მანანა რატიანი: ხუთი ათასზე მეტი მასწავლებელი სტატუსს შეიცვლის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, მანანა რატიანის ინფორმაციით, 5 ათასზე მეტი პედაგოგი სტატუსს შეიცვლის.

„ახლა მიმდინარეობს  შეფასების ჯგუფის შედეგების აპელაციები და როცა დასრულდება, გვექნება საბოლოო სურათი, თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენ სტატუსები მივანიჭეთ მასწავლებლებს, რომლებიც აგვისტოს ჩათვლით სკოლებს ჰყავდათ წარმოდგენილი სტატუსის ცვლილებაზე. ამავდროულად, სექტემბერში წარმოდგენილი 1 100 მასწავლებლის წინადადება გვაქვს უკვე ცენტრში და შესაბამისად, მათთვისაც სტატუსის მინიჭება დასრულდება მომდევნო კვირის ბოლოს“.

მანანა რატიანის ინფორმაციით, პედაგოგების სტატუსებთან დაკავშირებული მაჩვენებელი ამ დროისთვის ასეთია:

  • უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა უკვე 3 512 მასწავლებელს
  • წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა 172 მასწავლებელს
  • მენტორის სტატუსი მიენიჭა 19 მასწავლებელს

„ამ რაოდენობას ოქტომბრის თვეში კიდევ დაემატება 1 100 მასწავლებელი და მთლიანობაში  5 000-მდე მასწავლებელი გვეყოლება, რომლებმაც აიმაღლეს სტატუსი. გარდა ამისა, გვყავს 280 მასწავლებელი, რომლებმაც საგნობრივ გამოცდებზე დააგროვეს 10-10 კრედიტქულა და მათაც ასევე შეეცვლებათ სტატუსი“.

მანანა რატიანის ინფორმაციით, მასწავლებლის საგნობრივ გამოცდებზე 1 346 მასწავლებელმა ნაწილობრივი (1,4,7) კრედიტქულა მოიპოვა.

„ჯერ არ ვიცით, მათგან რამდენია სტატუსის ცვლილებისთვის მზად. ოქტომბრის პირველ კვირას მათთვის სპეციალურად გავხსნით ვადებს, იმიტომ, რომ დაგვიანდა მათთვის კრედიტქულების მინიჭება და მათაც ექნებათ შესაძლებლობა წარმოადგინონ სტატუსის ცვლილებაზე სკოლებმა,“ – გვეუბნება ის.

მანანა რატიანის თქმით, საბოლოო ჯამში, წლის ბოლომდე დაახლოებით 6 ათას მასწავლებელს ექნება სტატუსი შეცვლილი.

როგორც ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, სტატუსშეცვლილი პედაგოგები გაზრდილ ხელფასს სტატუსის მინიჭების შემდეგ აიღებენ.

„ვისაც სექტემბრამდე ჰქონდა განაცხადი წარმოდგენილი და მივანიჭეთ ახალი სტატუსი, სექტემბერშივე აიღებენ გაზრდილი ხელფასის ნახევარს, ხოლო სექტემბერში ვინც წარმოადგინა განაცხადი, ისინი გაზრდილ ხელფასს მიიღებენ ოქტომბერში“.

მანანა რატიანის თქმით, გაზრდილია პედაგოგების აქტივობებიც.

„აისქულის“ ბაზას რომ გადავხედეთ, 120 ათასზე მეტ აქტივობაზე მტკიცებულება იყო ატვირთული, რაც ნიშნავს, რომ სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა წელს და საინტერესოა ასევე, სტატუსების მიხედვით როგორ აქტიურობდნენ მასწავლებლები“.

ატვირთული მასალების მიხედვით, როგორც მანანა რატიანი გვეუბნება, აქტიურობდა პრაქტიკოსი მასწავლებლების 67 პროცენტი, უფროსი და წამყვანი მასწავლებლების კი – 80 პროცენტზე მეტი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com