„დედას ჰგონია, რომ გავთხოვდი, სინამდვილეში თავშესაფარში ვარ“ – ქალების ისტორიები

მახინჯაურის დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ის მარტოხელა დედები ცხოვრობენ, რომელთა შვილებსაც მამის გვარი არ აქვთ. ახლა თავშესაფარში 9 დედა და 13 ბავშვია. თუმცა თავშესაფარში ადგილების რაოდენობა იზრდება და 2019 წლიდან აქ კიდევ 20 ბენეფიციარის მიღებას შეძლებენ. თავშესაფარში მცხოვრებ ქალთა უმრავლესობა დასაქმებულია.

მშობლებს ხშირად რცხვენიათ ქორწინების გარეშე დაორსულებული შვილების შინ მიყვანის, შედეგად ბევრი დედა ქუჩაში რჩება პატარასთან ერთად. ასე ხვდებიან დედათა და ბავშვთა თავშესაფარში. თუმცა ზოგიერთ ბენეფიციარს მშობლის სახლში ცხოვრება შეუძლია, მაგრამ თავადვე ურჩევნია თავშესაფარში ყოფნა, რადგან ოჯახს ბავშვის რჩენის საშუალება არ აქვს. იყო შემთხვევა, როცა ქალმა სოლიდურ ასაკში შეგნებულად გააჩინა შვილი, რისთვისაც ის ძმამ სახლიდან გამოაგდო და არაფერი მისცა. ქალი თავშესაფარში აღმოჩნდა, შემდეგ კი – გათხოვდა. თავშესაფარში მცხოვრებ ქალებს სხვადასხვა ისტორია აქვთ.

 

„დედას ჰგონია, რომ გავთხოვდი და ქმარი მყავს, სინამდვილეში თავშესაფარში ვცხოვრობ,“ – მარიამი, 34 წლის

„ბათუმელი ვარ, 7  წელი თბილისში ვიყავი, ვმუშაობდი, შეყვარებული მყავდა, ვიცნობდი მის ოჯახს, ნათესავებსაც. ერთი წამითაც ვერ წარმოვიდგენდი მაშინ, რომ ეს ადამიანი საბოლოოდ საკუთარ შვილს არ მიიღებდა და თავშესაფარში აღმოვჩნდებოდი. თვითონ, დედამისი და მისი დები მემუქრებოდნენ, მაიძულებდნენ აბორტი გამეკეთებინა. მათგან არაფერი მინდოდა და შვილს მარტოც გავზრდიდი, მაგრამ მაინც უარზე იყვნენ. უსუსურ არსებად იქცა ჩემი შეყვარებული. ხელიც გამარტყა, როცა აბორტზე უარი ვთქვი.

თვითონ იეზიდი იყო, მე ქართველი ვარ. აღმოჩნდა, რომ ქართველი რძალი არ უნდოდათ ოჯახში, ტრადიციები უკრძალავთ დაქორწინებას უცხოზე. ორსულმა კარგა ხანს ვიცხოვრე თბილისში მარტო. მეგობრები მეხმარებოდნენ ქირის გადახდაში, პროდუქტები მოჰქონდათ, ექიმებთან მატარებდნენ… შორეული ნაცნობებიც მეგობრებად მექცნენ იმ პერიოდში…

ჩემი მშობლები აქვე, ბათუმში ცხოვრობენ და ვერაფერს ვამხელ. ჰგონიათ, რომ გავთხოვდი და თბილისში ვცხოვრობ. ასაკოვანია დედაჩემი და არ მინდა ვანერვიულო. ვიცი, დარდს ვერ გადაიტანს. ქალაქში ნიღბით გავდივარ, ნათესავებმა რომ ვერ მიცნონ. ძმა მთხოვს შინ მივიდე და იქ ვიცხოვრო, მაგრამ დედასთან ბავშვს ვერ გავზრდი, შვილი ჩემთვის სიხარულია და არ მინდა ის დედაჩემის დარდის მიზეზად იქცეს, თანაც  პამპერსი, წამლები, კვება… სახლში არ მაქვს ის პირობები, რაც აქ არის. მინდოდა მონასტერში წავსულიყავი, მაგრამ მერე უცებ ეს თავშესაფარი გამოჩნდა“.

„20 წლამდე მამას ჩემთვის ხელი არასდროს დაურტყამს, ოთხი თვის ორსულს დამარტყა,“ – ქეთი, 21 წლის

დანიშნულები ვიყავით, მალე ქორწილი უნდა გვქონოდა, ნიშნობის მერე დავორსულდი და ქორწილი ჩაშალა. ორი თვის ორსული მოვედი თავშესაფარში. როცა ბავშვი დაიბადა, დავურეკე და ვუთხარი, შენი შვილი დაიბადა და ნახვა არ გინდა-მეთქი? მე გეუბნებოდი აბორტი გაგეკეთებინა და რახან გააჩინე, როგორც გინდა ისე მოუარეო, მითხრა. გამითიშა. ძვლის ტვინის სიმსივნე აქვს. ქიმიოთერაპიას იკეთებს და ექიმები ეუბნებიან, რომ ორი წლის სიცოცხლე აქვს დარჩენილი. წავიდა და თურქეთში მუშაობს. მე 21-ის ვარ, ჩემი შვილის მამა – 28 წლის. ორი წელი ვიყავით შეყვარებულები. თავიდანვე ვეუბნებოდი, რომ სექსი არ გვექნებოდა ქორწილამდე. რახან დავინიშნეთ, ჩავთვალე, რომ შეგვეძლო უკვე ერთად ყოფნა – დავაშავე.

მამამ როცა ჩემი ორსულობის შესახებ ჩემი დისგან შეიტყო, დამირეკა და მითხრა ჩემი ფეხით გადავმხტარიყავი ზღვაში. 20 წლამდე მამას ჩემთვის ხელი არასდროს დაურტყამს. ოთხი თვის ორსულს დამარტყა.

34 წლის და მყავს, ორი შვილი ჰყავს, თბილისში ცხოვრობს. ერთხელაც არ ვუნახივარ. ერთადერთი, ვინც აქ მნახულობს, დედაჩემია. ფეხმძიმედ რომ ვიყავი, მამიდაჩემი, მამაჩემი და ბებიაჩემის და ექიმთან წავიდნენ, რომ აბორტზე შეთანხმებულიყვნენ. დედაჩემს არ უნდოდა, ბავშვი მომეშორებინა, მაგრამ მათ ვერ შეეწინააღმდეგა. დიდი ხნის ორსულის აბორტზე უარი თქვეს ექიმებმა. დაბრუნდნენ ჩემი ოჯახის წევრები და მითხრეს, რომ გამოჩნდა მდიდარი ოჯახი, რომელიც ცხრა თვე მომივლიდა, არაფერს მომაკლებდა, მერე გაჩენილ ბავშვში გადამიხდიდნენ ფულს, იმდენს, რამდენსაც მოვითხოვდი. ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდათ: ბავშვი არასდროს აღარ უნდა მომეკითხა.

ვთქვი, რომ შვილს არავის მივცემდი. ვერ დავიტანჯავდი მთელი ცხოვრება თავს იმაზე ფიქრით, თუ სად იყო ჩემი შვილი. ვერ ვიცხოვრებდი მთელი ცხოვრება დანაშაულის გრძნობით. არ მჭირდებოდა ასეთი ფული. მეორე დღეს ჩაჯდა მანქანაში მამაჩემი და წავიდა. მამა დედაჩემს აბრალებს ჩემს ამბავს ,,ვერ გაზარდეო“. ექვსი თვეა დედაჩემი არ უნახავს, აღარც ტელეფონით შეხმიანებია.

ორივე მამიდა ჩამოვიდა ორსულად რომ ვიყავი, ჯერ არდაბადებულ ბავშვს წყევლიდნენ და დედაჩემს ეჩხუბებოდნენ, რატომ გიზის ეს სახლში, გააგდე, მერე რა, რომ ორსულადააო.

სკოლა დავამთავრე. ატესტატი მაქვს, პროფესია – არა. ჯერ ბავშვს ვზრდი, სანამ ორი წლის არ გახდება და ბაგაში არ წავიყვან, ვერაფრის კურსებზე ვერ ვივლი. პატარაა, ჩემს გარდა ვერავინ მოუვლის.

„სტერეოტიპია, რომ ოჯახი ჰქვია დედას, მამას და შვილს. მე და ჩემი შვილიც სრულყოფილი ოჯახი ვართ,“ – ევა, 34 წლის

34 წლის ვარ. დედა 23 წლისას გარდამეცვალა, მამამ ცოლი მოიყვანა, დედ-მამიშვილებიც დაქორწინდნენ. სრულიად მარტო დავრჩი. მერე ჩემი შვილის მამა გავიცანი და 3 წელი ერთად ვცხოვრობდით. როცა დავორსულდი, თავიდანვე არ ესიამოვნა, მაგრამ მაინც გავაჩინე, დავშორდით. ჩემი ინიციატივა იყო შვილი მყოლოდა.

შვიდი თვისას აბორტისკენ მომიწოდებდნენ ოჯახის წევრები. ყველასთან გავწყვიტე კავშირი, ერთხელაც არავისთვის დამირეკავს დახმარების სათხოვნელად. არც მათ. ორი წლის შემდეგ თავად მომძებნეს და მოვიდნენ. როცა ყველაზე ძალიან გჭირდება ახლობლები და შენ გვერდით შეგნებულად არ დგანან, მერე ყველაფერი ცივდება. თუნდაც მშობლებთან, და-ძმებთან. მათ მიმართ აღარაფერს ვგრძნობ. შეგნებულ ასაკში გავაჩინე შვილი, მერე რა, რომ ქმართან არ ვცხოვრობ? რომელი კაცი გამოიჩენდა ჩემნაირ სიძლიერეს? – ვერავინ.

სტერეოტიპია, რომ ოჯახი ჰქვია დედას, მამას და შვილს. მე და ჩემი შვილიც სრულყოფილი ოჯახი ვართ.

რამდენი ოჯახია, რომ სახელად ჰყავთ ბავშვებს მამა, რომელიც არაფერში ეხმარება ცოლ-შვილს და ოჯახისთვის მხოლოდ სტრესი მოაქვს.

მარტოხელა დედები არ ჩანან არც ტელევიზორში, არც საარჩევნო კამპანიებისას პროგრამებში, ტელევიზიასაც რამდენჯერ ვთხოვე მივეწვიეთ ჩვენს პრობლემებზე სასაუბროდ, მაგრამ ამაოდ. მას შემდეგ, რაც ბავშვი გაიზრდება, სახელმწიფო გვთავაზობს თავშესაფარი დავტოვოთ, მინდობით აღსაზრდელად გადავცეთ შვილები და სამსახური ვიპოვოთ ბინის შესაძენად. თავშესაფრიდან წასვლა და მერე ცხოვრების აწყობა ძალიან რთული, გარდამავალი პროცესია, კარგი იქნებოდა „იაფი სახლის“ პროგრამაში მაინც იყოს მარტოხელა დედები პრიორიტეტულ ჯგუფად მიჩნეული, რომ სახლის ყიდვა შეღავათით შევძლოთ. ჩვენი დირექტორი ნანა საყვარელიძე ამისთვის იბრძვის“.

თავშესაფარში მარტოხელა დედები და ბავშვები უზრუნველყოფილები არიან კეთილმოწყობილი ოთახებით, სეზონისთვის შესაფერისი სამოსით, ოთხჯერადი კვებით და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებით.

„ჩვენი მიზანი მარტოხელა დედების არა მხოლოდ დროებით შეფარება, არამედ მათი საზოგადოებაში ინტეგრაციაა. ეს ნიშნავს, რომ დავეხმაროთ მათ პროფესიის დაუფლებაში, გადავამზადოთ, დასაქმებაში შევუწყოთ ხელი. საბოლოოდ მათ ცხოვრება დამოუკიდებლად უნდა განაგრძონ,“ – ამბობს თავშესაფრის დირექტორი, ნანა საყვარელიძე.

მარტოხელა დედათა თავშესაფარს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს. გარდა ამისა, თავშესაფარი საგრანტო პროგრამებსა და სხვადასხვა პროექტშია ჩართული.

როგორც აქ გვეუბნებიან, თავშესაფარში ცხოვრების მსურველი ძალიან ბევრია, მაგრამ აქ მეტის ადგილი ფიზიკურად არ აქვთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თამუნა ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან