მთავარი,სიახლეები

პოლიციის შენობაში მდებარე ჰოსტელის ძარცვაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

06.12.2018 • 2043
პოლიციის შენობაში მდებარე ჰოსტელის ძარცვაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა დიეგო ბ.-ს და ბადრედინ მ.-ს.

საუბარია 4 დეკემბერს დილით ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, მდებარე ჰოსტელის ძარცვაზე. ეს ჰოსტელიც იმ შენობაშია, სადაც პოლიციის მე-6 განყოფილებაა განთავსებული. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები ჰოსტელში პოლიციელების სახელით შევიდნენ და თქვეს, რომ ნარკოტიკს ეძებდნენ, შემდეგ კი, რუს ტურისტს ძვირადღირებული მობილური ტელეფონი წაართვეს.

“ყურადღება მინდა მიაქციოთ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს იმასაც, რომ დანაშაული ჩადენილია უცხოელი ტურისტის მიმართ. ამ შემთხვევას უყურებდნენ სხვა ტურისტებიც,” – აღნიშნა სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ლევან მურვანიძემ.

პროკურორს თავის გამოსვლაში არ უხსენებია ის, რომ ძარცვის ფაქტი იმ შენობაში მოხდა, სადაც პოლიციის განყოფილებაც მდებარეობს.

გამოძიება ბრალდებულებს ჯგუფურად ძარცვას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, დაკავებულებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

ადვოკატმა ლაურა მახარაძემ ისაუბრა იმაზე, რომ დაკავების დროს ჩხრეკის პროცესი კანონდარღვევით ჩატარდა.

“ოქმში არ არის მითითებული, საიდან ამოიღეს ეს მობილური: ქურთუკიდან, შარვლის ჯიბიდან, თუ საიდან… მათ არანაირი საფუძველი არ ჰქონიათ ძარცვის… ისინი ტურისტებმა მიიპატიჟეს ჰოსტელში, შემდეგ კი, დიეგოს საკუთარ მობილურში აერია იმ ტურისტის მობილური, თავისი ეგონა,” – თქვა ადვოკატმა ლაურა მახარაძემ.

“წარსულში ის ნასამართლევი იყო საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის,” – შეახსენა ადვოკატს საქმის მასალები პროკურორმა ლევან მურვანიძემ.

“ამ დროს დიეგო ბ. არასრულწლოვანი იყო, 14 წლის და სხვისი ველოსიპედი მოეწონა ბავშვურად, ეს იყო მხოლოდ,” – უკან არ დაიხია ადვოკატმა.

ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. ერთ-ერთი მათგანი ბადრედინ მ. რუსეთის მოქალაქეა.

“ის ბიზნესმენია… მას არანაირი საჭიროება არ ჰქონია სხვისი გაძარცვის. ბრალდებულები გამოვიდნენ ერთ-ერთი ბარიდან, მიდიოდნენ სამორინეში სათამაშოდ და გზად მოხდა ეს ინციდენტი. ეს გამოსაძიებელი და დასადგენია, რა მოხდა და როგორ…” – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა ტარიელ ნაკაიძემ. მან ბრალდებულების გათავისუფლება 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ მოითხოვა.

კიდევ ერთმა ადვოკატმა, მინდია ალელიშვილმა, მომხდარს “ბოროტი ხუმრობა” უწოდა. მისი განმარტებით, ბრალდებულებს ძარცვის განზრახვა არ ჰქონიათ და ამას ადასტურებს ის, რომ ისინი შემთხვევის ადგილას 3-ათასდოლარიანი ავტომანქანით მივიდნენ.

“ბადრედინი მეოთხე დღეა ჩამოსულია ბათუმში, ის სერიოზული ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს… პატიმრობა სერიოზულად დააზარალებს მის იმიჯს… ესენი რეალურად იქ შევიდნენ მარიხუანის მოსაწევად. ქუჩაში დაინახეს, რომ ეწეოდა ტურისტი და ამათაც შესთავაზეს. უცხოელი ტურისტები, ვინც იმ ჰოსტელში იყვნენ, უკვე დაკითხულები არიან და ტოვებენ ქვეყანას, სხვა ვისზე უნდა მოახდინონ ზეწოლა?”- იკითხა ადვოკატმა მინდია ალელიშვილმა.

რეპლიკა ითხოვა პროკურორმა:

“საუბარი იმაზე, რომ ბიზნესმენია და განზრახვა არ ჰქონიათ… მ-ს ქვეყანაში შემიძლია განახოთ არაერთი მდიდარი კრიმინალი,” – თქვა პროკურორმა ლევან მურვანიძემ.

“რეალობაა ისიც, რომ დიეგოს ამ ჰოსტელში საკუთარი მობილური ტელეფონი დარჩა,” – დასძინა ადვოკატმა მინდია ალელიშვილმა.

“არსებობს მიმალვის საფრთხე… რუსეთის მოქალაქეს პასპორტის გარეშეც შეუძლია დატოვოს ქვეყანა, ხოლო მეორე შემთხვევაში არსებობს მტკიცებულების განადგურების საფრთხე,

მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. ბრალდებულ დიეგო ბ-ს მეზობელმა მარიხუანას მოხმარების კუთხით კანონის გამკაცრება მოითხოვა. მას აზრის სრულად გამოხატვის საშუალება სხვა მეზობლებმა არ მისცეს.

 

ფოტო: დაკავებულის სასამართლო პროცესი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: