“ბოდიში და ეს ცისფერების ქანდაკებას გავს” – ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილე

„აჭარის მამულიშვილთა კავშირი“ ბათუმის ბულვარში მდებარე სკულპტურის აღებას მოითხოვს. ამის შესახებ დღეს „აჭარის მამულიშვილთა კავშირმა“ ბრიფინგი გამართა ბათუმში და ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა:

„ბათუმში, ნოდარ დუმბაძის ქუჩის გასწვრივ რომ არის აღმართული მამათმავლების ძეგლი, იმის აღება მოვითხოვეთ. ეს არის მამათმავლების ძეგლი, ჩვენმა ცნობილმა მხატვრებმა და მოქადაკეებმა, როგორც ექსპერტებმა, ეს წერილობით დაადასტურეს, ამიტომ მოვითხოვეთ მისი აღება. შემიძლია წერილობით გადმოგცეთ, იქ არიან აჭარის და საქართველოს მხატვართა კავშირის წევრები, გია ბაღოშვილი, დუგლას ზამთარაძე და სხვები“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ნიაზ ბოლქვაძემ, „აჭარის მამულიშვილთა კავშირის“ ხელმძღვანელმა.

„მე არ ვერევი სხვის საავტორო უფლებებში, მაგრამ ჩემი კრიტიკული აზრი მაქვს“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ არქიტექტორმა გია ბაღოშვილმა, რომელიც ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილეა და რომლის მოსაზრებებიც ძეგლთან დაკავშირებით ასევე ჰომოფობიურია:

„ამის გადაკეთება შეიძლება, ფიგურის შეცვლა შეიძლება, რომ ცოტა მანდილოსნის ფიგურას დაემსგავსოს, ესკიზიც კი გადავაკეთე პატარა. ხელი არაფერზე არ მომიწერია, მაგრამ ჩემი აზრი მქონდა ამასთან დაკავშირებით. ყველა ადამიანი, ვისაც აღქმის უნარი აქვს, დაინახავს, რომ ერთი კაცი მეორეს გულს ჩუქნის, ბოდიში და ეს ცისფერების ქანდაკებას გაქვს – ამას ვეთანხმები, მე ასე აღვიქვამ და ამას ქვია სიყვარულის ახსნა და როგორ მივიღოთ?“ – განაცხადა გია ბაღოშვილმა „ბათუმელებთან“.

გელა წულაძის ეს ქანდაკება ბათუმის ბულვარში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქანდაკებაა, სადაც ხშირად იღებენ ფოტოებს.

ნიაზ ბოლქვაძის თქმით, ქანდაკების აღების მოთხოვნით ჯერ კიდევ ბათუმის ყოფილ მერს, ჯემალ ანანიძეს, ქალაქის საკრებულოსა და ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატებსაც, კაკო ძნელაძეს [აჭარის უმაღლესი საბჭო] და მურმან დუმბაძესაც [საქართველოს პარლამენტი[ მიმართეს, თუმცა მათგან გამოხმაურება ამ თემაზე არ ყოფილა.

„მამულიშვილთა კავშირის“ ერთ-ერთი ბოლო მოთხოვნა ბათუმში ასევე უკავშირდება ზუბალაშვილისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში „ოსმალთა სამასწლოვანი ბატონობისაგან [1552-1878წ. 25 აგვისტო] აჭარის განთავისუფლების და დედა სამშობლო საქართველოსთან დაბრუნებისათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის“  აღმართვას.

ამავე თემაზე:

გელა წულაძის კომენტარი ქანდაკებაზე, რომელსაც გეიწყვილი უწოდეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com