უკრძალავენ თუ არა ბათუმის მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებს კონდიციონერის ჩართვას

„მძღოლებს ხელმძღვანელობისგან აქვთ მითითება, რომ პირველ ივნისამდე კონდიციონერები ავტობუსებში არ ჩართონ. თუ დამატებითი ინფორმაციის მიღება გსურთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს ოფისში“, – ასეთი პასუხი „ავტოტრანსპორტის“ ცხელ ხაზზე მოქალაქემ მას შემდეგ მიიღო, რაც, როგორც თავად ამბობს, მგზავრების დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად მძღოლმა N16 მარშრუტზე მოძრავ ავტობუსში, კონდეცირების სისტემა არ ჩართო.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ბათუმის ავტოტრანსპორტს“, სადაც მოქალაქისთვის ცხელ ხაზზე მიღებული პასუხი არ უარუყვიათ. თუმცა, არც ის დაგვიდასტურეს, რომ ასეთი გაფრთხილება მათ ხელმძღვანელობისგან ჰქონდათ.

„ცხელი ხაზის ოპერატორები არ იყვნენ გაფრთხილებული რა უნდა ეპასუხათ ასეთ შემთხვევაში“, – გვითხრეს კომპანიაში და განაცხადეს, რომ კონდიციონერი ქალაქში მოძრავი ავტობუსიდან მხოლოდ 20 ავტობუსს აქვს და ზოგიერთში სისტემა გასამართია.

„მძღოლებს მიეცათ მითითება, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩართონ კონდიციონერი. რაც შეეხება დაზიანებულ სისტემებს, მიმდინარეობს მათი შეკეთება“, – უთხრა „ბათუმელებს“ ბესო დათიაშვილმა, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 26 მაისს, ბათუმში ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსია.

ბათუმის მერიაში რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ე.წ. ვერცხლისფერ ავტობუსებში მოაწესრიგებენ და ჩართავენ კონდიციონერებს. ყვითელ ავტობუსებში კი, კონდიციონერები საერთოდ არ არის.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ტურისტული სეზონის დაწყებისთანავე მუნიციპალური ტრანსპორტი ღამის პირველ საათამდე იმუშავებს.

მთავარი ფოტო: მუნიციპალური ავტობუსი N16, რომლის მძღოლმაც კონდიციონერი, მგზავრების მოთხოვნის მიუხედავად არ ჩართო / 26.05.2018 / როინ გუნდაძის ფოტო

ამავე თემაზე:

როგორი ფერის ავტობუსი უნდა მოძრაობდეს ბათუმში – მერია მოსახლეობის გამოკითხვას აპირებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com