სიახლეები

მადლობა და ნახვამდის

30.05.2012 • • 1322
მადლობა და ნახვამდის

ნაირა ჯანელიძე მე-16 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი

პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდას უკვე ერთწლიანი ისტორია აქვს… თუმცა, კამათი იმაზე, გვჭირდება თუ არა იგი, ჯერაც არ წყდება. ყოფნა-არყოფნასავით დაუმძიმდა საზოგადოებას ამ კითხვაზე პასუხი, მით უფრო რომ სტატისტიკა თვალის მომჭრელი არ არის. დიდი ამბიციით დახუნძლული ხელისუფლება 11%-ით თავს ვერ მოიწონებს, ნამდვილად ცოტაა და ვფიქრობ, არც რეალობას ასახავს. იმ გამოცდაზე გასული, წარმატებულიცა და წარუმატებელიც, აბსურდული ისტორიის გმირია, რადგან დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა: კარგი მასწავლებელი ამ გამოცდის გარეშეც კარგ მასწავლებლად დარჩება. ცუდზე არაფერს ვიტყვი, ეგონოს მავანს, რომ თუ რაღაც ეტაპზე დაიმახსოვრე კოგნიტური განვითარების სტადიები, ან სოციალური დასწავლის თეორია, უკვე პროფესიონალი ხარ. არადა, თუ ჩაუღრმავდები, მიხვდები, რომ ეს თვისობრივად არაფერს ცვლის, რადგან ჩემი თაობის პედაგოგებისათვის, ვგულისხმობ იმათ, ვინც სკოლაში 20-25 წელი გაატარა, ამგვარი გამოცდის გარეშეც პრობლემას არ წარმოადგენს არც გაკვეთილის სრულფასოვნად ორგანიზება, არც მოსწავლეებთან ურთიერთობა, არც პროფესიული საქმიანობის ჩანაწერების სახით გაფორმება, რომელზედაც ასე აქცენტირებულია ზოგადი უნარების ტესტი. იმის თქმა მინდა, რომ ჩემს თაობას უფრო დიდი ბრძოლა აქვს მოგებული. საგანმანათლებლო სისტემის ახალგაზრდა მესვეურებს ალბათ არ ახსოვთ, როგორ გამოსტაცა უმძიმეს პერიოდს მხოლოდ ენთუზიაზმს მინდობილმა უღალატო მასწავლებელმა სკოლა, გამოსტაცა და გადაარჩინა… არ ახსოვთ იმიტომ, რომ ისინი ალბათ პრესტიჟულ სკოლებში სწავლობდნენ.
თუ ხელისუფლებას ამ პროცესით ზედმეტი მასწავლებლის პრობლემის გადაჭრა სურს, მაშინ გამოდის, რომ უზნეო მარათონის მონაწილენი ვართ… უფრო ზნეობრივად მეჩვენება გვითხრან – „მადლობა და ნახვამდის…“ თანაც, ვერც იმაში ვხედავ ლოგიკას, როცა მეუბნებიან: პროცესი ნებაყოფლობითია, არ არის სადამსჯელო, მაგრამ თუ ვერ ჩააბარებ, წახვალ… ეს კაზუსია! მიუხედავად ამგვარი განცდისა, თავად გამოცდაში ტრაგიზმის ელემენტებს ვერ ვხედავ, რადგან იგი არამხოლო პროფესიული შესაძლებლობების ტესტია, ჩვენი ფსიქოლოგიური მდგრადობის გადამოწმებაცაა, ამავედროს პასუხისმგებლობაცაა სკოლის წინაშე, რომელსაც ბრენდირებისათვის სჭირდება სერტიფიცირებული მასწავლებელი, ამიტომ ამ პასუხისმგებლობას არ გავექცევით.
სრულიად ცალკე საუბრის თემაა განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინოვაციები ინგლისურ ენასთან დაკავშირებით, მისი გროტესკით გაჯერებული წინაპირობებით და სავარაუდო შედეგებით… მე აქ მოვხსნიდი ყველა გულისამაჩუყებელ პირობით ნიშანს, დავტოვებდი მხოლოდ ერთს და გავიხსენებდი მუხრან მაჭავარიანს – „კი, მაგრამ ღმერთი აღარაა, ბნელა…“

გადაბეჭდვის წესი