გააკონტროლებენ ტერიტორიას, მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი პასუხობს, რომ  შავი ზღის დაცვის კონვენციური სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია შავი ზღვის დაბინძურებაზე, პერმანენტულად ახორციელებს პატრულირებას სანაპიროზე.

„მათ შორის ბარცხანის შესართავთანაც. დაბინძურების კერის აღმოჩენის შემთხვევაში მომენტალურად ხდება ზომების მიღება და შეკავება. ამ ეტაპზე რაიმე საფრთხე ზღვის ნავთობით დაბინძურების არ არსებობს. აღვნიშნავ, ეს არის ისტორიულად დაბინძურებული ადგილი. ჩვენ სულ ვეძებთ ამ დაბინძურების კერას, მაგრამ იქ რომელიმე კონკრეტული კერის პოვნა შეუძლებელია. ხან ერთ ადგილასაა, ხან მეორე ადგილას. ლოკალურად არაა. ჩვენ კონტროლზე ავიყვანთ ამ ტერიტორიას და როგორც კი მოხდება ამ ტიპის რაიმე ჩაღვრა მომენტალურად ამოვტუმბავთ ნავთობპროდუქტები იქნება ეს თუ დაბინძურებული წყლები.

რაც შეეხება მოსახლეობის წუხილს, იქ ნამდვილად დგას ნავთობპროდუქტების სუნი. ბუნებრივია, როცა ტემპერატურაა და გუბურებში მოგროვილია ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული წყალი, შედეგად შემაწუხებელი სუნი  წარმოიქმნებოდა,“ –  აცხადებს ნელი კორკოტაძე.

„ბათუმელები“ დაინტერესდა როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა, თუკი დაბინძურების ახალ კერას აღმოაჩენს. როგორც მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ამბობს, დაბინძურების კერის აღმოჩენის შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ცხელ ხაზზე 153. ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ყველა ოპერატორიდან დარეკვა უფასოა.

განახლება: სტატია გაზეთ „ბათუმელების“ 27-ე (21 ივლისი – 3 აგვისტოს) ნომერში დაიბეჭდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექციამ მდინარე ბარცხანის კალაპოტში ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული კერის შესახებ ზუსტად ერთი კვირის წინ შეიტყო. „ბათუმელებმა“ გადაამოწმა მოჰყვა თუ არა შესაბამისი ორგანოების მხრიდან რეაგირება მიღებულ შეტყობინებას. მდინარე ბარცხანის კალაპოტი ისევ ნავთობპროდუქტებითაა დაბინძურებული.

გადაბეჭდვის წესი