მთავარი,სიახლეები

სახელმწიფო ქონებისა და ფულის უკანონო გამოყენების და მითვისების რისკები აჭარაში

25.07.2018 • 3291
სახელმწიფო ქონებისა და ფულის უკანონო გამოყენების და მითვისების რისკები აჭარაში

არასწორი ფინანსური აღრიცხვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში; სახელმწიფო ქონების უკანონო გამოყენების ან გასხვისების, ასევე სახელმწიფოს, ორგანიზაციის კუთვნილი, თუ გრანტის სახით მიღებული სახსრების შესაძლო არამიზნობრივი გამოყენებისა და მითვისების რისკები ამავე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანად ხარჯვა – ეს ის საკითხებია, რომლებზეც სახელმწიფო აუდიტმა თავის ანგარიშში მიუთითა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქციებისა და სხვა კაპიტალის ნაშთი 2017 წელს 136 389 045 ლარს შეადგენდა, რაც 4 872 309 ლარით, არაზუსტად [გაზრდილად] არის წარმოდგენილი. „ეს გამოწვეულია ფინანსურ აღრიცხვასთან დაკავშირებული სუსტი შიდა კონტროლის სისტემით, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ფინანსური აღრიცხვის დოკუმენტების დანიშნულებისამებრ დროულ მიწოდებას“, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია ასევე, რომ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უსასყიდლოდ, არსებობის ვადით, მართვის უფლებით გადაეცა, აჭარის საკუთრებაში არსებული რამდენიმე შპს [100%-იანი წილები]: „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ – 3 449 997 ლარის საწესდებო კაპიტალით; „ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი“ – 1 210 048 ლარის საწესდებო კაპიტალით; „N1 პოლიკლინიკა“ – 188,364 ლარის საწესდებო კაპიტალით და „სამედიცინო განათლება“ – 23 900 ლარის საწესდებო კაპიტალით. თუმცა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საფინანსო სამსახურის მიერ, ფინანსურ აღრიცხვაში ცვლილებები არ არის განხორციელებული.

ამავე სამინისტროს ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის შეტანილი გრანტის სახით მიღებული 1 425 კვ.მ შენობა-ნაგებობები, რაც, აუდიტის შეფასებით, არასწორი ფინანსური აღრიცხვის შედეგია.

კერძოდ: სსიპ – ბათუმის ბულვარს, 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების შესაბამისად, გრანტების სახით მიღებული აქვს ძირითადი აქტივები. მათ შორის, ქალაქ ბათუმის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემულია 229 116 კვ.მ ფართობის, 81 086 580 ლარის ნორმატიული ღირებულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, თუმცა, ამავე ხელშეკრულებებით გადაცემული 1 425 კვ.მ შენობა-ნაგებობა არ არის შეფასებული და აღრიცხული ბულვარის ბალანსზე.

აუდიტის დასკვნით, „მნიშვნელოვანია, სრულად აღირიცხოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში თუ სარგებლობაში არსებული აქტივები… აღრიცხვაში მათი გამოტოვება და აქედან გამომდინარე, კონტროლის არარსებობა, წარმოშობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უკანონო გამოყენების ან გასხვისების შესაძლებლობას“.

აჭარის სავაჭრო – სამრეწველო პალატის, 2017 წლის ბალანსის დანართ ფორმაში, არასაბიუჯეტო საქმიანობით მიღებული ფაქტობრივი შემოსავლი 45 165 ლარს შეადგენს, რაც 1 716 ლარით მეტია საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებზე. ამასთან, გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება წარმოებს ნაღდი ანგარიშსწორების წესით და სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის აღრიცხვისთვის არ გამოიყენება სალაროს წიგნი, არ არის განსაზღვრული ნაღდი ფულის ნაშთის მოცულობა და არ არის გაფორმებული ხელშეკრულება მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ.

„შესაბამისად, მოქმედი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დაუცველად, ნაღდი ფულის მიღება-ხარჯვა წარმოშობს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრების არამიზნობრივად გამოყენების ან/და მითვისების შესაძლებლობას“, – აცხადებს აუდიტი.

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების შესაბამისად, ამავე დაწესებულების თავმჯდომარის მოადგილის სახელზე დებიტორული დავალიანების სახით ირიცხება 14 424 ლარი, რაც განაპირობა  2010 წელს სარემონტო სამუშაოებისათვის სალაროდან გაცემული თანხის დანიშნულებით გამოყენების სრულყოფილი დოკუმენტების წარმოუდგენლობამ. აუდიტის ინფორმაციით: „2010 წელს ანგარიშქვეშ გაცემული თანხა, 2017 წლისთვის ისევ დავალიანების სახით ირიცხება, თუმცა მისი დაფარვისათვის სავაჭრო-სამრეწველო პალატას რაიმე სახის ღონისძიებები არ გაუტარებია, რაც წარმოშობს სავაჭრო-სამრეწველო პალატის კუთვნილი თანხების მითვისების მიზნით, დავალიანების ხანდაზმულობის მოტივით ჩამოწერის რისკებს“.

გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს წარმომადგენლობასთან [UNDP] პროექტის – „მდგრადი სოფლის მეურნეობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“ განხორციელებასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ა(ა)იპ ბათუმის ბიზნეს ინკუბატორს ფულადი გრანტის სახით მიღებული აქვს 56 700 ლარი.

აუდიტი აღნიშნავს, რომ გრანტის დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით ბიზნეს ინკუბატორის მიერ წარმოდგენილი ანგარიშებით, 55 500 ლარი გამოყენებულია პროექტის ფარგლებში, ფერმერებისა და ფერმერთა კოოპერატივების კონსულტირების მიზნით, დაქირავებული სპეციალისტების მიერ მიწოდებული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისთვის, თუმცა, აუდიტის პერიოდისთვის ვერ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული საკონსულტაციო მომსახურების, შინაარსის, რაოდენობისა და პერიოდულობის შესახებ.

შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტი თვლის, რომ „ვერ მიიღეს რწმუნება გრანტის სახით მიღებული 55 500 ლარის დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა გრანტის სახით მიღებული სახსრების არამიზნობრივ გამოყენებასთან იყოს დაკავშირებული“.

სახელმწიფო აუდიტი თავის ერთ-ერთ ბოლო ანგარიშში კვლავ უბრუნდება აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტს, რომლის საკრედიტო ხელშეკრულებას ხელი 2010 წელს მოეწერა, თუმცა 2017 წელს არც პროექტის განხორციელება დაწყებულა და არც სესხის თანხა იყო ათვისებული.

„შედეგად, ყოველწლიურად სესხის აუთვისებელ ნაწილზე [2,7 მლნ. ევრო] ხორციელდება ვალდებულების გადასახადის გადახდა, აუთვისებელი თანხის 0,5% ოდენობით. 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აღნიშნული სესხის ფარგლებში, ჯამურად გაწეულია 163 522 ევროს ხარჯი, მაშინ როდესაც, პროექტის განსახორციელებლად საკრედიტო რესურსიდან თანხები არ მიუმართავთ. ამასთან,  სესხის დასაბრუნებლად 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული 592 809 ლარის ნაცვლად, გაიხარჯა 7 038 ლარი, რაც გეგმის 1,2% -ს შეადგენს.

აღნიშნული განპირობებულია პროექტის განხორციელებისათვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებული კონტროლის მექანიზმების არარსებობით და სხვადასხვა ეტაპზე ხელისშემშლელი გარემოებებით, რომელთა გადასაჭრელად ქმედითი და დროული ღონისძიებები არ არის გატარებული. შედეგად, ვალდებულების გადასახადის სახით საბიუჯეტო სახსრები არაეფექტიანად დაიხარჯა“, – აცხადებს აუდიტი.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2018 წელს, წინა წლებისაგან განსხვავებით, დაწყებულია და მიმდინარეობს პროექტის განხორციელების სხვადასხვა აქტივობა, კერძოდ: გამოსყიდულ იქნა ნაგავსაყრელი პოლიგონის მშენებლობისათვის საჭირო მიწის ნაკვეთები, შეირჩა მშენებლობის ზედამხედველი კომპანია, განხორციელდა ნაგავსაყრელი პოლიგონის მშენებლობის ტენდერის შეფასების პირველი ეტაპი და შეფასების ანგარიში გადაეგზავნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს. სათანადო პროცედურების შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია და, სავარაუდოდ, მშენებლობა დასრულდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გამარჯვებული კომპანიის გამოვლენაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მუშაობას 2018 წლის სექტემბრიდან გააგრძელებს.

ამ თემაზე:

აუდიტი 5 მილიონის მითვისებასა და თანხის არამიზნობრივად გამოყენებაზე აჭარის საწარმოებში

ვინ და რა პრინციპით ყიდის აჭარის ქონებას

გადაბეჭდვის წესი


ასევე: