მთავარი,სიახლეები

აჭარის ტელევიზიის დირექტორად შესაძლოა თორნიკე მჟავანაძე აირჩიონ

19.04.2019 • 3955
აჭარის ტელევიზიის დირექტორად შესაძლოა თორნიკე მჟავანაძე აირჩიონ

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემთხვევაში, ამ ტელევიზიის დირექტორად თორნიკე მჟავანაძეს უპირებენ არჩევას.

„ბათუმელებს“ ამის შესახებ ინფორმაცია ორმა ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა.

თორნიკე მჟავანაძე უკვე ოთხი წელია აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში მუშაობს. ის უსკოს წევრია.

„ბათუმელებმა“ თავად თორნიკე მჟავანაძესთანაც სცადა დაკავშირება. ჩვენი ინფორმაციით, ის ბათუმში იმყოფება, მაგრამ უკვე მეორე დღეა ტელეფონი გამორთული აქვს.

თუკი მოქმედ დირექტორს, ნათია კაპანაძეს ბორდის სამი წევრი დღეს უნდობლობას გამოუცხადებს, 10 დღეში ახალი დირექტორის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება.

ვიდრე მრჩეველთა საბჭო ტელევიზიის ახალ დირექტორს შეარჩევს, დირექტორის მოვალეობას ავტომატურად მისი მოადგილე შეასრულებს. „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის მოადგილე მაუწყებლის განვითარების დარგში ამ დროისთვის ნათია ზოიძეა. დირექტორის მოვალეობის შესრულება სწორედ მას მოუწევს.

გათავისუფლებულ დირექტორს შეუძლია სასამართლოს მიმართოს. აქამდე არსებული პრაქტიკით, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გადააყენეს, სასამართლომ გამოცხადებული კონკურსი შეაჩერა.

სამეთავლყურეო საბჭოს სხდომა ამ წუთებშიც [14:28] გრძელდება – საბჭოს იმპიჩმენტის საკითხი კენჭისყრაზე ჯერ არ დაუყენებია.

მთავარი ფოტო: თორნიკე მჟავანაძე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: