ბათუმის საბავშვო ბაღებში 16 ვაკანსიაზე კონკურსი განმეორებით გამოცხადდა

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ 16 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი განმეორებით გამოაცხადა. როგორც გაერთიანების ხელმძღვანელი მამუკა შამილიშვილი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ საკონკურსო ბარიერი 186 კონკურსანტიდან მხოლოდ ექვსმა გადალახა, ბარიერი მაინც არ დაიწევა.

„კონკურსი ხელმეორედ ერთ თვეში გამოცხადდება. ისინი, ვინც პირველ კონკურსზე ბარიერი გადალახეს, ხვალ, 12 ოქტომბერს, გაივლიან გასაუბრებას. იმ შემთხვევაში, თუ გასაუბრებასაც წარმატებით გაივლიან, მაშინ 16 ვაკანსიაზე გამოცხადდება კონკურსი, ან გაიზრდება ვაკანსიის რაოდენობა.“

მამუკა შამილიშვილის თქმით, ტესტები შეიცვლება. „კომისია იმსჯელებს და თუ რაიმე არის შესაცვლელი ტესტებში, შემდეგ დავხვეწავთ“.

კონკურსში გამარჯვებული 14 პირი ბათუმის ახალ, 34-ე ბაღში დასაქმდება, რომელიც დაახლოებით ერთ კვირაში უნდა გაიხსნას. სამი გამარჯვებული 33-ე ბაღში დასაქმდება, დანარჩენები კი სხვადასხვა საბავშვო ბაღებში გადანაწილდებიან.

იმ შემთხვევაში, თუკი განმეორებითი კონკურსის შემთხვევაშიც ვერ გადალახავენ კონკურსანტები ბარიერს, როგორც შამილიშვილი ამბობს, ახალ საბავშვო ბაღში თანამშრომლებს დროებით, ერთთვიანი ხელშეკრულების საფუძველზე აიყვანენ.

„საბავშვო ბაღის გახსნას ვერ გადავდებთ, ამიტომ თანამშრომლებს დროებით ავიყვანთ. ჩვენ გვყავს სარეზერვო თანამშრომლები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება და დიდი ხანია მუშაობენ ჩვენთან მოკლევადიანი კონტრაქტებით, იქედან შევარჩევთ თანამშრომლებს“.

მამუკა შამილიშვილის თქმით, აღნიშნული პირები კონკურსშიც მონაწილეობენ, თუმცა ჯერჯერობით საკონკურსო ბარიერი ვერ გადალახეს. „იმედია, განმეორებით კონკურსზე უფრო მომზადებულები მოვლენ“.

 

 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com