უცხოელებს მიწების რეგისტრაცია პრეზიდენტის ფიცის დადებამდე შეეძლებათ

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის საკუთრების რეგისტრაცია სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების ცერემონიალამდე შეეძლებათ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს, 7 დეკემბერს, მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და სადავო ნორმა ძალადაკარგულად სცნო.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ის სამართლებრივი ნორმა, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 2017 წლიდან მიწის რეგისტრაციის უფლება შეჩერებული ჰქონდათ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლამდე. კონსტიტუციის ახალი რედაქცია ძალაში ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ შედის. ახალი რედაქციის მიხედვით კი, საქართველოში მიწის მესაკუთრე საქართველოს მოქალაქეა, თუმცა შესაძლოა დაიშვას გამონაკლისებიც შესაბამისი ორგანული კანონის მიღებით, რაც ამ ეტაპზე არ არსებობს.

საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წინააღმდეგ საბერძნეთის ორი მოქალაქე – პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი დავობდნენ. მათი მშობლები საქართველოში ცხოვრობდნენ და საკუთრება მემკვიდრეობით მიიღეს. საჯარო რეესტრმა მათ საკუთრების რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

სასამართლომ არსებითი განხილვის გარეშე მიიღო ეს გადაწყვეტილება.

„როცა დგინდება, რომ გასაჩივრებულ ნორმებს აქვთ იგივე შინაარსი, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ადრე უკვე გააუქმა, მაშინ საამართლო უკვე აღარ ატარებს არსებითი განხილვის სხდომას,“ – განმარტავს საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მრჩეველი გიორგი სულხანიშვილი. სასამართლომ 2012 და 2014 წლებში გააუქმა ანალოგიური საკანონმდებლო შეზღუდვები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

რა მოხდება ფიცის დადების შემდეგ? – საკონსტიტუციო სასამართლოს ამ საკითხზე არ უმსჯელია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებისთანავე შედის ძალაში. გადაწყვეტილება უკვე გამოქვეყნებულია.

 

ვრცლად ამ თემაზე:

საბერძნეთის ორი მოქალაქე საქართველოში მიწას ვერ ირეგისტრირებს – დავა საკონსტიტუციოში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი