ბათუმის მერიის უკონტროლო ქონება და უფასო მოსარგებლეები

აჭარის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში სულ ცოტა 125 ადამიანი ყოველგვარი საზღაურისა და უფლების გარეშე სარგებლობს. აჭარაში მუნიციპალური ქონების უსასყიდლოდ და უნებართვოდ გამოყენების ფაქტებიც ფიქსირდება. სახელმწიფო აუდიტის ერთ-ერთი დასკვნის მიხედვით, „ბათუმის მერიის საკუთრებაშია ქონება, რომელთაც იყენებენ გარკვეული ფიზიკური ან იურიდიული პირები უსასყიდლოდ“.

ბათუმის მერიის მიერ აუდიტისთვის მიწოდებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ქონებიდან 10 ობიექტი მესამე პირებს აქვთ თვითნებურად დაკავებული. „არსებობს შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა პირი თვითნებურად სარგებლობს მუნიციპალური ქონებით. მათ შორის არიან იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც მუნიციპალიტეტის საკუთრებას იყენებენ კომერციული საქმიანობისთვის – მაგალითად, ორ შემთხვევაში დაკავებული ქონების ტერიტორიაზე მოქმედებს მაღაზია. ბათუმის ბულვარში კი მერიის კუთვნილ ფართობებს რამდენიმე რესტორანი უსასყიდლოდ იყენებს“, – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ საერთო სურათის შესაქმნელად შეარჩიეს ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტი – ბათუმი და მომცრო მუნიციპალიტეტი მაღალმთიანი აჭარიდან – ქედა. აუდიტის პერიოდად განისაზღვრა 2013-2015 წლები, „თუმცა ანალიტიკური მიზნებისთვის ასევე გამოყენებულ იქნა აუდიტის დასრულების დროისთვის ხელთ არსებული ინფორმაცია“.

ბათუმის მუნიციპალიტეტმა აუდიტს მიაწოდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნუსხა, რომელმაც შეადგინა 811 საკადასტრო ერთეული, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტმა – 197 საკადასტრო ერთეული. საჯარო რეესტრის მონაცემებით კი, ბათუმის მერიის საკუთრებაში იყო 1 446 საკადასტრო ერთეული, ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში – 305. შესაბამისად, რეესტრის მონაცემებით, ბათუმის მფლობელობაში 635 ერთეულით მეტი ქონებაა, ხოლო ქედის შემთხვევაში – 150 ერთეულით მეტი, ვიდრე მუნიციპალიტეტებს აქვთ დაფიქსირებული.

აუდიტის დასკვნით: „ქედისა და ბათუმის მაგალითზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ მუნიციპალიტეტების მიერ ქონების აღრიცხვა და სრული ინფორმაციის ფორმირება ხარვეზებით წარიმართება. გამოტოვებული ინფორმაციის მოცულობა საკმაოდ დიდია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტებს შესაძლოა გააჩნდეთ არსებითი პრობლემები ქონების ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენების თვალსაზრისით… მუნიციპალიტეტებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემაა გარკვეული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ქონების თვითნებურად დაკავება/სარგებლობა, რაც თავდაპირველ ეტაპზე ფინანსურ ზარალს იწვევს მუნიციპალიტეტისათვის“.

აუდიტის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ „ქედის მუნიციპალიტეტმა დაადასტურა ანგარიშში წარმოდგენილი ფაქტობრივი ინფორმაციის სიზუსტე… ბათუმის მუნიციპალიტეტი კი არ დაეთანხმა ანგარიშში წარმოდგენილ მონაცემებს“.

აუდიტის რეკომენდაციით, ბათუმის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ უნდა განიხილოს ეფექტიანი კონტროლის მექნიზმების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს არსებული ქონების ხელყოფისაგან/თვითნებურად დაკავებისაგან დაცვას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com