რა შეიცვლება ბათუმის სატრანსპორტო სისტემაში

წელს ბათუმის მერია სატრანსპორტო სისტემის ძირეულ გარდაქმნას იწყებს. ბათუმის მდგრადი ურბანული გადაადგილების სტარტეგია,  რომელიც შემუშავდა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის – „მწვანე ქალაქების“ ფარგლებში, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დაფინანსებით, ბათუმის საკრებულომ აპრილში მიიღო.

როგორც ქალაქის მერი აცხადებს, დამტკიცდა მიკროავტობუსების ოპტიმიზაციის გეგმა, რომლის მიხედვითაც, მიკროავტობუსების რაოდენობა 480-დან 250-მდე მცირდება, რისი მიზანიც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს განტვირთავაა.

მოძრაობის განტვირთვის მიზნით, დაგეგმილია ასევე სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემომავალი მიკროავტობუსების მკაცრი ადმინისტრირება ბაგრატიონის ქუჩის გავლით ავტოსადგურში.

ქალაქის ტერიტორიაზე, გონიოსა და ქობულეთის მხრიდან, მოეწყობა რეგიონული ტერმინალები და ტურისტული პარკირების სივრცეები. გონიოს მხრიდან, სამრეწველო ზონაში უკვე გამოიყო ადგილი და დაიწყო რეგიონული ტერმინალის დეტალური პროექტირება.

მიმდინარეობს ავტოპარკის განახლება. ახალი მუნიციპალური ავტოტრანსპორტის პირველი ნაკადი აგვისტოს თვეში შემოვა, წლის ბოლომდე, საერთო ჯამში, ქალაქს დაემატება 40 ერთეული დაბალემისიური და ადაპტირებული ახალი ავტობუსი.

მიკროავტობუსებში, ისევე როგორც მუნიციპალურ ავტოტრანსპორტში, დაინერგება უკონტაქტო გადახდის სისტემა. ქალაქში 6 ადგილზე უკვე დამონტაჟდა შესაბამისი აპარატები, რომელთა მეშვეობითაც ამ ბარათების მიღება უფასოდ იქნება შესაძლებელი.

მიკროავტობუსებისთვის სავალდებულო იქნება GPS სისტემის დამონტაჟება, რომელიც უზრუნველყოფს მონიტორინგს მათ გადაადგილებაზე, ასევე დაინერგება დისპეტჩერიზაციის სისტემა.

დაიწყება ველობილიკების მოწესრიგება და ახალი ველობილიკების მოწყობა. ველოსისტემების განახლება ეტაპობრივად 2019 წლიდან იგეგმება.

ჭავჭავაძის, აბუსერიძისა და აღმაშენებლის ქუჩებზე, გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით, მოეწყობა ავტობუსისთვის გამოყოფილი სპეციალური სავალი ზოლი, ე.წ ,,bus lane“. აღნიშნული სისტემა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე ამოქმედდება.

ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში კი, პარკირების საფასურის საათობრივად გადახდის სისტემა დაინერგება, რომელიც 2019 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება. თუმცა, ტექნიკური საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის შემთხვევაში, შესაძლებელია მისი უფრო ადრეულ ეტაპზე შემოღება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან