მთავარი,სიახლეები

მშვიდი ხალხი ხმაურიანი ძრავებით

16.05.2019 • 3675
მშვიდი ხალხი ხმაურიანი ძრავებით

მოტოციკლი ყველასთვის, ვინც მას არ ატარებს, ხმაურიანი და სახიფათო ტრანსპორტია – ბაიკერებისთვის კი ცხოვრების განსხვავებული სტილი, რაც მეოცე საუკუნეში ერთგვარ სუბკულტურადაც ჩამოყალიბდა: მოძრაობენ ჯგუფებად, უკრავენ და უსმენენ მძიმე მუსიკას, არ ერთვებიან ჩხუბში და ბევრს მოგზაურობენ.

 

როგორც თავად ამბობენ, ბაიკერები საკმაოდ მშვიდი ხალხია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ხანდახან ტკბილად ჩაძინებულებს ერთხელ მაინც გაგღვიძებიათ ქუჩაში მოღრიალე ძრავების ხმისგან ან ძლივს ჩაძინებული ჩვილი დაშინებული წამომხტარა საწოლიდან. ეგეც რომ არ იყოს, ძალიან სახიფათო ტრანსპორტია და რაც ნაკლები ადამიანი იმოძრავებს მოტოციკლით, მით უკეთესი! – კი, ასეთი ფიქრებიც გიტრიალებს მოტოციკლის დანახვისას, მაგრამ დავცხრეთ: სახიფათოა ცხელი ფაფის სწრაფად მირთმევაც და მოტოციკლზე ბევრად ხმაურიანია ზოგიერთი მსუბუქი ავტომანქანა, რომელმაც ტექდათვალიერება რა სასწაულის ძალით გაიარა, ვერავინ გამოიცნობს.

ალბათ მაინც ღირს გიამბოთ ადამიანების შესახებ, რომლებიც ქალაქში დამოუკიდებელ ჯგუფად არსებობენ, საკუთარი დროშა და წესდებაც კი აქვთ, პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტიც ჰყავთ და საჭიროების შემთხვევაში, მოტოკლუბის სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი წევრების იმპიჩმენტიც კი შეუძლიათ მოითხოვონ.

თუ ბათუმში გუნდ-გუნდად მოძრავ ბაიკერებს დაინახავთ წარწერებით აჭრელებული ერთნაირი ჟილეტებით, სავარაუდოდ Black Sea Riders-ის ან IBERIANS-ის წევრებს შეხვდით. ასე ჰქვია ბათუმის ორ მოტოკლუბს, რომლებიც სპეციალური წესდების მიხედვით მოქმედებენ. გარდა პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტისა, კლუბ IBERIANS-ს ჰყავს სერჟანტი, ვინც კლუბის წევრების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი გადაადგილებისას, ხაზინადარი – კლუბის ქონების განმკარგავი და ა.შ.

კლუბებში, ძირითადად, მეგობრები ერთიანდებიან, რომლებსაც გარდა მოტოციკლის სიყვარულისა, სხვა ბევრი რამ აერთიანებს.

MR. PRESIDENT

ირაკლი სარჯველაძე, კლუბ IBERIANS – ის პრეზიდენტი. კლუბის პრეზიდენტი. მისი მოვალეობა კლუბის მართვა, ღონისძიებებისა და გასვლების დაგეგმვა, სხვა კლუბებთან კომუნიკაციაა.

IBERIANS-ის წევრი, ირაკლი სარჯველაძე ამბობს, რომ კლუბის წევრები ერთმანეთს ძირითადად მოტოციკლებმა შეახვედრა. ზოგი მანამდეც მეგობრობდა, სანამ მოტოციკლები ექნებოდათ. სულ ერთად მოძრაობდნენ, ერთმანეთს ხშირად ნახულობდნენ და მივიდნენ დასკვნამდე, რომ კლუბი ჩამოეყალიბებინათ საკუთარი წესებით. „ასე უფრო მარტივია ქალაქგარეთ, საზღვარგარეთ გასვლის, ბაიკერული ღონისძიებების დაგეგმვა. ცოტა ხანს ვიფიქრეთ სახელზე, იერარქია დავადგინეთ, შევიმუშავეთ კლუბში მიღების წესები, რასაც ახალი წევრი უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა ჰქონდეს მართვის მოწმობა, იყოს მინიმუმ 24 წლის და ა.შ.” – ამბობს ირაკლი სარჯველაძე, კლუბის პრეზიდენტი. მისი მოვალეობა კლუბის მართვა, ღონისძიებებისა და გასვლების დაგეგმვა, სხვა კლუბებთან კომუნიკაციაა.

კლუბ IBERIANSში ათი წევრია, იხდიან კლუბის საწევრო გადასახადს და აწყობენ საქველმოქმედო აქციებს, მოტოფესტივალებს.

„ყოველ ახალ წელს ვაგროვებთ სათამაშოებს, ტკბილეულს, დავდივართ ბავშვთა სახლებში, ამჯერად ვფიქრობთ დავეხმაროთ სოციალურად დაუცველებს ტექნიკით, ავეჯით და ა.შ. ყველაფერს ჩვენივე სახსრებით ვაკეთებთ, ყველანი ჩვეულებრივად ვმუშაობთ“, – ამბობს ირაკლი, რომლის ცხოვრებაც მოტოკლუბის პრეზიდენტობის მიღმა მარკეტინგს უკავშირდება: პროფესიით მარკეტოლოგია და დღეში რვა საათი ჩვეულებრივად მუშაობს.

„არავის ეგონოს, მოტოციკლის მართვას იდეალურად ისწავლის”

მომღერალი ნიკო ბერიძეც IBERIANSის წევრია. ამბობს, რომ მოტოციკლი ნამდვილად სახიფათო ტრანსპორტია და არ უნდა გეგონოს, რომ ოდესმე მის მართვას იდეალურად ისწავლი, მოძრაობისა და უსაფრთხოების წესების დაცვა კი თავმოყვარე ბაიკერისთვის უპირველესია, რაც არასდროს უნდა დაირღვეს საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გასაფრთხილებლად.

ნიკოს საკუთარი ბენდი ჰყავს,  ახალ ალბომზე მუშაობს, რომელსაც მალე წარუდგენს მსმენელს. თავისუფალ დროს კლუბის წევრებთან ერთად მოძრაობს და მოგზაურობს.

„მოტოკლუბის წევრებს გზის, მოგზაურობის სიყვარული და მეგობრობა აერთიანებს. სათამაშო მოტოციკლები ბავშვობიდანვე მქონდა. მერე ისე მოხდა, რომ ეს ტრანსპორტი ჩემი სხეულის და სიმშვიდის ნაწილად იქცა.

მოტოციკლით მოძრაობისას გარემოს და გზის ნაწილი ხარ, ეს სულ სხვა რამეა.

ნიკო ბერიძე, კლუბ IBERIANS – ის წევრი

ავტომობილის მართვა და ფანჯრიდან გარემოს თვალიერება იგივეა – ტელევიზორს უყურებდე“, – ამბობს ნიკო. მისთვის კომფორტია ისიც, რომ კლუბის წევრებს ერთნაირი მუსიკალური გემოვნება აქვთ, უსმენენ როკს, ჯაზს, ბლუზს.

„მაღალი ხმა გინარჩუნებს სიცოცხლეს”

კახაბერ მექვაბიშვილი 8 წელია მოტოციკლს მართავს, მაგრამ ძრავის გადაჭარბებული ხმაური მისთვის დისკომფორტია. ამბობს, რომ ხშირად ავტომობილის მძღოლები ვერ ამჩნევენ გვერდით მოტოციკლს, ამიტომ ბაიკერს უწევს იხმაუროს, რომ შენიშნონ.

„ხმა არის ერთ-ერთი საშუალება იმის, რომ მანქანის მძღოლმა შეგამჩნიოს. ცნობილი გამოთქმაც არსებობს ასეთი, რომ მაღალი ხმა გინარჩუნებს სიცოცხლეს.

როცა ორთვალა ტრანსპორტით მოძრაობ, საკუთარ თავს და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს საფრთხეს უქმნი. უჩაფხუტოდ თუ ვხედავთ ვინმეს, ვაჩერებთ და ვთხოვთ, რომ დაიხურონ“, – ამბობს კახაბერი, ვიცე-პრეზიდენტი.

კახაბერ მექვაბიშვილი, კლუბ IBERIANS-ის ვიცე-პრეზიდენტი.

კლუბის იერარქიაში ცვლილებები ისევეა შესაძლებელი, როგორც დემოკრატიულ წყობაში: არჩევნებით.

„თუ პრეზიდენტის მიმართ პრეტენზიები გაჩნდება, ჩვეულებრივად ვიმოქმედებთ, იმპიჩმენტის გამოცხადებაა შესაძლებელი“, – ამბობს კახა კეჟერაძე, კლუბის ერთ-ერთი წევრი. თუმცა 3 წლის IBERIANSის წევრები მშვიდად თანაარსებობენ და ამბობენ, რომ კლუბის წევრთა ფუნქციების გადანაცვლების საჭიროება არასდროს დამდგარა, რადგან ყველა კარგად ასრულებს საკუთარ მოვალეობას.

მსოფლიოში პირველი მოტოკლუბი 1948 წელს კალიფორნიაში დააარსეს დემობილიზებულმა ვეტერანებმა, რომლებსაც, გარდა იმისა, რომ მოტოციკლის მართვა მოსწონდათ ერთნაირად, თავს ვალდებულად მიიჩნევდნენ ერთმანეთს ყველა პრობლემის დროს დახმარებოდნენ, მას შემდეგ  ყველა მოტოკლუბის წევრისთვის გასაჭირში ერთმანეთის თანადგომა მთავარი მოთხოვნაა.

 

გადაბეჭდვის წესი