მოქალაქე: ვითხოვ მიწის დაბრუნებას, რომელიც მერიამ ჩამომართვა და აუქციონზე ყიდის



ლიანა დუმბაძე ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს. დავის საგანი მიწის ნაკვეთია, რომელიც 9 წლის წინ ლიანას ექსპროპრიაციის წესით, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მიზნით“ ჩამოართვეს. ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის დიდი ნაწილი მერიას დღემდე არ გამოუყენებია. მოქალაქემ ბათუმის მერისგან ხელმოწერილი წერილი მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ მიწას მოქალაქეს ვერ დაუბრუნებენ, რადგან ის უკვე საპრივატიზაციოდ მზადდება.

„ეს არის საკუთრების უფლების დარღვევა. მე ჩამომართვეს მიწა, სახელმწიფოს სჭირდებაო და იძულებით დამათმობინეს. აღმოჩნდა, რომ მიწა სახელმწიფოს არ სჭირდება, ახლა მერია ამას გაყიდის და ვიღაც სხვა ნახავს სარგებელს,“ – გვიყვება ლიანა დუმბაძე. იგი 1960 წლიდან ადლიის ქუჩა #13-ში ორსართულიან კერძო სახლში ცხოვრობდა. ექსპროპრიაციის შემდეგ ლიანა დუმბაძის სახლი დაანგრიეს და მის ადგილზე აეროპორტის გზატკეცილთან მისაერთებელი გზა მოეწყო. ახალი გზის მიღმა დარჩენილი მიწის ნაკვეთი კი გამოუყენებელი დარჩა.

„აქ მქონდა ადრე ბოსტანი, სიმინდიც მომყავდა, ბოსელიც იყო… ეს ხეებიც ჩვენი დარგულია… სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2010 წელს 2 035 კვადრატული მეტრი მიწა ჩამოგვართვეს და თითო კვადრატში 67 ლარი გადაგვიხადეს. ახლა თავისუფალია 1265 კვ. მეტრი მიწა. მერიას მივწერე, დამიბრუნეთ ჩემი მიწის ნაკვეთი და იმ თანხას დაგიბრუნებთ, რაც თავის დროზე გადამიხადეთ-მეთქი… დამსახურებული აგრონომი ვარ და „ქართული ოცნების“ კოორდინატორი ვიყავი სულ, მაგრამ სამართალს ვერ მივაღწიე… სასამართლოში საქმის მოგების იმედი მაქვს,“ – ამბობს ლიანა დუმბაძე.

რა მიზნით ჩამოართვა თავის დროზე მერიამ მოქალაქეს მიწის ნაკვეთი? – სასამართლო გადაწყვეტილებაში, რომლითაც ექსპროპრიაციის უფლება მერიას მიენიჭა, წერია, რომ კონკრეტულ მოქალაქეებს და, მათ შორის, ლიანა დუმბაძეს მიწის ნაკვეთი „შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გამავალი სავალი გზის მშენებლობის გაგრძელების მიზნით, აღნიშნული გზის აეროპორტის გზატკეცილთან მისაერთებლად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის“ ჩამოართვეს.

„2010 წელს, ვიდრე ჩემს სახლს დაანგრევდნენ, მერიის თანამშრომლები მეუბნებოდნენ, რომ ამ მხარეს საერთოდ არ იქნებოდა სახლები, აეროპორტთან ახლოს არის და არ უნდა იყოსო, მაგრამ მხოლოდ ჩემი სახლი დაანგრიეს ამ ზოლში. სხვებს, ჩემს მეზობლებს, ექსპროპრიაცია არ შეხებიათ და ახალი სახლები, სასტუმროები ააშენეს,“ – გვითხრა ლიანა დუმბაძემ.

ადლიის დასახლებაში  მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად ბათუმის მერიამ სასამართლოს 2010 წელს მიმართა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მერიის მოთხოვნა იმავე წლის 27 მაისს დააკმაყოფილა. გადაწყვეტილებას მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე აწერს ხელს და აღნიშნულია, რომ მოსამართლემ საქმე „ზეპირი მოსმენის გარეშე“ განიხილა.

სასამართლოში მოქალაქის ინტერესებს ადვოკატი ნოდარ ბოლქვაძე დაიცავს. ის ახლა სარჩელზე მუშაობს და ჯერ ზუსტად არ იცის, რა იქნება სასარჩელო მოთხოვნა.

„ჩვენ არ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი კანონმდებლობა, რა უნდა ხდებოდეს მსგავს ვითარებაში, არც პრაქტიკა ყოფილა. ფაქტია, რომ მოქალაქის მოთხოვნა სამართლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. სარჩელის მაოთხოვნა იქნება ალბათ ის, რომ სასამართლომ უკანონოდ მიიჩნიოს მერიის 2010 წლის მოთხოვნა, როცა სახელმწიფო საჭიროების მოტივით ჩამოართვეს მოქალაქეს ქონება. მერიას ასევე მივედავებით უსაფუძვლო გამდიდრების კუთხით,“ – აღნიშნავს ადვოკატი ნოდარ ბოლქვაძე.

ბათუმის მერია კი მოქალაქისთვის გაგზავნილ წერილში კონკრეტულ ნორმატიულ აქტზე მიუთითებს – „საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის შესახებ“ – რომლის მიხედვითაც, „კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე მიზეზით შეთანხმებიდან გასვლის შემთხვევაში, დაუშვებელია პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. მხარეებს არ ევალებათ დააბრუნონ ის, რაც მიიღეს წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე“.

ბათუმის მერმა მოქალაქეს ასევე აცნობა, რომ სადავო მიწის ნაკვეთს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულება აღარ აქვს, მას სტატუსი შეეცვალა და მიწის პრივატიზების საკითხს ბათუმის საკრებულო უახლოეს დღეებში განიხილავს.

 

სადავო მიწის ნაკვეთი ადლიაში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი