დარჩება თუ არა „რვაფეხა“ სახელმწიფოს საკუთრებაში

ბათუმის მერიის ინფორმაციით ე.წ. „რვაფეხას“, კაფე „ფანტაზიის“ შენობის აღდგენა – რეაბილიტაციას ფონდი „ქართუ“ გეგმავს. ამასთან დაკავშირებით სამუშაოების დაწყების ნებართვის მისაღებად ქონების მესაკუთრემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, ნებართვის მისაღებად ბათუმის მერიას მიმართა.

„რვაფეხა“ ბულვარის ტერიტორიაზე მდებარეობს, ბულვარი კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შესაბამისად, მერიამ ტერიტორიის შემოღობვისა და მისი მსუბუქი კოსტრუქციით გადახურვის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოსთან შეათანხმა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კაფე „ფანტაზიას“ შენობა რეკოსტრუქციის შემდეგ სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება.

კაფე „ფანტაზიის“ დემონტაჟის ხარჯზე ორი საცურაო აუზის მოწყობას სასტუმრო „ჰილტონის“ მესაკუთრე გეგმავდა. ინვესტორმა ამ ტერიტორიის სანაცვლოდ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცხრა მილიონი ევროს ინვესტიციის განხორციელება შესთავაზა. ეს პროექტი ბათუმში აქციებით გააპროტესტეს. ქართველი არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები, საზოგადოება „ბათომი“ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დამცველები ხელისუფლებას კაფე „ფანტაზიის“, როგორც უნიკალური და ბათუმისთვის მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვას და შენარჩუნებას სთხოვდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი