მოსამართლემ ბრალდებულს პროკურორის კრიტიკის უფლება არ მისცა – მიქაუტაძის საქმე

ბრალდებულ თამარ ხაჭაპურიძეს დღევანდელ სხდომაზე მაშინვე შეაწყვეტინა სიტყვა მოსამართლემ, როცა მან პროკურორის კრიტიკა დაიწყო.

“პროკურორმა წინა სხდომაზე იცრუა, რომ…” – დაიწყო სკაიპჩართვაზე ბრალდებულმა, რომელიც ამჟამად ბრიტანეთში იმყოფება.

მოსამართლე: “ქალბატონო თამარ, თქვენ საიდან იცით, რა არის სიცრუე? თქვენ დაადგინეთ?… პროკურორის შეფასების საშუალება თქვენ გექნებათ დასკვნითი სიტყვის დროს”.

გამოძიება თამარ ხაჭაპურიძესა და მის მეუღლეს, კახაბერ ხაჩიძეს, მოსამართლის და ამჟამად უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის ხელყოფის მუქარას ედავება. საქმეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავს.

საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების, თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლესა და ბრალდებულს შორის დაპირისპირება კიდევ ერთმა საკითხმა გამოიწვია: საქმე ეხება ვიდეოკადრების ჩვენებას, რომელიც გონიოს პლაჟის ინციდენტის დროს გიორგი მიქაუტაძის ცოლმა და იმ დროისთვის მთავარი პროკურატურის თანამშრომელმა, მაია კვირიკაშვილმა მობილური ტელეფონით გადაიღო.

გიორგი მიქაუტაძის საქმე

“მე არ მსურს საჯაროდ აჩვენონ კადრები, სადაც ჩემი არასრულწლოვანი შვილი ჩანს. გთხოვთ, დაიცვათ არასრულწლოვნის ინტერესები,” – მიმართა მოსამართლეს თამარ ხაჭაპურიძემ.

“ეს კადრები ინტერნეტში ვინ გაავრცელა, ამას ხომ ვერ მეტყვით?”- უპასუხა ბრალდებულს მოსამართლემ. მან უარი განაცხადა სხდომის დახურვაზე იმ მოტივით, რომ “არასრულწლოვნის სახე მაინც არ ჩანს”.

მოსამართლეს თამარ ხაჭაპურიძემ უთხრა, რომ გონიოს პლაჟის ინციდენტის ამსახველი კადრები თვითონ გაავრცელა, მაგრამ არასრულწლივნის სახის დაფარვით.

დღევანდელ სხდომაზე მოწმეებისთვის არ მოუსმენიათ. პროკურორს მხოლოდ ერთი მოწმე ჰყავდა წარმოდგენილი, რომელსაც პირადობის მოწმობა თან არ ჰქონდა და ჩვენების მიცემის უფლება არ მიეცა. მოწმე შეზლონგების გამქირავებელია გონიოს პლაჟიდან. ის არასრულწლოვნისა და მოსამართლის დაპირისპირებას შეესწრო.

პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა დღევანდელ სხდომაზე წერილობითი მტკიცებულებებიც გამოაქვეყნა. მათ შორის, ფეისბუქში თამარ ხაჭაპურიძის მიერ გამოქვეყნებული პოსტი – გონიოს პლაჟის ინციდენტამდე მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ თამარ ხაჭაპურიძის ადმინისტრაციული დავა განიხილა საპატრულო პოლიციასთან. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კი, თამარ ხაჭაპურიძემ მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს ფეისბუქპოსტით შეურაცხყო.

“ეს იყო თამარ ხაჭაპურიძის მოსაზრება და იგი ვერანაირად ვერ ადასტურებს მის ბრალეულობას ამ საქმესთან დაკავშირებით,” – ამბობს პაატა დიასამიძე, საია-ს იურისტი. იგი სულხან კაპანაძესთან ერთად ბრალდებულების ინტერესებს იცავს.

ადვოკატები ფიქრობენ, რომ პროკურატურა მიზანმიმართულად აკეთებს აქცენტს 2015 წელს გონიოს ინციდენტამდე გამოქვეყნებულ ფეისბუქპოსტზე იმის საჩვენებლად, რომ თითქოს თამარ ხაჭაპურიძე რეალურად იყო დაპირისპირებული მოსამართლესთან და ამ დაპირისპირების შემდეგ გიორგი მიქაუტაძეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სასამართლოს ჯერ არ მოუსმენია გიორგი მიქაუტაძის ჩვენება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ამ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.


საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დეტალები:

გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმის პარალელურად გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზეც მიმდინარეობს. თუმცა, აქამდე არ დაუკითხიათ ამ საქმის მთავარი პირი – თამარ ხაჭაპურიძის და კახაბერ ხაჩიძის  არასრულწლოვანი შვილი. პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა ერთ-ერთი პროცესის შემდეგ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მოზარდის ცემის საქმეზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი – გიორგი მიქაუტაძე დაკითხეს. ამ საქმესთან დაკავშირებით სხვა არაფერია ცნობილი.

სასამართლოს წინა სხდომაზე პროკურორ დავით ხარძეიშვილს მოსამართლემ ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა დაავალა, რაც ამ დრომდე წარმოდგენილი არ არის.

მიქაუტაძის სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმიდან გაუჩინარდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ 13 წლის ბიჭი ნამდვილად ნაცემია. ირკვევა, რომ ეს დასკვნა საქმიდან პროკურორმა ამოიღო შემდეგი მოტივით: ექსპერტიზა მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის საქმეზე კი არა, არასრულწლოვნის ცემის საქმეზე ჩატარდა.

თუმცა, ახლახან, ერთ-ერთ სასამართლოს პროცესზე, მოწმის სახით დაბარებულმა პოლიციელმა განაცხადა, რომ არასრულწლოვანს ექსპერტიზა სწორედ გიორგი მიქაუტაძის საქმეზე ჩაუტარდა. ამ ჩვენების შემდეგ დაავალა მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა პროკურორს, რომ ექსპერტიზის დასკვნა ბრალდებულებს გადასცეს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი