ხულოში, სხალთა-კვატიის გზის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხულოში, ზომლეთი-ხიხაძირის გზის სხალთა-კვატიის მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება.

გზის სარეაბილიტაციო სავარაუდო თანხაა 4 მილიონ 988 ათას 937 ლარი. ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია, თუმცა ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაფორმებულა. ტენდერი, რომელიც საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტმა წელს, 16 თებერვალს გამოაცხადა, 15 მარტს დასრულდა.

რატომ არ გაფორმდა ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან ამ დრომდე და ხომ არ ჭიანურდება დრო შეგნებულად? – ამ კითხვაზე შესყიდვების ეროვნულ სააგენტოში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ვინაიდან შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დონორის სახსრებით ხდება, პირობებს ძირითადად შემსყიდველი ორგანიზაცია და დონორი ადგენენ.

გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ყველა ინფორმაცია ამ კონკრეტულ შესყიდვასთან დაკავშირებით დევს შესყიდვების ვებგვერდზე.

სხალთა-კვატიის გზა - ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან (3)

სხალთა-კვატიის გზის მონაკვეთი

ამ დოკუმენტაციის მიხედვით, „სახელმწიფო შესყიდვებით გათვალისწინებული პროცედურები არ ვრცელდება აღნიშნულ შესყიდვაზე“; ამასთან, ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა, გამარჯვებულად კი კომპანია „ბლექ სი გრუპი“ დასახელდა, რომელსაც სატენდერო კომისიამ დამატებითი დოკუმენტების წარდგენის შესახებ წერილობით, 28 მარტს მიმართა და ვადა 28 დღე მისცა. კომპანიამ გზის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია დეპარტამენტს 4 799 999 ლარად შესთავაზა. დამატებითი დოკუმენტაცია კი „ბლექ სი გრუპს“ მიერ შესყიდვების ვებგვერდზე დღემდე არ აუტვირთია.

გზის მშენებლობის დაწყება-დასრულების ვადა, ტენდერში გამარჯვებულთან გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com