სასტიპენდიო პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის დიდ ბრიტანეთში

გამოცხადდა HMC-ის კონკურსი მოსწავლეებისთვის დიდ ბრიტანეთში სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად.

პროექტი ქართველ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, განათლება მიიღონ ბრიტანეთის კერძო წამყვან სკოლებში. სკოლაში სწავლისას მოსწავლეები მოემზადებიან A LEVEL- ის გამოცდებისთვის და ჩაერთვებიან დამატებით  არასასკოლო აქტივობებში.

წარმატებული კანდიდატები დაფინანსდებიან  35-40 ათასი ფუნტი სტერლინგით. პროექტი სრულად ფარავს სწავლის, კვებისა და მოსწავლის ცხოვრების ხარჯებს.

აპლიკანტების შერჩევა ხდება ტესტირების, აკადემიური მოსწრების, მასწავლებლების დახასიათებისა და ინტერვიუს საფუძველზე, სადაც კანდიდატებმა უნდა გამოავლინონ ადაპტაციის უნარი და ლიდერობის პოტენციალი.

პროექტის ორგანიზატორთა ინფორმაციით, HMC-ის სტიპენდიის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლე სწავლობს პრესტიჟულ კერძო სკოლაში, ცხოვრობს სკოლის საერთო საცხოვრებელში, მოსწავლე სარგებლობს სკოლისა და სახლის ექიმის მომსახურებით. მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ბრიტანულ კულტურას და გაიღრმავოს ინგლისური ენის ცოდნა.

აპლიკაციები მიიღება იმ მოსწავლეებისგან, რომლებიც 2019 წლის პირველი სექტემბრისთვის იქნებიან 16 წლის და არ აღემატებიან 17.6 წელს. ოჯახის წლიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 30 ათას ფუნტ-სტერლინგს.

რეგისტრაცია გრძელდება 2018 წლის 20 ნოემბრამდე. რეგისტრაციის საფასურია 70 ფუნტი-სტერლინგი.

სტიპენდია არ ფარავს ადმინისტრაციულ, მგზავრობისა და ვიზის ხარჯებს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com