მთავარი,სიახლეები

როგორ გადაიხდით საპენსიო შენატანს და რა გზით მიიღებთ წვდომას საკუთარ საპენსიო ანგარიშზე

12.01.2019 • 5666
როგორ გადაიხდით საპენსიო შენატანს და რა გზით მიიღებთ წვდომას საკუთარ საპენსიო ანგარიშზე

ნებისმიერი დასაქმებული, ვისაც 2018 წლის 6 აგვისტოსთვის არ შესრულებია 60 წელი – კაცების შემთხვევაში და 55 წელი – ქალების შემთხვევაში, 2019 წლის იანვრის თვის ხელფასის მიღებისთანავე ავტომატურად ხდება დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე. შესაბამისად, ის ვალდებულია გადაიხადოს საპენსიო შენატანი – თავისი დაუბეგრავი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით. თუმცა, ამ 2%-ს [დასაქმებულის ხელფასიდან] იხდის დამსაქმებელი და დასაქმებულს გადახდის პროცედურასთან შეხება არ აქვს. ის ჩვეულებრივ აიღებს ხელფასს ხელზე, როგორც იღებდა – საშემოსავლო გადასახადისა და უკვე, საპენსიო შენატანის გამოკლებით.

დასაქმებული, რომელზეც 2019 წლის პირველ იანვრამდე გაცემული იყო ავანსი, „დაგროვებით საპენსიო სქემაში ავტომატურად გაწევრიანდება ავანსად გაცემული თანხის სრულად გამომუშავების თარიღისთვის, რომელიც უნდა იყოს 2018 წლის 31 დეკემბრის შემდეგ ან 2019 წლის 31 იანვარს, რომელიც უფრო ადრე დადგება“.

იმისათვის, რომ წვდომა გქონდეთ საკუთარ საპენსიო ანგარიშზე, ბუნებრივია, ჯერ საჭიროა საპენსიო სქემაში გაწევრიანება, შემდეგ კი აუცილებელია რეგისტრაცია შესაბამის ელექტრონულ სისტემაში.

[highlight color=”red”]დასაქმებულის გაწევრიანება [/highlight] დაგროვებით საპენსიო სქემაში ხდება მას შემდეგ, რაც კერძო დამსაქმებელი დასაქმებულის სახელით პირველ საპენსიო შენატანს განახორციელებს.

სახელმწიფო დამსაქმებლის შემთხვევაში კი, თქვენი, [როგორც საჯარო მოხელის] გაწევრიანება ხდება სახაზინო სამსახურის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანის საფუძველზე.

სქემაში გაწევრიანების შემდეგ, საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში იქმნება დასაქმებულის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში და მასზე პირველად აისახება საპენსიო შენატან[ებ]ი [რომელსაც დამსაქმებელი რიცხავს].

ამ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე წვდომისთვის კი აუცილებელია დასაქმებულის რეგისტრაცია საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში.

[highlight color=”red”]დასაქმებულის რეგისტრირებისთვის [/highlight], საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა აგენერირებს სისტემაში შესასვლელ მომხმარებლის სახელს და დროებით პაროლს, რომელიც ელექტრონული ფორმით გადაეცემა დამსაქმებელს [მის უფლებამოსილ წარმომადგენელს].

დამსაქმებელი [მისი წარმომადგენელი] ვალდებულია მკაცრად დაიცვას ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობა და გადასცეს აღნიშნული ინფორმაცია დასაქმებულს პირადად, ან დასაქმებულის მიერ სათანადოდ ავტორიზებულ წარმომადგენელს.

დასაქმებულისთვის საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში შესასვლელი მომხმარებლის სახელი წარმოადგენს მის პირად ნომერს.

სახელმწიფო დამსაქმებლის შემთხვევაში დროებით პაროლს სახაზინო სამსახური გადასცემს საპენსიო სააგენტოს და ასევე სახელმწიფო დამსაქმებლების შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენლებს. სახელმწიფო დამსაქმებელიც ვალდებულია მკაცრად დაიცვას  ინფორმაციის კონფიდენციალურობა და გადასცეს დროებითი პაროლი დასაქმებულს პირადად, ან დასაქმებულის მიერ სათანადოდ ავტორიზებულ წარმომადგენელს.

საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის გასავლელად დასაქმებული უნდა შევიდეს შესაბამის გვერდზე მომხმარებლის სახელით [პირადი ნომრით], დროებითი პაროლით და შეცვალოს ეს დროებითი პაროლი ახალი პაროლით.

თუ დასაქმებულს ყავს ერთზე მეტი დამსაქმებელი და დასაქმებულის მიერ რეგისტრაციის გავლამდე დაგენერირდა ერთზე მეტი პაროლი, საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში შესასვლელად დასაქმებულმა უნდა შეიყვანოს მომხმარებლის სახელი და ერთზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს ორი პაროლი [ორზე მეტი დამსაქმებლის შემთხვევეში საკმარისია ნებისმიერი ორი პაროლის შეყვანა]. ამის შემდგომ, დასაქმებული ვალდებულია შეცვალოს პაროლი.

ამ პროცესის წარმატებით დასრულების შედეგად დასაქმებულს გაუაქტიურდება წვდომა მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე.

რაც შეეხება თვითდასაქმებულს, კანონის მიხედვით „თვითდასაქმებულის გაწევრიანება დაგროვებით საპენსიო სქემაში ხდება ნებაყოფლობით და შესაძლებელია 2019 წლის 1 იანვრის შემდეგ გამომუშავებულ შემოსავალთან დაკავშირებით საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის შემდგომ.

თვითდასაქმებული, რომელიც გახდება დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე, მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს ინფორმაციას საკუთარი შემოსავლის შესახებ საპენსიო დეკლარაციის შევსების გზით“.

– – – – – – – – – – – – – – – – –

დასაქმებულს, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტომდე შეუსრულდა 40 ან მეტი წელი და არ სურს იყოს სქემის მონაწილე, შეუძლია სქემაში ავტომატურად გაწევრიანებიდან 5 თვის ვადაში [მაგრამ არაუადრეს გაწევრიანებიდან 3 თვისა] წერილობით მიმართოს საპენსიო სააგენტოს და გავიდეს სქემიდან. თუ ამ ვადას დაარღვევს, დასაქმებული რჩება სქემის მონაწილედ. ანუ, ასეთ დასაქმებულს უფლება აქვს გავიდეს სქემიდან 2019 წლის 1 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში, რისთვისაც განცხადებით მიმართავს საპენსიო სააგენტოს.

რაც შეეხება საპენსიო შენატანს [ხელფასის 2% თვეში], რომელიც დამსაქმებელს შეაქვს დასაქმებულის სახელით მის საპენსიო ანგარიშზე – სქემიდან გასვლის შემთხვევაში, შეტანილი თანხა, შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაიბეგრება და უკან დაუბრუნდება დასაქმებულს. თანხის დაბრუნების წესს საპენსიო სააგენტო განსაზღვრავს.

საპენსიო სააგენტომ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა საპროგნოზო საპენსიო მთვლელი, რომლის მიხედვითაც, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს შეუძლია გამოთვალოს, დაახლოებით რამდენ პენსიას მიიღებს ყოველთვიურად, როცა საპენსიო ასაკს მიაღწევს.

არასამთავრობო ორგანზიაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს საპენსიო სისტემაში მოქალაქეების იძულებით ჩართვის გაუქმებისა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მისი მოქმედების შეჩერების მოთხოვნით.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: