რიჟვაძეს მიაჩნია, რომ „უბადრუკი მცდელობაა“ უსისტემო და ქაოტური მშენებლობის გაპროტესტება 

„ვიწრო ჯგუფი, რომელიც ცდილობს მოახდინოს დისკრედიტაცია ქალაქმშენებლობის“, „უსუსური მცდელობა,“ „უბადრუკი მცდელობა“ – ამ ფრაზებით მოიხსენია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ადამიანები, რომლებიც ქალაქში უსისტემო და ქაოტურ მშენებლობას აპროტესტებენ, ასევე, იბრძვიან ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობის გადასარჩენად. თორნიკე რიჟვაძეს არ უთქვამს, კონკრეტულად ვის გულისხმობს ამ ადამიანების ჯგუფში. მისი აზრით, ადამიანების ეს ჯგუფი დესტრუქციულია და მათ ამის უფლება არ უნდა მიეცეთ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად გუშინ, 6 დეკემბერს, ბათუმში სასტუმროების მფლობელებს შეხვდა. შეხვედრაზე Airbnb-ის შესახებ ისაუბრეს, რომელიც მომხმარებელს 19 ტრენდულ ადგილს სთავაზობს, მათ შორის, ბათუმს. შეხვედრაზე ჟურნალისტები არ მიუწვევიათ. თორნიკე რიჟვაძის მიმართვა მისივე „ფეისბუქგვერდის“ საშუალებით გავრცელდა.

„ორჯერ არის გაზრდილი ტურისტების ინტერესი და დაახლოებით 20 პროცენტამდე გვაქვს ზრდა. ეს გულისხმობს მეტ დასაქმებას და ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის…. მნიშვნელოვანია, რომ განვითარდეს ქალაქის და რეგიონის ეკონომიკური აქტივობა და არავის არ უნდა მიეცეს უფლება, რომ ამ პროცესებში ჩაერიოს და დესტრუქციები გამოიწვიოს.

ეს არის ვიწრო ჯგუფი, რომელიც ცდილობს მოახდინოს დისკრედიტაცია ქალაქში არსებული ქალაქმშენებლობის პროცესების მიმართ. არავის არ უხსენებია, რომ ბოლო ხუთ თვეში ჯერ ერთი, რომ ჩვენ ზონალური საბჭოს ფორმატში დავამატეთ ურბანისტი და დავამატეთ ხელოვნებათმცოდნე და ამაზე, სამწუხაროდ, ეს ხალხი არ საუბრობს. ყველა გადაწყვეტილება გადის რამდენიმე შრეს…“, – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ასევე, შეეხო 5 დეკემბერს ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს გაკეთებულ განცხადებას. თორნიკე რიჟვაძემ მშენებლებს უთხრა, რომ მორატორიუმის მომხრე არ არის და გულგრილ ჩინოვნიკებს პასუხი მოეთხოვებათ.

მორატორიუმს ორგანიზაცია „ბათომი“ ითხოვს ძველი ბათუმის ისტორიული იერ-სახის გადასარჩენად, შესაბამისად, ქალაქის ისტორიულ ნაწილში. სწორედ ისტორიული ბათუმია აღწერილი Airbnb-ის ტექსტშიც, სადაც 19 პოპულარულ ადგილს შორის ბათუმია დასახელებული.

„მე მინდა აქვე შევეხო ბოლო დღეებში საკმაოდ უსუსურ და უბადრუკ მცდელობას, რომლითაც ცდილობენ გარკვეული კომპლექსი შეუქმნან ჩვენს გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს. მე გუშინ გაფრთხილება მივეცი ყველა ჩინოვნიკს, მაგრამ ეს გაფრთხილება გულისხმობს ამავდროულად მაქსიმალურ მხარდაჭერას დაბალი რგოლის სპეციალისტის მიმართაც, თუ კეთდება სწორი საქმე, თუ კეთდება ეს საქმე პატიოსნად, რა თქმა უნდა, ყველას აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა, მაგრამ ეს მხარდაჭერა ამავდროულად გულისხმობს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, რომელზეც მე ვთქვი, რომ ბუნებრივია, მოეთხოვებათ პასუხი…“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქალაქმშენებლობის კუთხით თამამი გადაწყვეტილებების მიღებაც დააანონსა:

„რა თქმა უნდა, ყველა დონეზე, თვითმმართველობის დონეზე, სოფლის წარმომადგენლობის დონეზე ჩავალთ ჩვენ და ვნახავთ, რა გადაწყვეტილებები მიიღება, რამდენად სწრაფად მიიღება და ოპერატიულობა, რომელიც ბიზნესს სჭირდება, იქნება უზრუნველყოფილი… არავის არ შეექმნება კომპლექსი, რომ მიიღოს გადაწყვეტილებები. ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს მივიღებთ ძალიან თამამად, გაბედულად და, რა თქმა უნდა, იქნება სრული კოორდინაცია,“ – თქვა მან.

თორნიკე რიჟვაძე აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც ბათუმში ქაოტურ მშენებლობებს აპროტესტებენ

თორნიკე რიჟვაძე აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც ბათუმში ქაოტურ მშენებლობებს აპროტესტებენ.

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on ხუთშაბათი, 06 დეკემბერი, 2018

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი