სიახლეები

აჭარა ვილნიუსის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

23.01.2017 • 2460
აჭარა ვილნიუსის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

20-22 იანვარს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები, ვილნიუსის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „ADVENTUR 2017”-ზე წარადგინა. აჭარის სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აჭარაში გავრცელებული ტურიზმის სახეობების, პროდუქტებისა და დასვენების შესაძლებლობების შესახებ.

დეპარტამენტის ცნობით, წელს “ADVENTUR 2017”-ში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 350-მდე ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა, რომელთა ტურისტულ პროდუქტს 24 787 ადამიანი გაეცნო.
„აჭარის და ზოგადად, საქართველოს მიმართ ინტერესი გამოფენაზე დიდია. ლიტველი ვიზიტორები საზღვაო დასვენების გარდა სამთო, ეკო და გასტრონომიული ტურებით ინტერესდებიან. გამოფენის ფარგლებში ჩვენ  არაერთი საქმიანი შეხვედრა გავმართეთ ჩვენს პარტნიორებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით და ვფიქრობ, მსგავს გამოფენებში მონაწილეობა რეგიონის რეკლამირებას საერთაშორისო ბაზარზე კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“ – თქვა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მიხეილ კოპლატაძემ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს სტენდი ვილნიუსის გამოფენაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი და გამოფენის გახსნისას ის ქალაქ კლაიპედას მერმა და ეკონომიკის მინისტრმა მოინახულეს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წლის ბოლომდე რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირებას 20-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გეგმავს. გარდა უკვე არსებული ტრადიციული სარეკლამო ქვეყნებისა, ახალი  ბაზრების აღმოჩენის მიზნით დეპარტამენტი მონაწილეობას მიიღებს გერმანიის, ლონდონის, იაპონიის, სეულისა და დუბაის საერთაშორისო გამოფენებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: