წვიმასა და სიცხეში ღია ცის ქვეშ – სარფის საბაჟო მოსაცდელების გარეშე (ფოტო/ვიდეო)

ავტორი: აიდან იუსუბოვა

სარფის საბაჟოზე როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის მხარეს მგზავრებს ხშირად უწევთ ხანგრძლივი ლოდინი. სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი, როგორც წესი, დიდ ხანს გრძელდება, რის გამოც მგზავრები წვიმიან და მზიან ამინდში საათობით ელოდებიან ტრანსპორტს ღია ცის ქვეშ.

სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის საქართველოს მხარეს 2011 წელს აშენებულ შენობაში  მოსაცდელი ადგილები მგზავრებისთვის არასაკმარისია, გარდა ამისა, დერეფნიდან  შეუძლებელია ტრანსპორტის კონტროლი. ამიტომ მგზავრები ხშირად აქ არ ჩერდებიან და ურჩევნიათ  ღია ცის ქვეშ დაელოდონ ტრანსპორტს.

ანალოგიური ვითარებაა სარფის საბაჟოზე, თურქეთის მხარესაც. იქ დადგმული მოსაცდელების რაოდენობა არ არის საკმარისი, ამიტომაც მგზავრები ღია ცის ქვეშ ჩერდებიან როგორც მაღალი ტემპერატურის, ისე ძლიერი წვიმის დროს.

საბაჟოს თურქეთის მხარეს პრობლემაა საპირფარეშოების არარსებობაც, ასევე მოუწესრიგებელი ნაგვის ურნები, რაც ქმნის ანტისანიტარიას.

როგორც საქართველოს, ისე თურქეთის მოქალაქეები ამბობენ, რომ ეს სასწრაფოდ შესაცვლელია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.