94 ათასი ლარი აჭარის ტელევიზიის შენობისთვის – შენობას კმდს გაარემონტებს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს [კმდს] ბათუმში, მ. აბაშიძის ქ. N41-ში მდებარე შენობის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტში 94 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. შენობა, რომელშიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაა განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

კმდს სამუშაოებს ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, სადაც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 29 აგვისტოს დაიწყება და 3 სექტემბერს დასრულდება.

სატენდერო პირობების მიხედვით, შეკეთდება შენობის სახურავი, გარემონტდება მანსარდული სართული და კიბე.

ხარჯთაღრიცხვაში ასევე აღნიშნულია, რომ დაგეგმილია შენობის მთავარი ფასადისა და აივნების დამუშავება, შეღებვა და სხვა სამუშაოები, რაც, როგორც სააგენტოში გვითხრეს, აღნიშნული ტენდერის ფარგლებში არ განხორციელდება: „ხარჯთაღრიცხვაში ალბათ ცვლილება შევა და შესაძლოა ეს სამუშაოები შემდეგ ტელევიზიამ დააფინანსოს ცალკე, თუმცა, ფასადთან დაკავშირებით სააგენტოსთან რაიმე შეთანხმება ჯერ არ არის და შესაბამისად, ამ ეტაპზე არც ნებართვაა გაცემული“.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2008 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს:

  • მინიმუმ ორი ურბანული სახეობის უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების გამოცდილება;
    მინიმუმ ერთი ურბანული სახეობის უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების გამოცდილება, რომლის ღირებულება აღემატება 20 000 ლარს;
    ასევე, ურბანული სახეობის უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების გამოცდილება მინიმუმ 50 000 ლარის ოდენობით.

პრეტენდენტმა სატენდერო კომისიას უნდა წარუდგინოს ინფორმაცია სამუშაოებში მონაწილე არქიტექტორის შესახებ СV სახით: „პროექტში მონაწილე არქიტექტორს უნდა გააჩნდეს ურბანული სახეობის უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მინიმუმ 5 სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის გამოცდილება“.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დასრულდეს.

განმარტებითი ბარათი სატენდერო დოკუმენტაციიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com