მთავარი,სიახლეები

წიგნი ეპოქაზე, როცა ჩოლოქს გაღმა რუსი სალდათი იდგა და გამოღმა ოსმალო ასკერი

21.10.2018 • 4880
წიგნი ეპოქაზე, როცა ჩოლოქს გაღმა რუსი სალდათი იდგა და გამოღმა ოსმალო ასკერი

“უცნობი ძველი აჭარა” ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც 19 ოქტომბერს, თბილისში გაიმართა. წიგნი ძველ აჭარაზე მოგვითხრობს. მის ფურცლებზე შეხვდებით პირველ მოგზაურებს, რომლებმაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის აჭარაში იმოგზაურეს. წიგნი მოგვითხრობს აჭარაში მცხოვრებ ადამიანებზე  და იმ ტრადიციებზე, რომლითაც ეს ადამიანები ცხოვრობდნენ. ეს არის წიგნი, რომელიც წარსულში გამოგზაურებთ. მასში ნახავთ უნიკალურ ფოტომასალას, რომლის დიდი ნაწილი აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მინის ნეგატივების არქივშია დაცული.

აი, რას წერს წიგნის შესახებ ავტორი – სულხან სალაძე:

ყველაფერი ერთი კარგი კაცით იწყება და იმ დროს უკავშირდება, აჭარის ნახვა უმეტესად წარმოუდგენელი ამბავი რომ იყო. ეს ის დროა, ჩოლოქს გაღმა რუსი სალდათი რომ იდგა და ჩოლოქს გამოღმა ოსმალო ასკერი. 1873 წლის მკათათვე ბოლო დღეებს რომ ითვლიდა და ამ კაცმა აჭარის მოვლა ამოიჩემა სხვა ყველაფერზე მეტად. მოიარა კიდეც.

მერე იყო კიდევ ერთი კაცი, რაღა მერე – 1874 წელს და იმანაც აჭარის მოვლა გადაწყვიტა. ხან მთაში იყო და ხან სოფელში, ხან გზის სიგანეს ზომავდა და ხანაც ათასგვარ ამბებს ინიშნავდა უბის წიგნაკში. ჰაერში მოახლოებული ომის სუნი ტრიალებდა. იმ კაცის სახელი კი ბევრმა აღარ იცის ჩვენში.
და მერე იმ პატივცემული კაცის დრო მოვიდა – „დროებისთვის“ რომ წერდა გრძელ ტექსტებს და პირველმა ნახა ომგამოვლილი ბათომი.

ან ის შვეიცარიელი კეთილი მოგზაური, ტურინს რომ აგონებდა მთელი ბათომი და სიყოჩაღე და სიმარდე მრავლად უქო აჭარლებს.

და ის, სულში ჩასახუტებელი კაცი – „ეფენდის“ რომ ეძახდნენ აჭარლები. რა ამბები და რა მიმოსვლა იყო აჭარის გზებზე. „ეფენდი კაცთან“ ერთად, ვერც იმ კაცს დავივიწყებ, წვრილ-წვრილად და გულისყურით რომ აღწერა XIX საუკუნის ბოლოს აჭარა.

ის, ჩემი სოფლელი უნდა გავიხსენო, აი ის – „ივერიისთვის“ რომ წერდა ქვემო აჭარიდან და ოდესღაც ილია ჭავჭავაძეს წერილი მისწერა – „თქვენს წერილს ხელმწიფის ფირმანივით ვინახავო“ და კიდევ ის უცნობი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს, 1919 წელს დამფუძნებელი კრების წევრის სტატუსით, დამოუკიდებლობის აქტს რომ მოაწერა ხელი აჭარიდან.

ეს მიმოსვლა და მიწერ-მოწერა, გონჯ და წამხდარ დროში იყო. აჭარელის დარდს კი ბოლო არ უჩანდა და ბევრი, ბევრი წელი იკლავდა მუჰაჯირობით მოტანილ სევდას და ტკივილს გულში.

აჭარელი, იმ რაღაცნაირ, არეულ დროში, სახლის შენებას კვირას ან ორშაბათს იწყებდა, პარასკეობით უცნაურ სტუმარს ელოდა, ჭოროხზე ნავებით მიმოდიოდა და ერთხანს ბათომიდან ლონდონში უფრო იოლად გზავნიდა წერილს, ვიდრე ბათომიდან ოზურგეთში.

მაჭახლელები თოფს ჭედდნენ ერთმანეთზე უკეთესს, ქვემო აჭარლები კი მღეროდნენ და ცეკვავდნენ. ქვემოურებს არც ზემო აჭარლები ჩამორჩებოდნენ. ზაფხულობით მთაში მიდიოდნენ და მთაში წასვლამდე სიმინდს თესავდნენ ბარში. „შუამთობა“ გადავლილზე უკან ბრუნდებოდნენ და ზამთრობით, დაუსრულებელი თოვლიანი ღამეების ჟამს სევდას მიეცემოდნენ.

აჭარული ღვინო? აკი ვახუშტიმ თქვა – „მსუბუქი და შემრგოაო“, მაგრამ სადღა იყო მაშინ ღვინო. სამაგიეროდ იყო ბუჰანა და იყო ყაჭო. და იყო მათ შორის მთელი თაობები, ვინც გამორჩეული აჭარული შაირები მოიგონა. ბაღნები? ბაღნები ყველგან იყო და ყველგან „გეიცინე, დიგინახო“ ეუბნებოდნენ.

ჯუმა დღეს ლოცულობდნენ და ბათომში „ქალაქის თვალის“ – კათოლიკური ეკლესიის აშენებაც უხაროდა ბევრს. ერთმანეთის მიყოლებით იწყებდნენ ქართული გაზეთების გამოცემას და მერე კვირიდან კვირამდე მანამ ელოდნენ, სანამ ცუდი ხალხი არ დახურავდა.

1918-დან, ისევ რომ აირია დუნია, საქართველოს შემადგენლობაში დასარჩენად იბრძოდნენ. ერთგან, ძველ გაცრეცილ ფურცლებზე ისიც დაწერეს – „სამუსლიმანო საქართველო დედა-საქართველოს განუყოფელი და განუყრელი ნაწილია“. რთული დრო იყო მაშინ და ბეწვის ხიდზე გადიოდა მთელი ქვეყანა. მერე იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკა და ქართული დროშის აღმართვა ბათომში. სულ მერე კი სულ სხვა დრო მოვიდა. მოვიდა და სხვა ცხოვრება მოიტანა.

ჰოდა, ასეთი იყო აჭარა. მე რომ ვიცი ის აჭარა და ახლა მინდა შენი გახდეს. მოდი ღვინობისთვის 19-ში და ვიმასლაათოთ აჭარაზე.

როგორც აჭარაში ამბობენ, „კარგობა და მისლა-მოსლა იყოს“.

წიგნი გაზეთმა “ბათუმელებმა” და “ნეტგაზეთმა” გამოსცა. წიგნში შესული ტექსტები 2015-2016 წლებში გაზეთ “ბათუმელებში” იბეჭდებოდა.

პროექტის მხარდამჭერები არიან სამშენებლო კომპანია “გუმბათი ჯგუფი” და საგზაო-სამშენებლო კომპანია “გზები”.

ფოტომასალა პრეზენტაციიდან შეგიძლიათ ნახოთ ნეტგაზეთის ფეისბუქ გვერდზე.

ძველი ბათუმისა და აჭარის ამბები, არქიტექტურა და ადამიანთა ცხოვრება – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე წაიკითხავთ წიგნში …

Posted by netgazeti.ge on შაბათი, 20 ოქტომბერი, 2018

გადაბეჭდვის წესი


ასევე: