მთავარი,სიახლეები

მერიის მიერ დახარჯული 40 ათასი ლარი სახლისთვის, სადაც არ იცხოვრება

29.09.2018 • 3490
მერიის მიერ დახარჯული 40 ათასი ლარი სახლისთვის, სადაც არ იცხოვრება

„ჩემი სახლი ისტორიულია, 1902 წელს არის აშენებული, აქ აღარ იცხოვრება,“ – ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი ხათუნა გოგიძემ, როცა მის სახლში მივედით. აქ, ახვლედიანის #15-ში, ხათუნა გოგიძე დათო გორგაძესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. სახლი ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზიანდა. გასული წლის 10 დეკემბერს ახვლედიანის 12-ში მომხდარმა აფეთქებამ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს – ახვლედიანის 15-ში მდებარე კერძო სახლის სახურავი დააზიანა. სახურავი ბათუმის მერიამ აღადგინა.

„აფეთქების დროს მეზობელთან ვიყავი, საშინელი ხმა გავიგონე, მიწისძვრა გვეგონა თავიდან… მოვედი ჩემს სახლთან და ნაომარს ჰგავდა. ჩამტვრეული იყო მინები, იატაკზე ეყარა ნივთები. კედლებს ბზარები ეტყობოდა…“ – იხსენებს 10 დეკებრის ღამეს ხათუნა გოგიძე. მისი თქმით, სახლი ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ საკუთარი თვალით დაათვალიერა და ოჯახმა ზიანის ანაზღაურების დაპირებაც მიიღო.

დავით გორგაძე: „მუშები 27 დეკემბერს მოვიდნენ, წინასაახალწლო დღეებში, სახლს სახურავი გადახადეს და წავიდნენ. მერიაში დავრეკეთ და დავით კასრაძეს ვესაუბრეთ. გვითხრა, 31 დეკემბერი ვადროვოთ და პირველ იანვარს განახლდება მუშაობაო. ვინ მოვიდოდა ახალი წლის დღეებში? თან მუშები მერიის მიერ დაქირავებულ კომპანიას სამტრედიიდან ჰყავდა ჩამოყვანილი. მუშები არ მოვიდნენ, გაწვიმდა, რაღაც იყო გადაფარებული, მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი… დაზიანდა კედლები, იატაკი.“

აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახის თქმით, სახლის სახურავი საბოლოოდ ბათუმის მერიამ 2018 წლის თებერვალში დაასრულა. იგივე დაუდასტურეს „ბათუმელებს“ ბათუმის მერიაში, თუმცა ვერ გვიპასუხეს, ვისი ბრალეულობით დაზიანდა ისტორიული სახლის კედლები, ან იატაკი? რატომ უნდა გადაიხადოს ზიანი მერიამ ბიუჯეტის ხარჯზე იმის გამო, რომ სახლი წვიმაში სახურავის გარეშე დატოვეს?

„ახვლედიანის ქ. #12-ში მომხდარი აფეთქების გამო, #15-ში დაზიანებული სახლის სახურავის სარემონტო სამუშაოები 27 დეკემბერს დაიწყო და 2 თებერვალს დასრულდა. სამუშაოების ღირებულებამ 40 ათას 947 ლარი შეადგინა. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ოჯახი გაყვანილი იყო ქირით. იმის გამო, რომ სახურავის სარემონტო სამუშაოების წარმოებისას ბინაში წვიმის წყალი ჩავიდა, შედგა დეფექტური აქტი. შეფასების დოკუმენტი შეადგინა ა(ა)იპ ,,ბათუმის კორპუსის” წარმომადგენელმა. შეფასდა აქტის შედგენის დროისთვის არსებული მდგომარეობა, რაც გამოხატული იყო იატაკის დაზიანებით. აქტის საფუძველზეც, ივნისის თვეში ოჯახს მერიისგან გამოეყო 2 264 ლარი (იატაკის სარემონტო სამუშაოებისთვის). გარდა ამისა, ოჯახს დამატებით გაეწია დახმარება სამშენებლო მასალით. ამასთან, ივლისის ჩათვლით ოჯახს ყოველთვიურად ერიცხებოდა ბინის ქირა, თვეში 700 ლარის ოდენობით,“ – მოგვწერეს ბათუმის მერიის პრესსამსახურიდან.

„ამ სამშენებლო მასალებს მივუტან და დავუყრი წინ მერიას, ესაა ზიანის ანაზღაურება?“ – კითხულობს დავით გორგაძე. ამბობს, რომ მერიას განსაკუთრებულ არაფერს სთხოვს და სახლის იმ მდგომარეობაში ჩაბარება სურს, რაც 10 დეკემბრამდე იყო.

დავით გორგაძე ფიქრობს, რომ წინასაახალწლო დღეებში სახლს სახურავი ჟურნალისტებისთვის თავის მოსაწონებლად გადახადეს. „მოვიდნენ და ისაუბრეს, ახალი წლის ღამეს უკვე განახლებული ჭერი ექნება ამ ოჯახსო,“ – იხსენებს დავითი.

„დაზიანდა მთელი ელექტროგაყვანილობა, ქვის „კარნიზები“… ჭერიც ჩამოვარდა. სახურავი ისე აღადგინეს, რომ ჭერის სიმაღლე 3.35-მდე შემცირდა, მანამდე – 4 და 20 იყო. ეს არის ვანდალიზმი. ზარალი რომ მოგვადგა, ეს ფაქტია, მერია ივლისის თვის ჩათვლით ქირის ფულს გვიხდიდა, თვეში 700 ლარს. ახლა ჩვენ ისევ ქირით ვცხოვრობთ, რადგან აქ ცხოვრება შეუძლებელია,“ – ამბობს ხათუნა გოგიძე.

ოჯახს ასევე აინტერესებს, ვინ შეაფასა ზიანი, რაც  სახლის სახურავის გარეშე დატოვებამ დადგა, აღწერა თუ არა ვინმემ, რა თანხა სჭირდება ზარალის ანაზღაურებას.

„წერილს წერილზე ვწერთ მერიაში. რამდენჯერმე წარმომადგენელი გამოუშვეს, გაგვესაუბრებოდა  და მიდიოდა. საბოლოოდ, ეს 2 ათასი ლარი ჩაგვირიცხეს,“ – გვითხრა ხათუნა გოგიძემ.

ბათუმის მერია: „მობინადრემ წინასწარ იცოდა, რა რაოდენობის თანხა ჩაერიცხებოდა ზარალის ასანაზღაურებლად, მას დამატებით ჩაერიცხა 1 თვის (ივლისის) ბინის ქირა. პირად საუბარში დავით გორგაძე დათანხმდა შეთავაზებულ პირობებს, რის შემდეგაც მოხდა საკომპენსაციო თანხის ჩარიცხვა. თუკი მისთვის ეს თანხა მიუღებელი იყო, შეეძლო მოეთხოვა დამატებითი ექსპერტიზა. მერიის მიერ ჩატარდა ორი ექსპერტიზა: 1. შენობის მდგრადობის შემოწმებასა და 2. გადახურვის სამუშაოების შესრულებაზე,“ – განმარტავენ ბათუმის მერიაში.

ექსპერტიზის დასკვნები დაზარალებული ოჯახისთვის უცნობია.

„სამართლებრივად რომ ვიდავოთ, ამ დროისთვის ხელში არაფერი გვაქვს. ჩვენ ბათუმის მერი დაგვპირდა, რომ ყველაფერი გაკეთდებაო და ვენდეთ ბათუმის მერიას. რეალობა ესაა, აქ ცხოვრებას გვთავაზობენ,“ – აღნიშნავს ხათუნა გოგიძე.

ახვლედიანის 15-ში მდებარე სახლს ფასადზე ქვის აბრა აქვს – 1902. ხათუნას და დათოს თქმით, სახლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი არ აქვს, მაგრამ სახლის და განსაკუთრებით ბუხრის სიძველით ბევრი ტურისტი დაინტერესებულა.

„წელს ტურისტებიც ვერ მივიღეთ, ბევრი უცხოელს შეუყვარდა ჩვენი სახლი. გარედან შენობაზე საწვიმარი მილებიც ისეთი გაგვიკეთეს, რომ დაუშნოვდა სახლი, ეს ლამაზია?“ – მეკითხება დავით გორგაძე და ქუჩის მეორე მხარეს გადავყევარ, რომ შორიდან დავინახოთ ახალი საწვიმარი მილები ისტორიულ სახლზე.

აფეთქებული სახლის ნაცვლად ახალი სახლის მშენებლობა ახვლედიანის 15-ში რამდენიმე თვეში უნდა დაიწყოს. ამისთვის შპს „ბილდსმორიას“ ბათუმის მერიამ ბაგრატიონის #127-ში 5429 კვ/მ მიწის ნაკვეთი 575 850 ლარად იმ პირობით მიჰყიდა, რომ მყიდველმა ახვლედიანის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლის ცხრა მესაკუთრისთვის იმავე ტერიტორიაზე სამსართულიანი სახლი უსასყიდლოდ  უნდა ააშენოს.

რატომ აფეთქდა ბუნებრივი აირი ახვლედიანის 15-ში? – გამოძიებას ამ კითხვაზე 9 თვის გასვლის მიუხედავად პასუხი არ აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ საქმეზე ისევ მიმდინარეობს გამოძიება და საგამოძიებო მოქმედებები.

რა ინფორმაცია აქვს ხალხს აფეთქების შესახებ?

ხათუნა გოგიძის თქმით, ბუნებრივი აირი რუსუდან ვარონინას ბინაში აფეთქდა. „აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე ამ ქალმა რამდენჯერმე დაურეკა „სოკარს“ და დახმარება ითხოვა. „სოკარიდან“ არავინ მოსულა. კორპუსში გაზის სუნს გრძნობდნენ სხვებიც და როგორც ვიცი, სხვებსაც აქვთ მიმართული „სოკარისთვის“ აფეთქებამდე. გამომძიებლებმა თქვეს ვერსიაც, რომ თითქოს აფეთქება იმან გამოიწვია, რომ თაგვმა ბუნებრივი აირის მილი დააზიანა,“ – ამბობს ხათუნა გოგიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: