მჯერა საწოლს არ მივეჯაჭვები – ტრანსგენდერი გოგო საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს

„ბაბუ, დაგვტოვე მარტო და დახურე კარი,“ – თქვა მან და როცა კარის ჭრიალი შეწყდა, გვითხრა, რომ ძალიან დაიღალა.

„არა, ბაბუა დაიღალა უფრო ჩემი მოვლით“, – განაგრძო და ბალიშს მიეყრდნო. 24 წლის ლიკა [სახელი შეცვლილია] ბათუმის შიდსის და ტუბერკულოზის ცენტრში გადის მკურნალობის კურსს. მისი მკურნალობა სრულად ფინანსდება, მაგრამ ლიკა ამბობს, რომ სპეციალური კვება, ჰიგიენური ნივთები, დამატებით მედიკამენტები და რაც მთავარია – მომვლელი სჭირდება, რომელიც მოხუც ბაბუას დროდადრო მაინც ჩაენაცვლება.

„ახლა საწოლიდან წამოდგომაც მიჭირს… დედისთვის არც დამირეკავს, არ მინდა ამ მდგომარეობაში მნახოს. მამას არ უნდა ჩემი ნახვა, არ აინტერესებს, არასდროს აინტერესებდა ჩემი თავი… ბაბუას დავურეკე, როცა ძალიან გამიჭირდა და ის მოვიდა, ის მივლის,“ – გვიყვება იგი პაუზებით, რადგან საუბარი ავადმყოფობის გამო უჭირს. მერე მარჯვენა ხელს უყურებს და ანგარიშობს, უკვე მერამდენე დღეს ატარებს საავადმყოფოში. „როდის გავალ?“ – მეკითხება უცებ და თვითონვე პასუხობს კითხვას ჩუმად: „ეს არავინ იცის… ექიმმა გუშინ თქვა უარესობააო, დღეს თქვა უკეთესად ხარო, მაგრამ სად არის უკეთესობა?“

ლიკა ბათუმელია. გვიყვება, რომ მისი გენდერული იდენტობის შესახებ ოჯახის წევრებმა 14 წლის ასაკში გაიგეს, როცა იგი მეცხრე კლასს ასრულებდა.

„ძალიან გვიჭირდა. ახლობლებმა თბილისში წამიყვანეს, ჩვენ მოვუვლით ამ ბავშვსო… იქ დამინახეს, უცხო ადამიანის მანქანაში რომ ვჯდებოდი. როცა მეძინა, ტელეფონი დაათვალიერეს და… ბათუმში დამაბრუნეს. დედამ ძალიან ინერვიულა, მამამ ქამარი გამოიძრო შარვლიდან და დამარტყა… ერთხელ დამარტყა მხოლოდ, მეტჯერ ვერ გამიმეტა,“ – მიყვება ის და მზერას მარიდებს.

მითხრეს, მონასტერში წახვალო. ხინოს მონასტერში წავედი. მეც კი მინდოდა წასვლა… თავიდან ვიფიქრე, ერთ-ორ კვირას დავრჩები-მეთქი, მაგრამ ისე მომეწონა, წელიწად-ნახევარი დავრჩი. მონასტერში მხოლოდ რადიო გვქონდა, საღამოობით ამბებს ვუსმენდით მე და მამაო… ერთ საღამოს გავიგე, რომ ქვეყანაში ომი დაიწყო, ითქვა, მაღაზიებში საჭმელი აღარ არისო, ვინერვიულე. იმ დღეებში მონასტერში ბევრი პროდუქტი დაგვიგროვდა შემონაწირი, მამაომ კურთხევა მომცა და შენაწირი პროდუქტები ერთ დიდ ჩანთაში ჩავალაგე… ჩამოვედი. საერთოდ რას მოდიოდიო, ასე მითხრეს.

დედა და მამა ერთმანეთს გაშორებული დამხვდა. მე დედასთან წავედი, მაგრამ მერე ისევ მამასთან დავბრუნდი… ბებია და ბაბუა მზრდიდნენ ისედაც. ბებიას და ბაბუას არასდროს არაფერი უთქვამთ ჩემს ორიენტაციაზე. ბებია მალე მოკვდა. ცოცხალი რომ ყოფილიყო, ვიცი, ტრანსიც ძალიან მოვეწონებოდი. მან იცოდა, რომ გეი ვიყავი.

მე ძალადობის მსხვერპლი ვარ, მაგრამ ეს გვიან გავაცნობიერე. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 6 წლის ასაკში გავხდი, როცა მეზობლის ორ ბიჭს ჰქონდა ჩემთან სექსი. დამაშინეს მაშინ და არაფერი მითქვამს.

სკოლა აღარ დამიმთავრებია, კოლეჯში შემიყვანეს. იქ გიდობას მასწავლიდნენ, არ იყო ეს ჩემი საქმე, წამოვედი… რესტორანში დავიწყე მიმტანად მუშაობა და ცალკე გადავედი ნაქირავებში საცხოვრებლად. მამას უკვე მეორე ცოლი ჰყავდა, ნახევარდა მყავს. არავინ არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ ასე მერჩივნა, მარტო.

ბოლო წლებში სექსმუშაკობით ვირჩენდი თავს, სულ ესაა“, – დაასრულა მან და გაღიმება სცადა.

ლიკას ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“ იცავს. საუბრის ბოლოს ლიკამ ანგარიშის ნომერი გვაჩვენა, სადაც ადამიანებს ლიკასთვის თანხის ჩარიცხვა და მხარდაჭერის გამოხატვა შეუძლიათ.

ანგარიშის ნომერი: GE22TB7028445061100037

თანხის მიმღები: მარიამ ქაჯაია, „იდენტობის“ ბათუმის სათემო ცენტრის მენეჯერი 

„აი, ამ ჩემს დათუნიას გადაუღეთ ფოტო… ბაბუამ მომიტანა, ამას წინათ დავაბარე და მომიტანა,“ – მეუბნება ის ბოლოს, ვიდრე კარი ისევ აჭრიალდება და ბაბუა დაბრუნდება შვილიშვილის პალატაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი