სიახლეები

ბათუმელი ყურანის ზეპირმცოდნე

30.05.2012 • • 1977
ბათუმელი ყურანის ზეპირმცოდნე

ირანის მუსტაფას უნივერსიტეტის, ირანის საელჩოსა და საქართველო-თურქეთის მეგობრობის ასოციაციის დახმარებით ჩატარებულ კონკურსში – ყურანის საუკეთესო მკითხველი, 28 წლის ბათუმელმა ბადრი ვანაძემ გაიმარჯვა. ეს ნიშნავს ავტომატურად გადასვლას მსგავსი ტიპის კონკურსში, ოღონდ მსოფლიოს მასშტაბით. კონკურსი მომდევნო წლის ზაფხულში ჩატარდება და ბადრი მასში მონაწილეობასაც გეგმავს. მას კონკურსის და ზოგადად რელიგიის თემაზე ვესაუბრეთ.

ხატია ღოღობერიძე

ბადრი ვანაძე: კონკურსი გულისხმობს ყურანის საუკეთესო კითხვას. ყურანის კითხვა არ არის წიგნის კითხვა, მას სჭირდება გრამატიკულად წაკითხვა, მკითხველმა მაქსიმალურად უნდა დაიცვას ენობრივი ნორმები. მოცემული მონაკვეთი უნდა წაიკითხო მაქსიმალურად სწორად. კონკურსი საქართველოში პირველად ჩატარდა და მონაწილეები მხოლოდ საქართველოდან იყვნენ. სულ 12 მონაწილე ვიყავით, ამათგან ორი აჭარიდან.

– ბადრი, სად და როგორ ისწავლეთ ყურანი?

– დავიბადე ხულოს რაიონის სოფელ ვანაძეებში, მუსლიმანურ ოჯახში, მაგრამ ისლამი არ ვიცოდი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ წავედი თურქეთში ყურანის ზეპირმცოდნეობის შესასწავლად. სამი წელი და ექვსი თვე იქ ვიყავი. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გადავწყვიტე, მესწავლა არაბული, რადგან მინდოდა გამეგო იმის მნიშვნელობა, რაც დავიზეპირე. წავედი სირიაში და დამასკოს უნივერსიტეტში დავამთავრე არაბული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა. ხუთი წელი იქ ვიყავი, პარალელურად ვმუშაობდი ტელევიზიაში. პირველ თვეებში სირიელი მეგობრები მეხმარებოდნენ, მერე მეც დავიწყე მუშაობა.

– ტელევიზიაში რას აკეთებდით?

– სიუჟეტების მომზადებაში ვეხმარებოდი, რამდენჯერმე გადაცემაც წავიყვანე. ერთხელ ქართულად, თურქულად და არაბულადაც წავიყვანე გადაცემა, ქართველი სტუმრები გვყავდა. ძირითადად თარჯიმანი ვიყავი და არაბულად ვთარგმნიდი ინფორმაციას.

– თურქეთში თქვენი ხარჯებით წახვედით თუ ვინმე დაგეხმარათ?

– სკოლის დამთავრების შემდეგ ერთმა მეგობარმა შემომთავაზა წასვლა, თუ ამას შეძლებ, დაგეხმარებიო. ძველი ქართველია, თურქეთში მცხოვრები. ჩემი ხარჯით არ წავსულვარ, ის დამეხმარა ყველაფერში. არანაირი ანაზღაურება არ ყოფილა, გარდა იმისა, რაც ყოველდღიურად მჭირდებოდა იქ ცხოვრებისთვის. მანვე დამაკვალიანა და მითხრა, სად უნდა მივსულიყავი. გვასწავლიდა საუკეთესო სპეციალისტი. სულ ორმოცამდე ქართველი ვიყავით, მათგან ყურანის რვა ზეპირმცოდნე დაუბრუნდა საქართველოს.

– ქართულ მედიაში ხშირად იწერება – აჭარიდან ბავშვები ისლამის სასწავლებლად იმისათვის გაჰყავთ, რომ აქ დასაყრდენი მიიღოს თურქეთმა, თუნდაც პოლიტიკური თვალსაზრისით. რამდენად რეალურია ეს?

– არ ვიცი, ვის რა პოლიტიკური მიზანი აქვს, მაგრამ მაგის გამო არავინ არ მიდის. იქ მიდიან სასწავლებლად, ჩამოდიან და მუშაობენ. ზოგი სწავლობს რელიგიას, ბრუნდება აქ და თავის რელიგიას ემსახურება.

– ასევე ქართული პრესის ცნობით, თურქეთში რელიგიური განათლების მისაღებად ძირითადად გაჰყავთ სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ბავშვები, რომელთაც აქ განათლების მიღებაზე ხელი არ მიუწვდებათ…

– რელიგია შეიძლება საქართველოში ვერ ისწავლო და ვისაც ამის სწავლა უნდა, იქ უკეთესია. ზოგიერთი იმიტომ მიდის, რომ საზღვარგარეთ ისწავლოს. იმ უნივერსიტეტებშიც ეს ყველაფერი ფასიანია და თუ აქ განათლების მიღებაზე ხელი არ მიუწვდებათ, იქ ვერ ისწავლიან.

– ახლა რას საქმიანობთ?

– საქართველოში უნივერსიტეტი არ დამიმთავრებია. ვმუშაობ მეჩეთში, ვარ მუეძინი, რაც ლოცვაზე მომხმობს, მომპატიჟებელს ნიშნავს. გარდა ამისა, მყავს აბიტურიენტები და ვასწავლი არაბულ ენას.

– სხვაგან გიცდიათ სამსახურის შოვნა?

– ჩემი სპეციალობის მიხედვით საქართველოში არ არის ადგილი, სადაც შეიძლება დასაქმდე. არაბული ენა არ გამოიყენება და არც მიმიმართავს არავისთვის. თბილისში უფრო მეტი საშუალებაა, შეიძლება ლექციები წაიკითხო, მაგრამ არ მიცდია. შევეცადე, კერძოდ გამეკეთებინა რაღაც, აბიტურიენტები ავიყვანე და ა.შ.

– ადამიანური ურთიერთობების დროს რელიგია ყოფილა თქვენთვის განმსაზღვრელი?

– ისლამის მიმდევარი მეგობარი უფრო მეტი მყავს, მაგრამ სხვა რელიგიის წარმომადგენლებთანაც ვმეგობრობ. სირიაში როცა ვიყავი, თბილისელ მართლმადიდებლებთან ერთად ვცხოვრობდი. ცუდი დამოკიდებულება არ მიგრძვნია, ხშირად უთქვამთ – თუ გინდა, გავალთ ოთახიდან და აღავლინე ლოცვაო. ეს არის განათლების შედეგი. თუ ადამიანმა თავისი რელიგია კარგად იცის და აფასებს, სხვა რელიგიაც უნდა დააფასოს. ის ადამიანი, რომელიც ქართველ მუსლიმს სხვად აღიქვამს, უვიცად მიმაჩნია. არის ხალხი, რომლებიც არ არიან მუსლიმები და მაფასებენ იმიტომ, რომ ვარ მორწმუნე. მე ვარ ქართველი და ვამაყობ ამით, პატრიოტიზმშიც ვერავინ შემეჯიბრება.

– რას ფიქრობთ ზოგადად მუსლიმებისა და სხვა რელიგიების წარმომადგენლების მდგომარეობაზე საქართველოში?

– რომ ვთქვა ყველაფერი საუკეთესო დონეზეა-მეთქი, არ ვიქნები მართალი, ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი. თუმცა არის იმის საშუალება, რომ ვისაც სჭირდება კონკრეტული რელიგია, გაიგოს მის შესახებ და მიიღოს.

-ანუ რელიგიის თავისუფლება საქართველოში არის?

– მთლად 100%-ით ვერ ვიტყვით, მაგრამ შესაძლებლობა არის.

– რას ფიქრობთ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობაზე ბათუმში? რამდენად მიზანშეწონილია, როცა მრევლმა არ იცის, სად აშენდება მისი სამლოცველო?

– მაგ საკითხის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, ალბათ ჯერ არაა გადაწყვეტილი, სად უნდა აშენდეს. რაც შეეხება მეჩეთის მშენებლობას, უნდა აშენდეს, სჭირდება მრევლს.

– ითქვა, რომ შეიძლება მუზეუმის სახით აშენდეს. რამდენად მისაღებია ეს თქვენთვის?

– მუზეუმის სახით თუ იქნება, ეს იქნება მუზეუმი და არა მეჩეთი.

– რას ფიქრობთ საკანონმდებლო ცვლილებაზე რელიგიური უმცირესობების სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით?

– კმაყოფილი ვარ საკონონმდებლო ცვლილებებით. ეს არის დემოკრატია. შენ რომელ ქვეყანაშიც ცხოვრობ, იმ ქვეყანამ დაგაფასა, ცნო შენი არსებობა. საქართველოში არსებული ყველა სხვა რელიგიის წარმომადგენელიც ქართველია და დასაფასებელია. ამბობენ, გაგვათანაბრესო. მე არ ვცდილობ ვინმეს გავუთანაბრდე, მაგრამ უნდა დაინახონ, რომ მეც ვარსებობ, საქართველოს ნაწილი ვარ. არსებობს მრავალი დაურეგისტრირებელი მეჩეთი და არავინ იცოდა, ვისი საკუთრება იყო. ახლა ეს ყველაფერი დარეგისტრირდება, იქნება ოფიციალური და ეს კარგია.

–  დაოჯახებული ხართ? თქვენი მეუღლე მუსლიმია?

– კი, მყავს მეუღლე და ერთი შვილი. ჩემი მეუღლე სირიელია, მუსლიმი.

– სხვა რელიგიის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, შეირთავდით ცოლად?

– ისლამში დაშვებულია არამუსლიმზე ქორწინება. როცა მუსლიმი მამაკაცი ცოლად ირთავს არამუსლიმს, მას პასუხისმგებლობა ეზრდება, რათა გაათვითცნობიეროს მეუღლე ამ რელიგიაში. თუმცა, ქალის გათხოვება არამუსლიმზე რელიგიურად არ არის დაშვებული.

– თქვენთვის რამდენად მისაღები იქნება, შვილმა რომ გადაწყვიტოს აღმსარებლობის შეცვლა?

– არასასიამოვნო იქნება, რა თქმა უნდა, მინდა ჩემი შთამომავლობა ჩემს რელიგიას მიყვეს. აღმსარებლობის შეცვლის სურვილი არ გაუჩნდებათ, თუ შვილებს სათანადო რელიგიურ ცოდნას მისცემ.

გადაბეჭდვის წესი