კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

სერჟანტი აგვისტოს ომიდან

09.12.2015 • 2767
სერჟანტი აგვისტოს ომიდან

„ბედნიერება ის არის, რომ დღეს ცოცხალი ვარ და მამობას მოვესწარი“, – ამბობს სერჟანტი ავთანდილ ჯაყელიძე. ის 22 ნოემბერს მესამე შვილის – ნიას მამა გახდა. ავთანდილ ჯაყელიძე აგვისტოს ომში დაჭრილი ჯარისკაცია. ომიდან შვიდი წლის შემდეგაც სამკურნალო რეაბილიტაციას გადის. მან ომში მარცხენა ფეხი დაკარგა.

პირადი ისტორია: „არსებობს კადრები – სამხედრო პირებს არხიდან დაჭრილი კაცი ამოჰყავთ. ეს კადრები „ნანუკას შოუში“ იყო. ნანუკა ამბობს, რომ დაჭრილი იძახდა „მიშველე“. ეს კაცი ვიყავი მე და ვიძახდი – „უშველე, თავს უშველე-მეთქი“.

ეს ამბავი 11 აგვისტოს მოხდა, სოფელ ყელქცეულთან (გორთან) ახლოს. ოცმეთაური ვიყავი და დაგეგმარებას ვაკეთებდი, ყველას მივუთითე თავისი ადგილი. ერთ-ერთი შეტევის დროს თვითმფრინავიდან დაგვბომბეს. სამწუხაროდ, დაიღუპნენ ჩემი მეგობარი ვაჟა შაინიძე და ჩემ უკან მყოფი ფრიდონ თურმანიძე. მე არხში მიპოვეს. სამხედროებმა ამომიყვანეს და დამდეს სამხედრო პიკაპზე. ტკივილმა მიმატა, ფეხი მოგლეჯილი მქონდა და ყურიც. ჯიბიდან სამხედრო ქუდი ამოვიღე და ყურზე მივიდე.

მეორე ქვეითი ბრიგადის ბიჭებმა მიმიყვანეს ქარელის რაიონში. იქ იყო ოთარ ქებაძე – ქირურგი. მან მითხრა, ნუ გეშინია კარგად იქნებიო და მთხოვა ვინმეს ნომერი მიმეცა. ჩემს ძმაზე მქონდა ნაჩუქარი ნომერი, ადრე ერაყში წავედი და მას დავუტოვე. მედდა ტანსაცმელს მიჭრიდა. ხომ არ შემეშალა ნომერი-მეთქი, ბოლოს ნომერი ისევ გავიმეორე და გავითიშე. ანზორს დაურეკეს, კარგად არის, ოღონდ ახლა სჭირდება შენს ძმას პატრონიო. მან და დედის ძმებმა ჩამომაკითხეს. საავადმყოფოში რომ შემოვიდნენ, შუა გასასვლელში, სისხლის ტბაში ვიწექი და მხოლოდ ვსუნთქავდი. მანამდე ექიმმა ანზორს დაურეკა ფეხი უნდა მოვკეთოთო, ჩემმა ძმამ – იქნებ შეუნარჩუნოთო… შენ ჩამოსვლამდე უნდა მოვკვეთოთო… მომკვეთეს ფეხი. საოპერაციოზე ერთი სიკვდილი გადამიტანია და ელექტროშოკით გამოვუყვანივარ [ექიმებს].

ხაშურიდან ქუთაისის საღორიის საავადმყოფში გადმომიყვანეს. მესამე დღეს მოვედი აზრზე. მახსოვდა, რომ ფეხში ვიყავი დაჭრილი… თუმცა, რაღაცნაირად ფეხი არ მომყვებოდა. ჩემს ძმას ვკითხე – ფეხი მაქვს? – კი, გაქვსო მიპასუხა, დედაჩემს – კი გაქვსო, იმანაც. არავინ მეუბნებოდა. ერთი ხანდაზმული ექიმი შემოვიდა, ვთხოვე, არ დამიმალო, მითხარი ფეხი მაქვს თუ არა-მეთქი. – არა შვილო, აღარ გაქვსო. ცრემლები წამომივიდა. თავმდგური ჩემი ძმა იყო და მეუღლე, რომელიც 24 საათი თავს დამტრიალებდა. რამდენიმე ხნის შემდეგ წამოვედი და მკურნალობის ბოლო ეტაპი სახლში დავასრულე. მერე გამიჩნდა გოგო – ლანა, ერთი წლის შემდეგ – საბა. ამჟამად ძირითადად ოჯახში ვარ და გავდივარ სამკურნალო შვებულებას. სახელმწიფო ზრუნავს ჩემზე და ჩემნაირად დაჭრილ ჯარისკაცებზე. ირაკლი ალასანიას დროს – როცა თავდაცვის მინისტრი იყო, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავი, ქალაქ სანდიეგოში, პროთეზირებაზე. ყველაზე ახალი მოდელის პროთეზი მიკეთია ფეხზე, ლამის ყველა ფუნქცია აქვს – დაჯდომის, ადგომის, სირბილის, ველოსიპედის ტარების, გოლფის თამაშის. საერთო ჯამში ამერიკაში 40 კაცი გაგვიშვეს. ამ ბოლო დროს დაემატა თუ არა არ ვიცი. ეტაპობრივად გავდიოდით პროთეზირებას. პროთეზების მერე ჯოხი საერთოდ აღარ დაგვიჭერია ხელში. მე მუხლის ზევით მაქვს მოკვეთილი. საკუთარი მუხლი რომ გქონდეს, ჩათვალე ისევ ჩვეულებრივად ხარ.

მანამდე რით სარგებლობდით?

– ყოფილი პრეზიდენტის დროს, ანკარაში გაგვიკეთეს მისაჩვევი „პროთეზი“, მერე თბილისში გაგვიკეთეს „გერმანულები“.

აქამდე სამკურნალო რეაბილიტაციას რატომ გადიხართ?

– ჩემი ორგანიზმი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ჯერ კიდევ იმდენად არ არის ჩამოყალიბებული, რომ ისევ ჯარს დავუბრუნდე. ამიტომ სახელმწიფომ გადაწყვიტა, ვაცალოთ ამ ბიჭებს, თავისი ბურუსიდან გამოვიდნენო. ერთ მშვენიერ დღეს, ალბათ, დაგვიძახებენ, ვისაც გაგრძელება უნდა გააგრძელებს, ვისაც – არა, ოჯახში დარჩება და ალბათ ამაზეც იზრუნებს სახელმწიფო.

თქვენ გამოხვედით იმ სტრესიდან, რასაც ომი ჰქვია?

მე, თვითონ შევძელი მდგომარეობიდან გამოსვლა. ჩემს აზროვნებაში ჩაჯდა ის, რომ ფეხი აღარაა და ამას აღარ მივსტირი, ვერგები იმას, რა ცხოვრებაც მაქვს დღეს. თუნდაც ავიღოთ ეს პროთეზი. წესით ის 3 საათი უნდა გეკეთოს ფეხზე, დილით რომ გავიკეთებ, სანამ დაძინების დრო არ მოვა, არ ვიხსნი. პირველ რიგში ის მეხმარება, რომ გაღიზიანებადი კანი არ მაქვს, მეორედ იმიტომ არ ვიხსნი, რომ მის ნებისმიერ სვლას ვაკვირდები, სად რა შეუძლია, მარტო იმისთვის კი არ ვიკეთებ, რომ გავიარ-გამოვიარო. მოვიხსნა და დავაგდო სახლში. ასე შვილის ხელში აყვანაც გამიოლდა, მისი მოფერებაც გამიოლდა. მეუღლეს დავეხმარე. ჩემ თავს ვუთხარი, რომ მორჩა – ცხოვრებას უნდა შეხედო ახალი თვალით. არ უნდა მოწყდე საზოგადოებას, პირიქით, უნდა იყო აქტიური. რამდენადაც მიეცემი დარდს, იმდენად ჩაიკეტები. თუმცა ქართველებში ჯერ კიდევ არ არის ის გაგება, რომ სიბრალულის თვალით არ შეხედონ ჩემნაირებს. როცა პირველ პროთეზზე შევდექი, ძალიან გამიჭირდა სიარული… მერე გავაცნობიერე, რომ არ უნდა მივსტირო იმას, რაც აღარაა. ახლა ისევ ის ხალისია ჩემში, ისევ ის ხასიათი დამიბრუნდა, რაც მანამე მქონდა, ცოტა სევდა მეყრება ხოლმე, ოღონდ ისე არა, რომ ამის გამო გვერდით მყოფი შეწუხდეს. უნდა იყო მაგალითი სხვებისთვის, მითუმეტეს ჯარისკაცი როცა ხარ. მე ბედნიერი კაცი ვარ, ჩემს ქვეყანას ვემსახურე ისე, როგორც მას სჭირდებოდა. მეგობარი არ მიმიტოვებია, დაჭრილის თავზე არ გადავმხტარვარ.

ჯარისკაცობაზე მინდა გკითხოთ, რატომ აირჩიეთ ჯარისკაცობა?

– ჯარისკაცობა მიტაცებდა. 1999 წლის შემდეგ სახლიდან წამოვედი და ბათუმში, კერძო დეტექტივში დავიწყე მუშაობა, მერე დაცვის უფროსად ვმუშაობდი. მერე იყო სპეცრაზმში მუშაობა, ასლან აბაშიძის პერიოდში ე.წ. ხელვაჩაურის სპეცრაზმი იყო და იქ ერთი-ერთი დაზვერვის ოცეულში ვიყავი. 2004 წელს, არეულობა რომ დაიწყო, გენერალ რომან დუმბაძის პირად დაცვაში გადამიყვანეს. იქიდან გამომდინარე, რომ მე ვიცოდი პრეზიდენტი [მიხეილ სააკაშვილი] მომსვლელი იყო ბათუმში, არამართებულად მიმაჩნდა ჩემი ერის წინააღმდეგ იარაღი ამეღო. თუმცა, ამით არც იმის თქმა არ მინდა, რომ ვინმეს უნდოდა განხეთქილება ერს შორის. ჩემს უფროსს ვუთხარი, მე უნდა წავიდე სახლში-მეთქი. დავწერე განცხადება და წამოვედი ოჯახში. რახან ჯარისკაცულ ცხოვრებას მივყვებოდი, გადავწყვიტე კვლავ გამეგრძელებინა ეს გზა და 25-ე ბატალიონში (მერე გადაკეთდა 23-ე ბატალიონად) დავიწყე მუშაობა. მეორე ასეულში ათმეთაური ვიყავი, _ ჯარისკაცებს ვასწავლიდი. მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა, დღესაც მინდა ჩემს ქვეყანას ისევ ვემსახურო, რითაც დავჭირდები, არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება, როგორ იქნება და რისთვის იქნება. ეს არ არის ზედმეტი ნათქვამი.

სამხედრო განათლება გაქვთ?

– არა. სამხედრო განათლება ჩემმა ცხოვრებამ ჯარში ყოფნის დროს მიმაღებინა.

რეაბილიტაციის პერიოდის შემდეგ თუ მოგინდებათ ამ სფეროში დაბრუნება, სად ხედავთ თქვენს თავს, რას გააკეთებდით?

– ჩემი ცოდნიდან გამომდინარე, თუმცა გარკვეულად ეს ყველაფერი გასახსენებელი მაქვს, მზად ვარ კიდევ ერთხელ გავაგრძელო მუშაობა იქ, სადაც დამიძახებენ.

 

P.S. ავთანდილ ჯაყელიძე 1975 წლის 31 აგვისტოს დაიბადა. ცხოვრობს ქობულეთში, სოფელ ჯიხანჯურში მეუღლესთან, შვილებთან და დედასთან ერთად.

 

 

გადაბეჭდვის წესი