მთავარი,სიახლეები

„ხედის დამახინჯებას ჩვენც განვიცდით“- ჯიხური ლითონის ბოტასებთან ბულვარში

14.08.2018 • 8577
„ხედის დამახინჯებას ჩვენც განვიცდით“- ჯიხური ლითონის ბოტასებთან ბულვარში

ბათუმის ბულვარში, პლაჟთან, სასეირნო ბილიკზე, ლითონის მწვანე ფერის ბოტასები 2012 წელს განათავსეს. ლითონის სკულპტურის დიზაინერი დავით გოგობერიშვილია. მწვანე ბოტასებთან საკმაოდ ხშირად იღებენ ფოტოებს როგორც ტურისტები, ასევე ადგილობრივები.

მანამდე, სანამ ბოტასების გვერდით რკინის ჯიხური გაჩნდებოდა, ბოტასების ირგვლივ ზღვის ხედი იშლებოდა. ცოტა ხნის წინ კი, მწვანე ბოტასები თითქმის რკინის ჯიხურის კარებთან აღმოჩნდა. ლითონის მწვანე ბოტასების გვერდით რკინის ჯიხურის გარდა სხვადასხვა კონსტრუქციაც არის განთავსებული.

როგორც „ბათუმელებს“ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში უთხრეს, სკულპტურისა და ხედის დამახინჯებას თვითონაც განიცდიან, თუმცა მოიჯარესთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

„ეგ თემა ჩვენთვისაც მტკივნეულია და ვეცადეთ პრობლემის გადაჭრას, მაგრამ ვერ შევძელით, რადგან ჩვენი კომპეტენციის მიღმაა.

ეგ ტერიტორია 49-წლიანი იჯარით აქვს აღებული სასტუმრო „კემპინსკის“, იჯარის ხელშეკრულება კი გაფორმებულია ბათუმის მერიასთან და შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობა მათ შორის ყალიბდება. ბულვარის ადმინისტრაციას იურიდიული შეხება არ აქვს ამ თემასთან,“ – ამბობს, გოჩა მჟავანაძე, „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.

მისი თქმით, ბათუმის ბულვარის მთლიანი მესაკუთრე არის მერია და ბულვარს მხოლოდ სარგებლობის უფლებით აქვს გადაცემული გარკვეული ტერიტორიები.

„ჩვენ რასაც განვკარგავთ, იმ ტერიტორიებზე ცხადდება აუქციონები და მოიჯარეების ფუნქციები მკაფიოდ და ნათლად არის გაწერილი, ასევე მიზნობრიობა“, – ამბობს გოჩა მჟავანაძე.

„ბათუმელები“ ბათუმის მერიასაც დაუკავშირდა. კითხვაზე, აქვს თუ არა მერიას გაწერილი, თუ რისი უფლება აქვთ მოიჯარეებს ბულვარის ტერიტორიაზე და რისი არა? –  მერიაში გვითხრეს: „მოიჯარეს დღეს მიეცა გაფრთხილება, რომ რკინის კონსტრუქციის ადგილმონაცვლეობა გააკეთოს“.

ხედი ლითონის ბოტებიდან რკინის ჯიხურის განთავსებამდე.
ფოტო: ხათუნა ქორიძის ფეისბუკგვერდიდან

ხედი ახლა, რკინის ჯიხურის და სხვადასხვა კონტრუქციების განთავსების შემდეგ.

რკინის ჯიხური, ლითონის მწვანე ბოტასების გვერდით ფოტო: ბათუმელები

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: