მთავარი,სიახლეები

„ბათუმელებმა“ წელს 3 პრიზი მიიღო ქარტიის კონკურსში

24.12.2022 •
„ბათუმელებმა“ წელს 3 პრიზი მიიღო ქარტიის კონკურსში

„ბათუმელების“ გამოცემების: batumelebi.ge-სა და netgazeti.ge-ს ჟურნალისტებმა დღეს, 24 დეკემბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამი პრიზი მიიღეს სხვადასხვა ნომინაციაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ახალ ნომინაციაში – „ხალ­ხის რჩე­უ­ლი“, რომლის თემა წელს რუსეთ-უკრაინის ომის გაშუქება იყო,  გაიმარჯვა „ბათუმელების“ მიერ მომზადებულმა სტატიამ – „რა არის შენი სუპერძალა – მე უკრაინელი ვარ“ – | რეპორტაჟი უკრაინიდან“,  ავტორი – მანანა ქველიაშვილი.

ამ ნომინაციას წელს კიდევ ერთი გამარჯვებული ჰყავს – ციფრული მედია პლატფორმა Movement-ი, ეკა ქადაგიშვილისა და ანანო ბაკურაძის მასალით – ნინო ქათამაძე & ნიკოლოზ რაჭველი. 

ქარტიის პრიზის ნომინაციაში – ბლოგი/მოსაზრება ონლაინ მედიაში – გაიმარჯვა „ბათუმელების“ რეპორტიორის, ევა ართმელაძის მასალამ – „ამბავი დედაჩემზე და სხვა მემთეურ ქალებზე“.

ქარტიის ნომინაციაში – ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება – გაიმარჯვა „ბათუმელების“ გამოცემა netgazeti.ge-ს ჟურნალისტის, ნინო ბიძინაშვილის მიერ მომზადებულმა სტატიამ – „მენსტრუაციის ხარჯები — ქალების უხილავი პრობლემა“. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი ნომინაციაში – სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი ონლაინ ან სატელევიზიო მედიაში – გადაეცა ნინო რამიშვილს, „სტუდია მონიტორს“, ფილმისთვის – „სასამართლო კლანის ლიდერების დამალული სიმდიდრე“.

ნომინაციაში – სტატია/მულტიმედია ონლაინ მედიაში – პრიზი მიიღო ნინო თარხნიშვილმა, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა, მასალისთვის – „გავაჩენ სხვის შვილს – როგორ მუშაობს სუროგაციის ინდუსტრია საქართველოში?“

ქარტიის პრიზი ნომინაციაში – ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში – მიიღო მარიამ ნიკურაძემ, OC media.

პრიზი ნომინაციაში – დამოუკიდებელი ინდივიდუალური კონტენტი სოციალურ მედიაში – მიიღო თეონა ცხომელიძემ, რომელიც ტელეგრამზე ავრცელებს ინფორმაციას უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ.

პირველ ექვს კატეგორიაში კონკურსი გამოცხადებული იყო IREX-ის USAID პროგრამის მხარდაჭერით, ხოლო ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქების კატეგორიაში პრიზი გაიცა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.

გამარჯვებულებს საჩუქრად ქარტიის სპეციალური პრიზები და ლეპტოპები გადაეცათ. გამარჯვებულები შეარჩია დამოუკიდებელმა ჟიურიმ.

ჟურნალისტური პროდუქტის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იყო პროფესიული და ეთიკური სტანდარტები, რასაც ეფუძნება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: