რას უნდა ველოდოთ ახალი უმაღლესი საბჭოსგან?

„უმაღლესი საბჭო ან ქმედითი უნდა გახდეს, ან უნდა გაუქმდეს“

როგორი იქნება ახალი მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭო? გამოვა თუ არა ის კომფორტის ზონიდან? რა მოლოდინები არსებობს საბჭოსთან დაკავშირებით და რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს ეს საკანონმდებლო ორგანო ეფექტური? – ამ თემაზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეს, გენო გელაძეს ესაუბრა.

ახალი უმაღლესი საბჭოს წევრების უმრავლესობა ყოფილი ჩინოვნიკები არიან. რა ცვლილებებს, რა აქტიურობას შეიძლება ველოდეთ ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოსგან?

აჭარის უმაღლესი საბჭოს აქტიურობა დამოკიდებულია იმაზე, ქვეყანაში რამდენად იქნებიან აქტიური საკანონმდებლო ორგანოები საერთოდ. პარლამენტის აქტიურობა არის პირდაპირი სტიმული, იმიტომ, რომ უმაღლესი საბჭო, პრინციპში, განსაკუთრებულს ვერაფერს წყვეტს. საბჭო აქტიური შეიძლება იყოს გარკვეული საკითხების შეფასებაში, დისკუსიებში, მაგრამ ის, რომ საკანონმდებლო სივრცე შეცვალოს, გააუმჯობესოს, რაღაც ახალი მოდელები შექმნას, ამის დამოუკიდებლად გაკეთება გაუჭირდება, თუკი პარლამენტში უმაღლესი საბჭოს მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვალა.

როგორია ეს დამოკიდებულება?

უმაღლესი საბჭოს კანონპროექტებს პარლამენტი არც თუ ისე სერიოზულად უყურებს და არც კი განიხილავს.

ამის მიზეზად არაკომპეტენტურად შემუშავებული კანონპროექტები სახელდებოდა.

ხშირად ასე იყო, ფაქტია. ამიტომ, თუკი უმაღლესმა საბჭომ პირველ თვეებში არ გამოავლინა კვალიფიციური მიდგომა და მოტივაცია, რომ სურთ გააკეთონ გარკვეული სისტემური რეფორმები, ბუნებრივია, არაფერი გამოუვა. თუმცა, საკანონმდებლო ინიციატივების თვალსაზრისით, ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი ახალ უმაღლეს საბჭოს, დაწყებული ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსიდან.

სტატუსთან დაკავშირებით რა ცვლილებებია საჭირო, ეს უფლებამოსილების გაზრდას უკავშირდება?

იმის გამო, რომ ორივე საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით არის მოსული მმართველი პარტია, მას შეუძლია გამოასწოროს ის მდგომარეობა, რასაც საკანონმდებლო ხარვეზებიც კი აღარ ჰქვია. პრაქტიკულად, მოუწესრიგებელია უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი ბაზა.

რას გულისხმობთ მოუწესრიგებლობაში?

მაგალითად, ავტონომიის სტატუსს დოკუმენტებში, რომელიც მეორდება და პარლამენტმა უნდა შეცვალოს, მაგრამ ინიციატორი შეიძლება იყოს უმაღლესი საბჭო, ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს ავტონომიას, რომლებიც გადახლართულია ცენტრალურ ხელისუფლებასთან, თვითმმართველობასთან. ასევე, თვითმმართველობის კოდექსი საერთოდ არ იცნობს აჭარის ავტონომიას, უმაღლეს საბჭოს და მის ხელისუფლებას. მაგალითად, ჩვენ რომ აჭარაში გვაქვს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ასეთ ინსტიტუტს თვითმმართველობასთან რა შეხება ექნება, არ არის დაზუსტებული. თვითმმართველობას აქვს ვალდებულება, მოაწესრიგოს შიდა გზები, ჩვენს შემთხვევაში კი ამას აკეთებს აჭარის ავტონომია, თუმცა, ეს უფლებამოსილება ავტონომიას რეალურად წართმეული აქვს. ამას საკანონმდებლო პრობლემაც ჰქვია და პრაქტიკის პრობლემაც. ამის დარეგულირებას კეთილი ნებაც სჭირდება და პოლიტიკური კულტურაც.

მსგავსი სისტემური პრობლემები დაკავშირებულია ტყეებთან, ტყის საზღვრებთან, მის მოვლასთან, ნებართვების გაცემასთან და ა.შ. ბევრ საკითხში აჭარის ავტონომიას აქვს სპონტანური უფლებამოსილება. ასევე, ის, რისი უფლებაც არ აქვს და ფაქტობრივად შეჭრილია _ მაგალითად, თვითმმართველობის უფლებამოსილებაში, აი, ასეთ საკითხებს სჭირდება დარეგულირება.

უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების გაზრდაზე იყო საუბარი და ამას ეთანხმებით?

უფლებამოსილების გაზრდის საჭიროება რომ დგას, ეს არის ფაქტი. თუნდაც ჯანდაცვის კუთხით და რატომ. ჩვენ რომ შევადაროთ ამ მიმართულებით ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკის პროგრამები, პრაქტიკულად ავტონომიური რესპუბლიკა მხოლოდ ავსებს ან ამატებს იმ პროგრამებს, რომლებსაც ცენტრალური ხელისუფლება ვერ ფარავს. ან ბენეფიციართა რაოდენობას ზრდის, ან თანხას. ხშირად ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოები ჰგავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგან ახორციელებენ კონკრეტულ პროგრამებს და არაფერს არ წყვეტენ. სერვისპროვაიდერია, პრაქტიკულად. შესაბამისად, გადაწყვეტილების უფლება რომ ჰქონდეს, მას უნდა ჰქონდეს დელეგირებული უფლება რაღაც სფეროში. ეს შეიძლება იყოს სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და კიდევ ბევრ სფეროში შეიძლებოდა უფლებამოსილების გადმოცემა, მაგრამ უმაღლეს საბჭოს მოუთხოვია კი გადმოცემა? – ან იშვიათად, ან არაკვალიფიციურად. უმაღლესი საბჭოს გააქტიურების ერთადერთი შანსი გვაქვს და ეს ბევრად არის დამოკიდებული საბჭოს თავმჯდომარეზე. თუ საბჭოს თავმჯდომარე იქნება ადამიანი, ვისთვისაც საკანონმდებლო სფერო იქნება ახლო თემა, ეს კარგ შედეგს მოიტანს.

პრაქტიკულად, გასული უმაღლესი საბჭოების საქმიანობები ფასდება როგორც ცუდსა და უარესს შორის არჩევანი, რადგან შედეგები არის კატასტროფული. აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიტიური საქმიანობა ვერ ჩაეთვლება უმაღლეს საბჭოს. მას თავისი აქტივობები უნდა ჰქონდეს.

წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოს ხშირად სდებდნენ ბრალს იმაში, რომ მხოლოდ კომფორტზე იყო ორიენტირებული. ფიქრობთ, რომ ახალი შემადგენლობა შეცვლის დამოკიდებულებას?

კომფორტის რეჟიმში იმიტომ ცხოვრობდნენ, რომ ფიქრობდნენ, უფლებამოსილება მაინც არ გვაქვს და არც არავინ არ გაგვიზრდისო. რატომღაც ერიდებიან რეგიონებიდან ამ საკითხის დაყენებას ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რომ არ ჩაუთვალოს ვინმემ სეპარატიზმად. ცოტა უცნაური დამოკიდებულება გვაქვს.

ანუ ამის მიზეზი სეპარატიზმის კომპლექსია?

რა თქმა უნდა. ხშირად მსმენია ეს მიზეზი. ამ საკითხს ვერ დავაყენებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან – ეს ხშირად მსმენია. თუკი ჩვენ გვაქვს პრეტენზია ეფექტური მმართველობის, რატომ უნდა უყურებდეს ამ საკითხს ვიღაც უნდობლად. ეს არის ჩვეულებრივი მომენტი.

ბოლოს და ბოლოს უნდა შევთანხმდეთ, აჭარის ავტონომიას რა უფლებამოსილება გააჩნია. თუ ის მხოლოდ დღეს არსებული უფლებების ფარგლებში იმოქმედებს, მაშინ უმაღლესი საბჭო, ფაქტობრივად, არის გასაუქმებელი. აჭარის ბიუჯეტს რომ არ ამტკიცებდეს, სხვა რა უნდა გააკეთოს მეტი?

თუმცა, ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოში არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც, ვფიქრობ, შეცვლის არსებულ სტანდარტს და უმაღლეს საბჭოს. თუკი დათო გაბაიძე იქნება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ვფიქრობ, ვნახავთ ახლებურ უმაღლეს საბჭოს. რადგან ის ყოველთვის აქტიური და პრინციპული იყო, ვფიქრობ, ეს დამოკიდებულება მას უმაღლეს საბჭოშიც შეუნარჩუნდება.

უმაღლეს საბჭოში შევიდნენ პატრიოტთა ალიანსისადა ბურჯანაძე-დემოკრატებისწარმომადგენლები. ამ პარტიების ლიდერები ცნობილი არიან ხმამაღალი, რიგ შემთხვევებში, სკანდალური განცხადებებითაც. ფიქრობთ, რომ იმავეს უნდა ველოდოთ მათი წარმომადგენლებისგან უმაღლეს საბჭოში?

მე ვფიქრობ, რომ ისინი განცხადებების დონეს ვერ გასცდებიან. ცოტანი არიან იმისთვის, რომ რაიმე შედეგი დადონ.

თქვენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, მოქალაქეს, რითი დაგამახსოვრდათ წინა მოწვევის უმაღლესი საბჭო?

ყველაზე მეტად ორ ამბავს გამოვყოფდი, პირველი, სახალისო, რაც უკავშირდებოდა ავთანდილ ბერიძეს – იყო ქოლგები და კიდევ სხვა უცნაურობები, მეორე კი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსთან დაკავშირებული დისკუსია. სხვა განსაკუთრებული არ მახსენდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com