მთავარი,სიახლეები

აჭარის ყველა მდინარე ეკოლოგიურად დაბინძურებულია – როგორია დაჯარიმების სტატისტიკა

18.03.2016 • 3628
აჭარის ყველა მდინარე ეკოლოგიურად დაბინძურებულია – როგორია დაჯარიმების სტატისტიკა

ბათუმის მიმდებარე და მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მდინარეები და ხევები საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა დაბინძურებული, თუმცა კონკრეტული დამნაშევე თითქმის არ არსებობს: „ზემოდან მოაქვს მდინარეს“, „მეორე სოფლიდან მოაქვთ და ყრიან“- ამბობენ დაბინძურებულ ხევებთან და მდინარეებთან ახლოს მცხოვრები ადამიანები.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში ამბობენ, რომ კანონის გამკაცრებისა და საჯარიმო სანქციების ამოქმედების შემდეგ მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გარემოში გადაყრას ერიდება, თუმცა ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს.

აჭარის გარემოს დაცვის ინსპექციას გასულ და მიმდინარე წელს, აჭარის მასშტაბით, ნარჩენების მართვის კანონდარღვევის 220 შემთხვევა აქვს გამოვლენილი, აქედან 9 შემთხვევა – 2016 წელს. გარემოს დაცვის აჭარის ინსპექციის ანალიტიკოსის, გოჩა ნაცვლიშვილის განმარტებით, წყლის რესურსების დაბინძურების მხოლოდ 44 ფაქტი დაფიქსირდა გასულ წელს, მიმდინარე წელს კი – სამი.

„ძირითადად ბათუმსა და ქობულეთშია გამოვლენილი დარღვევები,“-  გვეუბნება ის, თუმცა „ბათუმელების“ მიერ ქედის მუნიციპალიტეტის ცალკეულ სოფლებში დაფიქსირებული სურათი აჩვენებს, რომ მდინარეები და ხევები საყოფაცხოვრებო ნარჩენებით აქაც აქტიურად ნაგვიანდება. დანდალოს, წონიარისისა და ტიბეთას მდინარეები, სადაც „ბათუმელები“ იმყოფებოდა, საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა დაბინძურებული. მოსახლეობა კი ამბობს, რომ დაჯარიმების შემთხვევები არ ყოფილა.

მოსახლეობა გარემოს დაბინძურების მიზეზად სოფლებში სანაგვე ურნების არარსებობას ასახელებს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს გარემოს დაცვის პასუხისმგებლობას აკისრებს, თუმცა მუნიციპალიტეტებში გვეუბნებიან, რომ სოფლებიდან ნარჩენების გამოტანას შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა უშლის ხელს. „ვიწრო გზებზე ვერ გადაადგილდებიან „სანდასუფთავების“  მანქანები,“-  ამბობს ქედის გამგებელი დავით დუმბაძე.

მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაბინძურებაზე საკმაოდ მაღალი საჯარიმო სანქციები მოქმედებს, მდგომარეობა არსებითად არ იცვლება. მაგალითად, ავტომანქანის მდინარეში გარეცხვაზე ჯარიმა 50 ლარია, ნარჩენების დაწვაზე კი – 500 ლარი. როგორც გოჩა ნაცვლიშვილი ამბობს, სასამართლოს მიერ დაჯარიმებული პირების 90 პროცენტი ჯარიმას არ იხდის და საქმეები გადაცემულია აღსრულებაზე.

ნაგავი

„დაჯარიმებული გვყავს მოქალაქეები მანქანიდან სიგარეტის ნამწვავის გადაგდებაზე, ავტომანქანის მდინარეში გარეცხვისა და ნარჩენების დაწვის გამო,“-  ამბობს გოჩა ნაცვლიშვილი.

ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ნარგულ ასანიძის შეფასებით, ნარჩენების პრობლემა გაცილებით ფართო მასშტაბებზე გადის და გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემას მიეკუთვნება.

„ჩვენ კონსტიტუცია გვანიჭებს უფლებას, რომ ვიცხოვროთ გარემოში, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს. თუმცა, ის რეალობა, რაც დღეს მდინარეებთან თუ ზღვასთან დაკავშირებით გვაქვს, საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასაც და გარემოსაც,“-  ამბობს ის.

ნარგულ ასანიძე ამბობს, რომ აჭარაში არსებული მდინარეების ეკოლოგიური მდგომარეობა მან ოთხი წლის წინ, კვლევის ფარგლებში შეისწავლა, რომელიც სოფლებში ეკოტურიზმის განვითარების შესაძლებლობებს არკვევდა. „კვლევებმა აჩვენა, რომ სოფლებში მდინარის წყლები სისუფთავის ყველა ნორმას მოკლებულია, რადგან მასში პირდაპირ ჩაედინება საკანალიზაციო სისტემები. გარდა ამ პრობლემისა, მდინარეებსა და სანაპიროებზე ყრია საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ასეთ პირობებში კი წყალი სუფთაც რომ იყოს, ეკოტურიზმის განვითარება შეუძლებელია“.

სპეციალისტის შეფასებით, სახელმწიფომ უნდა შექმნას ყველა საჭირო ბერკეტი იმისთვის, რომ გარემოს ნაკლები ზიანი მიადგეს. გარდა ამისა, არსებითად მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ცვლილებაც.

„ეს ყველაფერი აუცილებლად დაგვიბრუნდება უკან, როგორც საფრთხე. ჩვენ ზიანს ვაყენებთ გარემოს, საიდანაც მოსავალი უნდა მივიღოთ, ჰაერი ვისუნთქოთ და წყლის რესურსების სიკეთეებით ვისარგებლოთ. კლიმატის ცვლილებები, რომელიც უკვე მკაფიო და შემაშფოთებელია, ნარჩენების პრობლემასაც უკავშირდება.

საზოგადოების ცნობიერების მხრივ ბევრია სამუშაო. ბავშვებიც აქტიურად უნდა ჩაერთონ ამ პროცესებში, რომ ნათლად დაინახონ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიურ წონასწორობას ჩვენი მომავლისთვის,“-  ამბობს ნარგულ ასანიძე.

2019 წლიდან მუნიციპალიტეტები ნარჩენების დახარისხებაზე უნდა გადავიდნენ, თუმცა დღეს არსებული მდგომარეობით, არათუ დახარისხება, სოფლებიდან ნარჩენების გამოტანაც კი ვერ ხერხდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: