სულხან ღლონტი

სულხან ღლონტი: ეს იქნება დადგმული ფოტოები, განათებით და მსახიობებით

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სულხან ღლონტი „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ ფოტომასალასთან და ახალ ვებგვერდთან დაკავშირებით მან კომენტარი ერთხელ უკვე გააკეთა, „თუმცა ნაციონალური მოძრაობა“ ბრიფინგებს მაინც მართავს“.

„ეს იქნება დადგმული, აჭარის დაცული ტერიტორიების, ეროვნული პარკების საუკეთესო სავიზიტო ფოტოები, თავისი განათებით, მსახიობებით, ქართული სუფრით ან ფოლკლორით, ან სპეციალური ლანდშაფტის შექმნით და ა.შ. რომლის რეალური ღირებულება სამჯერ უფრო ძვირია. მათ შორის, იქნება საბანერო და საჟურნალო ფოტოებიც, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხის უნდა იყოს. მსგავსი ფოტოების ღირებულება ზოგან არის 1000 ლარი და უფრო მეტი. ამ ფოტოებით აჭარა საუკეთესო მარკეტინგულ კამპანიაში მსოფლიოს 16 ქვეყანაში წარსდგება. ეს არის სტრატეგიული პროდუქტი, რომლის ბიუჯეტი მე დამხვდა, როცა ამ თანამდებობაზე დავინიშნე.

შესყიდვა მოხდება ელექტრონული ტენდერის მეშვეობით და ბუნებრივია, ფასი ის არ იქნება, რაც ბიუჯეტშია მითითებული. ფასი დაიკლებს. ტენდერში კომპანიებიც მიიღებენ მონაწილეობას და ფიზიკური პირებიც“ – ამბობს სულხან ღლონტი.

რაც შეეხება ვებგვერდს, სულხან ღლონტის თქმით, ვებგვერდის მომსახურებაზეც ელექტრული ტენდერი გამოცხადდება, რაც მის ღირებულებას შეამცირებს.

ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com