მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურში ფინალურ მატჩს მაღაზიებში უყურეს – ასამდე აბონენტს შუქი ამ დრომდე არ მიეწოდება

16.07.2018 • 1956
ხელვაჩაურში ფინალურ მატჩს მაღაზიებში უყურეს – ასამდე აბონენტს შუქი ამ დრომდე არ მიეწოდება

ხელვაჩაურში და ნაწილობრივ ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, აეროპორტის, მახვილაურის, შარაბიძეების, სატეხიისა და ზანაქიძეების დასახლებაში შუქი გუშინ, 15 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე ჩაქრა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, მახვილაურისა და შარაბიძეების დასახლებაში – ნაწილობრივ.

სოფელ ზანაქიძეებში კი, ადგილობრივები ყვებიან, რომ გუშინ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის დაწყების წინ შუქის გამორთვამ ისინი ემოციურადაც დააზარალა:

„რა სჭირს ამ ენერგო-პროს ვერ გავიგეთ, ყველა გაწვიმებაზე და ქარის მოქროლებაზე შუქი უნდა გამოირთოს ჩვენს უბანში? – შევგროვდით მეზობლები და ხალვაშის ქუჩაზე მაღაზიებში წავედით ფეხბურთის საყურებლად.“

„ენერგო პრო ჯორჯიაში“ ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების მიზეზი ვერ დაგვისახელეს: „ჯგუფი გასულია და არკვევს სად არის დაზიანება, ჯერ ვერაფერს გეტყვით“.

არ გვაქვს ასევე პასუხი კითხვაზე, რატომ არ სცადა კომპანიამ შეფერხების მიზეზის გარკვევა გუშინვე.

მოგვიანებით კომპანიის პრესსამსახურიდან დაგვიკავშირდნენ და განმარტეს, რომ დაზიანება უამინდობამ და ჭექა-ქუხილმა გამოიწვია: „დაზიანდა ტრანსფორმატორი. ამ დროისთვის დარჩენილია მხოლოდ ერთი უბანი, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს და დაახლოებით ერთ საათში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: